ავტორი: ირინა გურული
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მსოფლიო ეკონომიკის ახალი ანგარიშის თანახმად, საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე წელს 3,4 %-ით, მომავალ წელს კი 5,2 %-ით გაიზრდება.
"ინფლაციის დონე საქართველოში წელს 2,6 % იქნება, 2017 წელს კი - 3,6%. 2016 წელს საქართველოში მშპ-ის 12,1 %-იანი დეფიციტი დაფიქსირდება, ხოლო მომავალ წელს ეს მაჩვენებელი 12,0 %-ს მიაღწევს“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა უცვლელი დატოვა მსოფლიო ეკონომიკის ზრდის 3 %-იანი პროგნოზი 2016 წლისთვის, 2017 წელს კი, ანგარიშის თანახმად, მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 3,4 % იქნება.
Your browser doesn’t support HTML5
ფონდის განცხადებით, გლობალური ეკონომიკის შენელებული ზრდა, გადამწყვეტი პოლიტიკური ზომების მიუღებლობის ფონზე, მომავალშიც გაგრძელდება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა 1,8 %-დან 1,6 %-მდე შეამცირა განვითარებული ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი (ივლისის თვის პროგნოზი), რაც წლის პირველ ნახევარში შემცირებული ბიზნესინვესტიციებით არის გამოწვეული.
ფონდმა ასევე 2,2 %-დან 1,6 %-მდე შეამცირა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი. შენელებული ზრდა ექნება დიდი ბრიტანეთის ეკონომიკასაც, რომელიც მიმდინარე წელს 1,1 %, მომავალ წელს კი 2,2 % იქნება. რაც შეეხება რეგიონის ქვეყნებს, ანგარიშის თანახმად, რუსეთის ეკონომიკა წელს 0.8 %-ით, აზერბაიჯანის კი 2.4 %-ით შემცირდება, 3.2 %-ით გაიზრდება სომხეთის, 3,3 %-ით კი თურქეთის ეკონომიკა.
ფონდის პროგნოზით, მიმდინარე წელს ნავთობის საშუალო ფასი ბარელზე 42,96 დოლარი, 2017 წელს კი 50,64 დოლარი იქნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ გასულ პარასკევს გამოქვეყნებული ინფორმაციით, 2016 წლის აგვისტოში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპმა 2.9 % შეადგინა. ივლისში ზრდის ტემპი 2.1 % იყო.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2016 წლის პირველ რვა თვეში ეკონომიკის საშუალო რეალურმა ზრდამ 2.7 % შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ზრდა 2.8 % იყო. მთავრობა 2016 წელს 3 %–იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს. 2015 წელს საქართველოს ეკონომიკა 2.8 %–ით გაიზარდა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე სუსტი ზრდა იყო.
რაც შეეხება ინფლაციას, 2016 წლის სექტემბერში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 0,3 პროცენტი, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით (წლიური ინფლაციის დონე), 0,1 პროცენტი შეადგინა. 2010 წლის საშუალოსთან შედარებით, სამომხმარებლო ფასების ინდექსი 16,5 პროცენტით გაიზარდა.