საქართველო საგარეო სავაჭრო ბრუნვა

ლარმა თანდათან დაიწყო გამყარება, რასაც, პირველ რიგში, საფუძვლად საერთაშორისო ბაზარზე დასტაბილურებული სიტუაცია უდევს და, ამის პარალელურად, ტურისტთა რაოდენობის ზრდა, რაც ნაწილობრივ ისევ და ისევ საგარეო ფაქტორით, მაგალითად, რუსული ტუროპერატორების მიერ თურქეთის მიმართულების ნაკლებად ათვისებით არის განპირობებული. თუმცა ვალუტის ისეთი მნიშნელოვანი გამამყარებელი ფაქტორი, როგორიცაა ექსპორტის ზრდა, საქართველოსთვის კვლავ პრობლემად რჩება.

საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3 მილიარდ 287 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 8 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 608 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 2 მილიარდ 679 მლნ. აშშ დოლარს (14 პროცენტით მეტი). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-აპრილში 2 მილიარდ 71 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 63 პროცენტი შეადგინა.

გაზრდილია ვაჭრობის მაჩვენებელი ევროკავშირშიც, თუმცა ამჯერად შემცირებულია ექსპორტი: 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 936 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 147 მლნ. აშშ დოლარი იყო (28 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 789 მლნ. აშშ დოლარი (24 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის, ექსპორტში 24 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-აპრილში, შესაბამისად, 28, 30 და 27 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-აპრილში 765 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-აპრილთან შედარებით, 15 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 184 მლნ. აშშ დოლარი (26 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 581 მლნ. აშშ დოლარი იყო (10 პროცენტით ნაკლები). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 23 პროცენტს უდრიდა.

2016 წლის იანვარ-აპრილში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 70 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან თურქეთი (475 მლნ. აშშ დოლარი), კანადა (450 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (256 მლნ. აშშ დოლარი).

ავტობომილებმა ბოლო წლებში დათმეს პირველი ადგილი და 2016 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა და 113 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 19 პროცენტი შეადგინა. მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 48 მლნ. აშშ დოლარს და, შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 8 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე თხილისა და სხვა კაკლის ჯგუფი იყო. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 45 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი კი 2016 წლის იანვარ-აპრილში სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 723 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 27 პროცენტი შეადგინა. მეორე ადგილზე იყო მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი, 136 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა, 135 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი).