საგარეო სექტორი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირებაში.
2014 წელს საქართველოს სამი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა თურქეთი, აზერბაიჯანი და ჩინეთი. თურქეთში ექსპორტზე უმეტესად გადის აზოტოვანი სასუქები და ტრიკოტაჟის ნაწარმი. იმპორტირებული უმსხვილესი ჯგუფებია: აირის ტურბინები, სამკურნალო საშუალებები და მეტალოკონსტრუქციები. აზერბაიჯანში ექსპორტირებული უმსხვილესი საქონელი მსუბუქი ავტომობილებია (მთლიანი ექსპორტის თითქმის ნახევარი), ექსპორტზე გადის ასევე წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან, ე.წ. „არმატურა“, და ცოცხალი მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი. აზერბაიჯანიდან იმპორტირებულია ნავთობის აირები და აირისებრი ნახშირწყალბადები, ნავთობი და ნავთობპროდუქტები. ჩინეთში საქართველოდან ექსპორტირებული უმსხვილესი საქონელია სპილენძის მადნები და კონცენტრატები (71 პროცენტი მთლიანი ექსპორტის), ასევე სპილენძის ნარჩენები და ჯართი, ყურძნის ნატურალური ღვინოები. იმპორტში მსხვილი სასაქონლო ჯგუფებია გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები, მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისგან, სატელეფონო აპარატები.
2014 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნები იყვნენ ნიდერლანდები, აზერბაიჯანი და ლუქსემბურგი. ამ სამ ქვეყანაზე მოდიოდა მთლიანი უცხოური ინვესტიციების 86 პროცენტი. ნიდერლანდებიდან ინვესტიციები განხორციელდა ენერგეტიკის, დამამუშავებელი მრეწველობის და ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროებში. აზერბაიჯანული ინვესტიციების 56 პროცენტი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროზე მოდის, რაც დაკავშირებულია ბაქო-ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობასთან. აზერბაიჯანული ინვესტიციები საკმაოდ მსხვილია ფინანსურ სექტორშიც, რაც მოიცავს საბანკო, მიკროსაფინანსო, სადაზღვევო ორგანიზაციებს. ლუქსემბურგიდან განხორციელებული ინვესტიციების ნახევარზე მეტი მიმართული იყო უძრავი ქონებით განხორციელებულ ოპერაციებზე, იჯარასა და მომხმარებლებისთვის მომსახურების გაწევაზე. ამასთან, დაახლოებით 10 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო ლუქსემბურგიდან სოფლის მეურნეობის დარგში. რაც შეეხება ფულად გზავნილებს, რაც საქართველოს ეკონომიკისთვის უცხოური ვალუტის შემოდინების სტაბილური წყაროა, ამ მხრივ, 2014 წლის ათი თვის მონაცემებით, უმსხვილესი ქვეყნებია რუსეთი, საბერძნეთი და იტალია. ამ სამ ქვეყანაზე მოდის სულ ჩარიცხული ფულადი გზავნილების 70 პროცენტი. წინა წელთან შედარებით, ამ სამეულიდან 5 პროცენტით იკლო გზავნილების ჩარიცხვამ რუსეთიდან.
შესაბამისად, 2014 წლის სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველომ, ბოლო ერთი წლის განმავლობაში მოახერხა ექსპორტის გაზრდა, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის, თუმცა, მეორე მხრივ, შემცირებულია ინვესტიციები და ასევე გზავნილები რუსეთიდან, რამაც შეამცირა უცხოური ვალუტის შემოდინება ქვეყანაში. ეს, ცხადია, აისახება ეკონომიკის განვითარებაზე, მათ შორის, ლარის კურსზეც.