სადაზღვევო კომპანიებმა შეაჯამეს ის ზარალი, რომელიც 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად მათ ანაზღაურებას დაექვემდებარა. ეს სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველოში ჯერჯერობით აუთვისებელია დაზღვევის შესაძლებლობები და მოსახლეობა ვერ აცნობიერებს იმას, რომ საკუთარი ქონების დაზღვევის ვალდებულება თავად უნდა იკისრონ.
13 ივნისის სტიქიის შედეგად სადაზღვევო კომპანიების მიერ ასანაზღაურებელმა ზარალმა ამ ეტაპზე 4.მილიონ 239. 722 ლარი შეადგინა. საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და სადაზღვევო ასოციაციის ინფორმაციით, კერძო პირთა დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი შეადგენს 551.511 ლარს და აქედან ანაზღაურებულია 70 %. იურიდულ პირთა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ზარალი კი შეადგენს662.104 ლარს და ანაზღაურებულია 40 %. რაც შეეხება კერძო თუ იურიდიულ პირთა ქონების ზარალს, იურიდიულ პირებზე ზარალი 2.790.940 ლარია, ხოლო კერძო პირებზე – 235.126 ლარი.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, ეს არის სადაზღვევო კოპმანიების მიერ განცხადებული ზარალი. მიმდინარეობს აქტებზე ხელმოწერა და ქონების ზარალი მხოლოდ ზუსტი აღრიცხვის შემდეგ ანაზღაურდება.
დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობამ 121 შეადგინა, დაზღვეულმა ქონებამ კი – 82. მთლიანობაში, სულ 203 შემთხვევაა დაფიქსირებული.
ზოგადად, სტატისტიკა ცხადყოფს, რომ მოსახლეობას დაზღვევის სახეობების მხოლოდ ნაწილი აქვს ათვისებული. 2015 წლის 1 კვარტალის მონაცემებით, ყველაზე დიდი წილი (58,1 პროცენტი) ჯანდაცვის დაზღვევაზე მოდის; შემდეგ მოდის ტრანსპორტის საშუალებების დაზღვევა (13,7 პროცენტი), ქონების დაზღვევა (დაახლოებით, 10 პროცენტი), სიცოცხლის დაზღვევა (7 პროცენტი),სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა (2,35 პროცენტი). ყველა სხვა სახეობა 2 პროცენტამდე ფარგლებშია და ბაზრის, ფაქტობრივად, მინიმალურ ადგილს იკავებს.
ამასთან, ხშირად კერძო პირები ავტომობილებსა და ქონებას მხოლოდ იპოთეკური სესხის აღების დროს აზღვევენ ხოლმე, საფინანსო ინსტიტუტების, ფაქტობრივად, სავალდებულო შემოთავაზებით.
არადა, სადაზღვევო კომპანიების შემოთავაზებულ მომსახურებაში შედის, მაგალითად, ისეთი მომსახურებებიც, როგორიცაა: სამოგზაურო დაზღვევა, უბედური შემთხვევის დაზღვევა, ტვირთების დაზღვევა, ქონების დაზღვევა, დაზღვევა საფინანსო დანაკარგებისაგან, ვალდებულებათა შესრულების დაზღვევა, საკრედიტო ვალდებულებათა დაზღვევა, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევა, იურიდიული ხარჯების დაზღვევა და აგროდაზღვევა, რომელიც ბოლო წლის განმავლობაში სახელმწიფოს მხრიდან მნიშვნელოვან თანადაფინანსებას ექვემდებარება.
სამწუხაროდ, ეს სტატისტიკა ცხადყოფს, რომ საკუთარი ქონებისადმიცივილიზებული, პასუხისმგებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბებამდე საკმაოდ გრძელი გზაა. პოსტსაბჭოთა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ ძნელია იმის გაცნობიერება, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული მათი კერძო ქონებრივი ზარალი დააზღვიოს და, თუ სიღარიბის ზღვარს მიღმა არ არიან, სასურველია ამ რისკების დაზღვევაზე თავად იზრუნონ.