ავტორი: ირინა გურული
ტრანზიტული ავტომობილებისთვის მესამე პირის სავალდებულო დაზღვევას, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელის, კოტე სულამანიძის, განცხადების თანახმად, სავარაუდოდ, წელს შემოიღებენ. მისი თქმით, ამაზე მუშაობა აქტიურად მიმდინარეობს და, თუ ტექნიკური დეტალების დაზუსტება მოესწრო, სავალდებულო დაზღვევა საქართველოში წელსვე ამოქმედდება.
Your browser doesn’t support HTML5
სადაზღვევო სექტორი მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღებას დიდი ხანია ითხოვს. როგორც კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, ახალი რეგულაციის შემოღებით ქვეყანაში 70 მილიონი დოლარი შემოვა.
სადაზღვევო ბაზარზე იმედოვნებენ, რომ ეს ერთ-ერთი პირველი ნაბიჯია და მას სავალდებულო დაზღვევის შემდეგი ნაბიჯები მოჰყვება. თუ სახელისუფლებო გადაწყვეტილებების ლოგიკას მივყვებით, მორიგი სავალდებულო ხარჯის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, მართლაც, მოსალოდნელია. ეს გადაწყვეტილებები, შესაძლოა, ერთგვარი კომპენსაციაც კი აღმოჩნდეს სადაზღვევო ბიზნესისთვის, რომელიც გასული წლის მოგების შემდეგ ჯანდაცვის დაზღვევაში შესულმა ცვლილებებმა ახალ რეალობაში ჩააყენა.
არადა, გასული წლის სტატისტიკურ მონაცემებით, საქართველოს სადაზღვევო სექტორმა 2016 წელი მოგებით დაასრულა. დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წელს სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ 18,86 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ბაზრის ბრუნვის 4,6 %–ია. 2015 წელს სადაზღვევო ბაზრის მოგება 2.63 მილიონი ლარი იყო. აღსანიშნავია, რომ ბაზრის ზრდის ძირითადი მიზეზი სავალუტო კურსის ცვლილება და სამედიცინო დაზღვევის გაძვირება გახდა. ბაზარი სულ34 მილიონი ლარით გაიზარდა, საიდანაც 21 მილიონი სამედიცინო დაზღვევაზე მოდის.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის სტატისტიკური მონაცემებით, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა 56 %-ით გაიზარდა, საავიაციო პასუხისმგებლობის დაზღვევა - 41 %-ით, ფინანსური დანაკარგებისგან დაზღვევა - 27 %-ით, სამოგზაურო დაზღვევა: - 15 %-ით, ჯანმრთელობის დაზღვევა - 14 %-ით.
აღსანიშნავია, რომ დაზღვევის პირველი ორი სახეობის ზრდა ბაზარზე წარმოდგენილმა რამდენიმე ახალმა პოლისმა გამოიწვია, მათ შორის ერთ-ერთია „უნისონის" მიერ წარმოდგენილი ქართული საჰაერო ცის დაზღვევა.
რაც შეეხება ბაზრის სპეციფიკას, სტატისტიკური მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი – 45 % - სამედიცინო დაზღვევას უკავია. 2016 წელს დაზღვევის ამ პროდუქტით მოზიდული პრემიის ოდენობამ 175 316 207 ლარი შეადგინა. მოზიდული პრემიის ოდენობით მეორე ადგილზეა ქონების დაზღვევა - 17 %. შესაბამისად, მოზიდული პრემია შეადგენს 65 373 030 ლარს. 59 705 032 ლარი მოიზიდეს კომპანიებმა ავტოდაზღვევიდან. სადაზღვევო ბაზრის ძირითად პროდუქტს წარმოადგენს სიცოცხლის დაზღვევაც, მოზიდული პრემიების 7 % სწორედ დაზღვევის ამ სახეობაზე მოდის, პრემიის მოცულობა კი 2016 წელს 25 374 505 ლარი იყო. პროდუქტების ხუთეულში შედის სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელსაც ბაზრის წილის 6 % უკავია და მოზიდული პრემიის მოცულობა 25 189 538 ლარს შეადგენს.
ამავე მონაცემებით, მოზიდული პრემიის ოდენობით პირველ ადგილზეა „ჯიპიაი ჰოლდინგი" - 88 883 773 ლარი. ხუთეულში შედიან ასევე „ალდაგი" - 77 902 354 ლარი, „იმედი ელი“ - 67 620 359, „არდი" - 31 528 057, „პე ეს პე დაზღვევა" - 31 467 460.