რუსთავის საფეხბურთო კლუბ „რუსთავს“, რომელიც წელს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, ცოტა ხანში კვლავ თავისი სტადიონი და საწვრთნელი ბაზა ექნება.
რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ბოლოს და ბოლოს, დათანხმდა გვარიანად შელახული რუსთავის მთავარი სტადიონი - „ფოლადი“ - ქალაქის მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა.
15 მარტს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, სამუშაო ვიზიტით რუსთავს ესტუმრა და ქალაქის მერ ირაკლი ტაბაღუასთან ერთად რუსთავის სტადიონი მოინახულა. შეხვედრაზე სპორტული მოედნის განახლებაზე იმსჯელეს.
ირაკლი ტაბაღუა ამბობს, რომ სტადიონის მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემის ფორმალურ მხარეზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
რუსთავის საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში წელს გადავიდა, პირველივე გასვლითი მატჩი გამართა ლიგის ლიდერთან, თბილისის დინამოსთან, და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა
მისი თქმით,სტადიონის მიმდებარე ტერიტორიას რეაბილიტაცია თვითმმართველობის ძალებით ჩაუტარდება,თავად სტადიონის განახლებაზე კი ფეხბურთის ფედერაცია იზრუნებს.
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის, ლევან კობიაშვილის თქმით, სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოები მომავალი კვირიდან დაიწყება. სათამაშო მოედნის მოძველებული ხელოვნური საფარი ბუნებრივით შეიცვლება, მოეწყობა მოედნის სადრენაჟო სისტემა, განახლდება სხვა ინფრასტრუქტურა.
კობიაშვილის სიტყვით, ვითარების, ასე ვთქვათ, დასაზვერად და სტადიონის მდგომარეობის წინასწარი შესწავლის მიზნით მომდევნო კვირას ფეხბურთის ფედერაციის სამუშაო ჯგუფი ჩამოვა.
რუსთავის ანალოგიური სახელწოდების საფეხბურთო გუნდი უმაღლეს ლიგაში წელს გადავიდა, პირველივე გასვლითი მატჩი გამართა ლიგის ლიდერთან, თბილისის დინამოსთან, და მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა, თუმცა მეორე - ასევე გასვლით - მატჩში რუსთაველები ქუთაისის ტორპედოსთან დამარცხდნენ.
როგორც გუნდის დირექტორი ბადრი მაჭავარიანი ამბობს, იმის გამო, რომ მათ საკუთარი სტადიონი და საწვრთნელი ბაზა არ აქვთ, თბილისში პეტრიაშვილის სახელობის საფეხბურთო ბაზაზე ვარჯიშობენ. შარშანაც ასე იყო და თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში გასვლით მატჩებს ატარებდნენ, რაც იწვევდა დამატებით ხარჯებს და ქმნიდა გარკვეულ პრობლემებს გუნდის სრულყოფილი ვარჯიშისთვის.
რაც შეეხება თავად გუნდში ცვლილებას, მაჭავარიანის თქმით, ვარლამ კილასონია წავიდა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან, თუმცა გუნდში რჩება და ახალგაზრდა ფეხბურთელებს გაწვრთნის. ახალ მწვრთნელად ვლადიმერ გაზაევი დაინიშნა, გასული საუკუნის 70- 80-იანი წლების ცნობილი საბჭოთა ფეხბურთელის, ვალერი გაზაევის, შვილი. უფროსი თაობის ფეხბურთის მოყვარულებს ეცოდინებათ, რომ ვალერი გაზაევი იმ დროს თბილისის დინამოშიც თამაშობდა.
ბადრი მაჭავარიანის თქმით, ცვლილებებია ფეხბურთელთა შემადგენლობაშიც. გუნდი ლეგიონერებით შეივსო.
რუსთავის გუნდს შაბათს კვლავ გასვლითი მატჩი აქვს, ამჯერად „ჩიხურასთან“.