პარლამენტმა საგაზაფხულო სესიები დაასრულა

24 ივნისს მუშაობა დაასრულა საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტმა.ბოლო საგაზაფხულო სესიაზე საკანომდებლო ორგანომ სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშს მოუსმინა და, ასევე, მხარი დაუჭირა ამნისტიის შესახებ აქტის გამოცემას,თუმცა დარჩა მთელი რიგი მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებზეც პარლამენტმა გადაწყვეტილების მიღება ვერ შეძლო. ასეთია, მაგალითად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები, ქორწინების თაობაზე კონსტიტუციაში შესატანი და „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები.

„ჩვენ დავასრულეთ განსახილველი საკითხები, მივიღეთ დაგეგმილი გადაწყვეტილებები და ამით საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის 2016 წლის საგაზაფხულო სესიას დახურულად ვაცხადებ“, - პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის, ამ სიტყვებს, ტრადიციულად, საქართველოს ჰიმნი მოჰყვა და დეპუტატებს არდადეგები დაეწყოთ. როგორც საპროცედური საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს, საშემოდგომო სესიები ოფიციალურად სექტემბრის დასაწყისში განახლდება:

„საშემოდგომო სესია მოწვეული იქნება სექტემბრის პირველ სამშაბათს, 6 სექტემბერს, 7-ში კი, სავარაუდოდ, პლენარული სხდომები განახლდება“.

დეპუტატების განცხადებით, პარლამენტს დარჩა მთელი რიგი განუხილველი საკითხები, მაგალითად, პარლამენტს კენჭი არ უყრია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებებისათვის - დეპუტატები ვერც ოპოზიციის ვარიანტზე შეთანხმდნენ და ვერც უმრავლესობის. საკანონმდებლო ორგანომ ვერც მართლმსაჯულების სისტემის ე. წ. მესამე ტალღის სახელით ცნობილი „საერთო სასამართლოების შესახებ კანონში“ დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა. როგორც უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე აცხადებს, ეს საკითხი წელს უნდა გადაწყდეს:

„თუ ეს საკითხი წელს ვერა, ახალი მოწვევის პარლამენტმა მაინც უნდა გადაწყვიტოს, რადგან სასამართლო რეფორმა ბოლომდეა მისაყვანი. მე, პირადად, მიმაჩნია, რომ ეს არის საკითხი, რომელიც საქართველომ ამ წელიწადში უნდა გადაწყვიტოს“.

დავით უსუფაშვილი

პლენარულ სხდომაზე არცსაარჩევნო სისტემის ე. წ. გერმანული მოდელის შესახებ უმსჯელიათ,რომელიც ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ წარადგინეს. აქვე უნდა ითქვას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ კვლავაც პარლამენტის ბოიკოტირების რეჟიმშია. სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენასთან დაკავშირებით დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ ეტაპზე არ იყენებს მათ მიმართ სანქციებს, რადგან მოქმედი სისტემა დასახვეწია:

„საკმარისია პარლამენტის წევრმა ქაღალდზე დაწეროს, რომ ის პოლიტიკურ ბოიკოტზეა და მთელი წელი შეუძლია არ იაროს. მას არაფერი ემუქრება. ამიტომ ამ საკითხზე მსჯელობაა საჭირო“.

საკანონმდებლო ორგანომ 77 ხმით დაამტკიცა ამნისტიის აქტის გამოცემის შესახებ ფრაქცია “ეროვნული ფორუმის“ ინიციატივა, რომლის თანახმადაც, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან უნდა გათავისუფლდნენ მამაკაცები - 70 წლის, ხოლო ქალები 65 წლის ასაკიდან. ”ეროვნული ფორუმის“ ინფორმაციით, წარმოდგენილი პროექტის მიღება და განხორციელება ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 116 ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლებას. ამნისტია შეეხება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ჩადენილს გაუფთხილებლობით, რომელსაც შედეგად მოჰყვა ადამიანის სიკვდილი.

24 ივნისს საგაზაფხულო სესიის შემაჯამებელ სხდომაზე პარლამენტმა სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშსაც მოუსმინა და ამ ანგარიშის საფუძველზე მომზადებულიადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დადგენილებაც მიიღო. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის შალვა შავგულიძის თქმით, ეს იყო მრავლისმომცველი ანგარიში, მწვავე აქცენტებით, რომელსაც ხელისუფლება მეტი სერიოზულობით უნდა მოეკიდოს:

შალვა შავგულიძე

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ანგარიში იყო ძალიან საქმიანი და მრავლისმომცველი, თუმცა ამ ანგარიშს უნდა გათვალისწინება და არა თვალის დახუჭვა და, პირიქით, იქით შეტევაზე გადასვლა, როგორ ბედავს სახალხო დამცველი და იქეთ შენიშვნებს აძლევს მმართველ პოლიტიკურ ძალას“.

სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა კი იმედი გამოთქვა, რომ რეკომენდაციების დიდი ნაწილი გათვალისწინებული იქნება:

„იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი რეკომენდაცია, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ამ დადგენილებაშიც აისახება და გათვალისწინებულიც იქნება შესაბამისი ორგანოების მიერ. ყველაზე მთავარი მაინც ამ რეკომენდაციების შესრულებაა. ხშირად ხდება ისე, რომ პარლამენტი იზიარებს მათ, მაგრამ არ ასრულებს“.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავჯმდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ მისი კომიტეტი დააკვირდება რეკომენდაციების შესრულების პროცესს.

საქართველოს პარლამენტი მუშაობას სექტემბრის დასაწყისში განაახლებს, თუმცა, როგორც ბოლო საგაზაფხულო სესიაზე დავით უსუფაშვილმა განაცხადა, საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რიგგარეშე სხდომა შესაძლოა ზაფხულის განმავლობაშიც მოიწვიოს.​