„საპარტნიორო ფონდს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - ამ პოსტზე საქართველოს პრემიერმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე დანიშნა.
შეგახსენებთ, რომ სს „საპარტნიორო ფონდი" არის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდი, რომელიც დაარსდა 2011 წელს. „საპარტნიორო ფონდის" საქმიანობა ხორციელდება ორი ძირითადი მიმართულებით:
პირველია აქტივების მართვა. ფონდის აქტივების პორტფელი შედგება შემდეგი სტრატეგიული მნიშვნელობის კომპანიებისგან: „საქართველოს რკინიგზა“ - 100% წილი; „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ - 100% წილი; „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ - 100% წილი; „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“ - 100% წილი; სს „თელასი“ - 24.5% წილი. „საქართველოს რკინიგზა“ და „ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ „საპარტნიორო ფონდის" საინვესტიციო საქმიანობის დაფინანსების მთავარ წყაროს წარმოადგენენ.
რაც შეეხება საინვესტიციო საქმიანობას, „საპარტნიორო ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, ფონდმა ბოლო ორი წლის განმავლობაში განახორციელა 2 მილიარდი დოლარის მოცულობის პროექტები. მათ შორის არის "გარდაბნის" თბოელექტროსადგური, "ნესკრას" ჰიდროელექტროსადგური, თვითმფრინავების ქარხანა თბილისში, 5 ბრენდული სასტუმრო საქართველოში და სხვადასხვა პროექტები. ასევე, ცოტა ხნის წინ უმსხვილესმა საფინანსო ინსტიტუტმა "კრედიტ სვისმა" „საპარტნიორო ფონდს“ 150 მლნ დოლარის სესხი დაუმტკიცა და ეს თანხა ახალი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
ფონდი უფლებამოსილია განახორციელოს ინვესტიცია მხოლოდ საქართველოში და მისი სტრატეგია მიმართულია კერძო ინვესტორების მოზიდვასა და მხარდაჭერაზე. როგორც ფონდში აცხადებენ, დაფინანსებისთვის განიხილება მხოლოდ კომერციულად მიზანშეწონილი პროექტები, რომლებსაც გამოცდილი პარტნიორები ან დაქირავებული სპეციალიზებული ოპერატორები მართავენ.
ფონდი ფინანსურ პარტნიორობას უწევს კერძო ინვესტორებს, რაც საშუალო და გრძელვადიანი თანადაფინანსებით გამოისახება. იგი პასიური პარტნიორის როლში იღებს მონაწილეობას როგორც ახალი ბიზნესინიციატივების, ისე არსებული ბიზნესის ინვესტირებაში. დაფინანსება ფონდის მხრიდან ხდება კაპიტალში მონაწილეობით და, ზოგიერთ შემთხვევაში, სუბორდინირებული (კონვერტირებადი და არაკონვერტირებადი) სესხების მეშვეობით.
ფონდის თანამონაწილეობა პროექტებში არ უნდა აღემატებოდეს კაპიტალის 50%-ს. დაფინანსებასთან ერთად, ფონდი პარტნიორს და მმართველ გუნდს ეხმარება გრძელვადიანი მდგრადობის მიღწევაში.
კიდევ ერთი ფინანსური მონაცემი: 2014 წლის ფინანსური ანგარიშის მიხედვით, „საპარტნიორო ფონდის“ და მისი შვილობილი კომპანიების კონსოლიდირებულმა ფინანსურმა შემოსავლებმა ერთ მილიარდ ლარს გადააჭარბა. „საპარტნიორო ფონდის“ წმინდა მოგება გაიზარდა 69 %-ით, 2013 წელთან შედარებით, და 124.7 მლნ ლარი შეადგინა. 17 %-ით გაზრდილია საოპერაციო მოგებაც და იგი 243 მლნ ლარს შეადგენს.
დღეიდან ამ ფონდს - როგორც მისი აქტივების მართვას, ასევე მის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღებას - საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი ლიდერი და „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი პოლიტიკური სახე, დავით საგანელიძე, განახორციელებს.