კონკურენციის სააგენტომ პრემიერ ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევის პირველადი ანგარიში წარმოადგინა. კვლევის დაწყების მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ, მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების საგრძნობი კლების მიუხედავად, საქართველოში საწვავის ფასი შედარებით ნელი ტემპით ეცემა.
2014 წლის ზაფხულის შემდეგ მსოფლიოში ნავთობის ფასი 60 პროცენტით დაეცა და ბარელზე 45,19 აშშ დოლარს გაუტოლდა. ბოლოს ასეთი დაბალი მაჩვენებელი 2009 წლის მარტში დაფიქსირდა. კონკურენციის სააგენტოს მოკვლევის პირველადი შედეგების თანახმად, ნავთობის საერთაშორისო ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს ადეკვატური ასახვა უნდა ჰქონოდა ქართულ ბაზარზე მაქსიმუმ ერთ თვეში. პირველადი მოკვლევის შედეგებზე დაყრდნობით, პრემიერი აცხადებს, რომ ფასები მხოლოდ უმნიშვნელოდაა შემცირებული, მაშინ როდესაც დაფიქსირდა შუამავალი კომპანიების მიერ ერთი და იმავე სახეობის ნავთოპროდუქტების რადიკალურად განსხვავებულ ფასებში შეძენა. აღნიშნული ქმედება კონკურენციის კანონის დარღვევაა. ამ ეტაპზე კონკურენციის სააგენტო მოკვლევას განაგრძობს.
ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი ფასი „ეკონომის“ ტიპის საწვავზე საქართველოში 2014 წლის აგვისტოში იყო - ლიტრზე დაახლოებით 2 ლარი და 15 თეთრი. იმ დროიდან მოყოლებული, ამ ტიპის საწვავზე ფასმა დაახლოებით 21 პროცენტით დაიკლო. კლება ბოლოს იანვარში დაფიქსირდა და, დღეს არსებული მდგომარეობით, „რეგულარის“ ტიპის საწვავი საშუალოდ 1 ლარი და 68 თეთრი ღირს.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის კლების ასახვა შიდა სარეალიზაციო ქსელებზე მხოლოდ საქართველოში არ შეყოვნებულა.საწვავზე ფასების კლების შენელებულ ტენდენციებზე ამახვილებდნენ ყურადღებას ბრიტანელი ექსპერტებიც ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში. მათი თქმით, ნავთობზე ფასების 26-პროცენტიანი კლების პირობებში, ბრიტანეთში ერთ ლიტრ საწვავზე ფასი მხოლოდ 6 პროცენტით იყო შემცირებული, თუმცა აქვე მოყვანილი იყო შემდეგი არგუმენტები: 1) საწვავის ფასის ორი მესამედი წარმოადგენს დღგ-ს და აქციზის გადასახადს და საწვავზე არსებულ მოსაკრებლებს. 2) იმის გათვალისწინებით, რომ ნავთობით ვაჭრობა ხდება აშშ დოლარში, ხოლო ფუნტი დოლართან მიმართებაში არის გაუფასურებული, ეს ანეიტრალებს ფასის კლების ეფექტს ბრიტანელი მომხმარებლებისთვის. უკვე მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, ერთი ლიტრი საწვავის ღირებულება ბრიტანეთში თითქმის ერთ ფუნტს გაუტოლდა, რაც 26-პროცენტიანი კლებაა, 2014 წლის დეკემბერთან შედარებით.
ყოველივე ამის პარალელურად, მსოფლიოში აქტიურად ლაპარაკობენ იმაზე, თუ რატომ არ იკლებს ავიაბილეთებზე ფასები. ამის ძირითად მიზეზად სახელდება ავიაკომპანიების მაღალი ფიქსირებული დანახარჯები, რასაც ნავთობზე ფასების კლება ამ ეტაპზე ვერ ანეიტრალებს.
სავარაუდოა, რომ საქართველოში ნავთობზე ფასის შემდგომ კლებას აღარ უნდა ველოდეთ. ამის ერთ-ერთ ყველაზე მყარ არგუმენტად ლარის კურსის არამდგრადობა იქნება გამოყენებული.