შეერთებული შტატებისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს და განმტკიცდეს – ასეთ პერსპექტივას არაერთხელ გაესვა ხაზი ვაშინგტონში, სადაც 2 ნოემბერს, თითქმის ორწლიანი პაუზის შემდეგ, ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის მეხუთე პლენარული სესია გაიმართა. სესიის დაწყებამდე საჯარო განცხადებები გააკეთეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ენტონი ბლინკენმა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. ხაზი გაესვა საქართველოს ერთგულ პარტნიორობას, წარმატებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვაშინგტონის მხარდაჭერას, რეფორმირების წარმატებულ პროცესსა და ასევე – აუცილებლობას, რომ მეტი ყურადღება მიექცეს სასამართლოს დამოუკიდებლობას, ოპოზიციის საქმიანობასა და მედიის როლს.
„რასაცა გასცემ შენია, რაც არა - დაკარგულია“ – შოთა რუსთაველის ეს სიტყვები 2 ნოემბერს ვაშინგტონში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა გაიხსენა, როცა გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში საქართველოს მნიშვნელოვან წვლილზე ლაპარაკობდა. მან თქვა, რომ როდესაც მსოფლიო - ცენტრალური აფრიკიდან ცენტრალურ აზიამდე – დახმარებას ითხოვს, საქართველო მას მუდამ პასუხობს. პარალელურად, ქვეყანა ახორციელებს რეფორმებს და ეს, სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ქვეყნის ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ბორდერიზაციის ფონზე. ამ ჭრილში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნება, რომ შეერთებული შტატებისთვის უცვლელ პრინციპს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის მხარდაჭერა.
ჩვენ ისევ გვრჩება წუხილი საგნობრივი პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნების საკითხში. საქართველომ უნდა განაგრძოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, სადაც პოლიტიკური ჯგუფები და უმცირესობათა ჯგუფები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას, და მე და მინისტრმა ამ კუთხით არსებულ გარკვეულ პროგრესზე ვიმსჯელეთ...ენტონი ბლინკენი
ენტონი ბლინკენის თქმით, საქართველომ ბოლო წლებში მნიშვნელოვნად წაიწია წინ რეფორმების განხორციელების პროცესში. თუმცა შეერთებული შტატები სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნისგან მოელის მეტს 2016 წლის არჩევნების წინ და დემოკრატიის ელემენტების გაძლიერება, სახელმწიფო მდივნის მოადგილის თქმით, აუცილებელია ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ ჭრილში ყურადღება მახვილდება განსაკუთრებით ორ მიმართულებაზე. პირველ მიმართულებად სახელდება სასამართლო სისტემის შემდგომი რეფორმირების აუცილებლობა, რაც განამტკიცებს ხალხის მხრიდან ნდობას მართლმსაჯულების მისამართით, ხოლო მეორე მიმართულება, რაც, სახელმწიფო მდივნის მოადგილის აზრით, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მედიის ჭრილში განიხილება:
„ჩვენ ისევ გვრჩება წუხილი საგნობრივი პოლიტიკური დიალოგისთვის სივრცის შენარჩუნების საკითხში. საქართველომ უნდა განაგრძოს ისეთი გარემოს ჩამოყალიბება და შენარჩუნება, სადაც პოლიტიკური ჯგუფები და უმცირესობათა ჯგუფები თავისუფლად შეძლებენ საკუთარი აზრის გამოხატვას, და მე და მინისტრმა ამ კუთხით არსებულ გარკვეულ პროგრესზე ვიმსჯელეთ. მოკლედ რომ ვთქვათ, ველით, რომ დაცული იქნება თქვენი პოლიტიკური პარტიებისა და მედიის თავისუფლება, როგორც საქართველოს დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საყრდენი“.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ენტონი ბლინკენმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიზნისკენ სავალ გზაზე. ერთობლივი გამოსვლის ფარგლებში, ამ ჭრილში ვაშინგტონთან დაკავშირებულ იმედებზე ყურადღება გაამახვილა ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ ოკუპირებული და შევიწროებული საქართველო, რომელიც რეფორმირების პროცესს მომავალშიც განაგრძობს, დიდად აფასებს შეერთებული შტატების დახმარებას ყველა მიმართულებით, ქვეყანას სურს სტრატეგიულ პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება და ვაშინგტონის მხარდაჭერას მოელის მომავალი წლის ნატოს სამიტზეც:
„გამოვხატავთ განსაკუთრებულ მადლიერებას შეერთებული შტატების მიმართ შეუფასებელი დახმარებისთვის ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში. ჩვენ ვაგრძელებთ წარმატებულ წინსვლას ნატოში გაწევრიანების მიმართულებით და ეფექტიანად ვიყენებთ ინტეგრაციის ყველა არსებულ მექანიზმს, ყოველწლიური ეროვნული პროგრამისა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ჩათვლით. იმედი გვაქვს, რომ ნატოს სამიტი ვარშავაში სათანადოდ შეაფასებს საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და გადაგვადგმევინებს ახალ ნაბიჯებს ნატოში ინტეგრაციის გზაზე. ამ კუთხით აუცილებელი იქნება შეერთებული შტატების ტრადიციულად ძლიერი ლიდერობა“.
შეერთებული შტატების მხარდაჭერას ნატოში ინტეგრაციის გზაზე წარმატების მისაღწევად მეტად მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევს საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე. თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, რაც უნდა ძლიერი იყოს შეერთებული შტატების მხარდაჭერა, ის მაინც ვერ იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელი და ეს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზეც გამოჩნდა, როცა, ვაშინგტონის უძლიერესი მხარდაჭერის მიუხედავად, საქართველოს არ მიანიჭეს ნატოში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP). ამასთან, გიორგი გობრონიძე ნაკლებად სავარაუდოდ მიიჩნევს საქართველოსთვის სანატრელი დოკუმენტის - MAP-ის - მიღებას ნატოს მომავალი წლის ვარშავის სამიტზე. ამგვარი პროგნოზის საფუძვლად, საერთაშორისო კონიუნქტურის გარდა, ექსპერტი საქართველოში შიდა პრობლემების არსებობას მიიჩნევს.
„არ უნდა ჩავთვალოთ, რომ შეერთებული შტატები არის ყველაფერი, რაც შეეხება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. ამ მიმართულებით საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი უნდა იყოს ურთიერთობები ევროპის სახელმწიფოებთან, განსაკუთრებით, გერმანიასა და საფრანგეთთან, რომლებიც არიან ევროკავშირის ორი ძირითადი ძალის ვექტორი, ასე ვთქვათ, რადგანაც თვითონ ამ სახელმწიფოებმა არაერთხელ დაადასტურეს ის, რომ შეიძლება წავიდნენ ამერიკის მიერ შეთავაზებული დღის წესრიგის წინააღმდეგაც“, – უთხრა გიორგი გობრონიძემ რადიო თავისუფლებას.
ვიდრე შეერთებულ შტატებს ესტუმრებოდა, გიორგი კვირიკაშვილი გერმანიას სტუმრობდა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გერმანელ კოლეგას ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერსაც შეხვდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, „საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით გერმანიის მხარდაჭერის მნიშვნელობას“, თუმცა გერმანელი მინისტრის განცხადებების შინაარსში ძირითადი ადგილი ეთმობა საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების თემას. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თქმით, გერმანია ამ დაახლოების მტკიცე მხარდამჭერია და გულშემატკივრობს საქართველოს, მიიღოს მაქსიმალური სარგებელი ამ პროცესში.
რაც შეეხება აშშ-საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებს, ის ძირითადად ემყარება ორ ქვეყანას შორის 2009 წლის 9 იანვარს გაფორმებულ დოკუმენტს – სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიას. სწორედ ამ ქარტიის ფარგლებში ჩამოყალიბდა სამუშაო ჯგუფები დოკუმენტში ასახული ოთხი პრიორიტეტული მიმართულებით, ესენია: დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება, ვაჭრობა და ეკონომიკა და ხალხთა შორის კულტურული ურთიერთობები.
შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სენატორ ჯონ მაკკეინს შეხვდა. ოფიციალური წყაროს ცნობით, მხარეებმა დაადასტურეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობა და მინისტრმა მადლობა გადაუხადა სენატორს წლების მანძილზე გამოცდილი მხარდაჭერისა და მტკიცე მეგობრობისთვის.
შედგა ასევე შეხვედრა სენატორებს ტომ კოტონსა და ჯეფრი სეშენთან. მანამდე გიორგი კვირიკაშვილი რესპუბლიკელ კონგრესმენ მაიკ კანავეისა და სენატორებს ორინ ჰაჩს და ჯონ კორნინს შეხვდა და ამერიკის კონგრესში სიტყვით გამოვიდა საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ინაუგურაციაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სიტყვით გამოვიდა ასევე ატლანტიკურ საბჭოში. ოფიციალური წყაროს ცნობით, მინისტრის სამუშაო ვიზიტის გრაფიკი დატვირთული იყო აგრეთვე სხვა არაერთი შეხვედრით.