9 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7550 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.7674 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 1.24 თეთრი შეადგინა. მიღებული კურსები დღეიდან, 10 იანვრიდან, შევა ძალაში. შესაბამისად, ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ახალ ნიშნულზე სტაბილიზაციას ცდილობს.
ეროვნული ვალუტის მდგომარეობაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის საგადამხდელო ბალანსის ანგარიშის დეფიციტის ოდენობა. ეროვნული ბანკი ამ ინფორმაციას პერიოდულად აქვეყნებს. წლის ბოლოს ეროვნულმა ბანკმა ახალი სტატისტიკური მონაცემები მიაწოდა საზოგადოებას. ამ მონაცემების თანახმად, 2016 წლის მესამე კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 316.7 მლნ აშშ დოლარი (735.6 მლნ ლარი, მესამე კვარტალის მშპ-ს 8.4 პროცენტი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდო 2016 წლის მესამე კვარტალში წლიურად 56.6 პროცენტით გაიზარდა (C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის გრანტით მიღებული მედიკამენტების იმპორტის გარეშე, 7.0 პროცენტით შემცირდა) და 1.8 მლრდ აშშ დოლარი (4.3 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 1.8 პროცენტით შემცირდა, ხოლო იმპორტი 33.2 პროცენტით გაიზარდა (C ჰეპატიტის მედიკამენტების გარეშე, საქონლის იმპორტი წლიურად 4.7 პროცენტითშემცირდა).
მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის მესამე კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 7.8 პროცენტით,ხოლო იმპორტი 8.2 პროცენტით გაიზარდა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 10.1 პროცენტით გაიზარდა და 817.0 მლნ აშშ დოლარი (1.9 მლრდ ლარი) შეადგინა.
მიმდინარე ანგარიშისდეფიციტს ამცირებს, ასევე, მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 2.6-ჯერ გაიზარდადა 1.2 მლრდ აშშ დოლარი (2.8 მლრდ ლარი) შეადგინა. ზრდა, უმთავრესად, განპირობებული იყო სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერების 4.1-ჯერადი მატებით,საიდანაც 911.6 მლნ აშშ დოლარი C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული დახმარებაა.
წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, მესამეკვარტალში 421.0 მლნ აშშ დოლარი (977.6 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 11.2 პროცენტია. მესამე კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ტრანსპორტის, მშენებლობისა და მრეწველობის სექტორებში განხორციელდა.