ზუგდიდის 67-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების დღეს უბნებზე არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაწერილი საჩივრების განხილვა დაიწყო.
Your browser doesn’t support HTML5
საჩივრების განხილვა ზუგდიდში
კომისიის გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება დაეკისრა:
- 46-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს
- მე-100 უბნის თავმჯდომარეს
- მე-20 საარჩევნო უბნის თავმჯდომარესა და მდივანს
პირველ სხდომაზე, კომისიის წევრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილება დაეკისრათ ორმოცდამეექვსე და მეასე უბნის თავმჯდომარეებს. გაფრთხილება მიიღეს ასევე მეოცე უბნის თავმჯდომარემ და მდივანმა. საჩივრების განხილვას კომისიის 11 წევრთან ერთად ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველისა და მედიის წარმომადგენლები.
ზუგდიდის სოფელ ინგირის 46-ე საარჩევნო უბნის თავმჯდომარე რუსუდან ფანგანმა, რომელიც სხდომას არ დასწრებია, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გაფრთხილება მიიღო ორგანიზაციების „სამართლიანი არჩევნებისა“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივრების საფუძველზე. ამ უბანზე ორმა ამომრჩეველმა ხმა მისცა როგორც გადასატანი, ასევე ერთიანი სიით, რაც საჩივრის დაწერის საფუძველი გახდა.
„სამართლიანი არჩევნების“ მოთხოვნა იყო გადასატანი ყუთის, საიასი კი უბანზე კენჭისყრის შედეგების გაბათილება. კომისიამ გადასატანი ყუთის გაბათილებას მხარი არ დაუჭირა. მათი განმარტებით, ეს ორი ადამიანი, ვისზეც საუბარია, ამ ყუთის სიაში უნდა ყოფილიყო და არის კიდეც. რაც შეეხება კენჭისყრის შედეგების გაბათილებას, არც ეს საჩივარი დაკმაყოფილდა, რადგან კომისიის უმრავლესობამ ჩათვალა, რომ ამ ორი ამომრჩევლის ხმა საერთო შედეგზე გავლენას არ ახდენს. უბნის თავმჯდომარისთვის გაფრთხილების მიცემას ეწინააღმდეგებოდნენ 11-წევრიანი კომისიიდან სამნი, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. მათი აზრით, შესაძლებელი იყო სასჯელის უფრო მკაცრი ფორმის გამოყენება, მაგალითად, ხელფასის დაკავება ამ უბნის თავმჯდომარისთვის. მათ ამ განცხადებას სხვა წევრები არ დაეთანხმნენ.
„კონკრეტულად 46-ე უბანზე არ იყო გადასატანი ყუთის ბათილად ცნობისა და ძირითადი ყუთის ბათილად ცნობის საფუძველი. ითხოვდნენ რეგისტრატორისა და თავმჯდომარისთვის პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებას. აქ განიმარტა, რომ რეგისტრატორი, პირიქით, უტევდა თავმჯდომარეს და თავმჯდომარის დაჟინებული თხოვნით მოხდა ეს, ამიტომაც მარტო თავმჯდომარეს დაეკისრა პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება“, - განაცხადა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხმა.
რაც შეეხება მე-20 საარჩევნო უბანს, მის თავმჯდომარეს და მდივანს გაფრთხილება დაეკისრათ ასევე საიას სარჩელის საფუძველზე, რადგან მერობის კანდიდატების შემაჯამებელ ოქმში გადასწორებული იყო ციფრები და ოქმს არ ჰქონდა ბეჭედი. კომისიაში მყოფი ოპოზიციის სამი წევრი ამ შემთხვევაშიც ითხოვდა უფრო მკაცრ ზომას თავმჯდომარის მიმართ, კერძოდ კი, 500-ლარიან ჯარიმას, რასაც წევრთა უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა.
დარჩენილია კიდევ სამი სარჩელის განხილვა. აქედან ერთი ეხება უბანზე ჩვენი დამკვირვებლის უფლებამოსილების შეზღუდვას. ამაზე ჩვენ ვითხოვთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას...ჯემალ ჭკადუა
„ოქმის გადასწორება ითვალისწინებს ხუთასლარიან ჯარიმას. ეს პირდაპირ არის გაწერილი საარჩევნო კოდექსში და, აქედან გამომდინარე, მიღებულ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას მხარი არ დავუჭირეთ“, - განაცხადა კომისიის წევრმა „ქრისტიან-კონსერვატიული პარტიიდან“, მირანდა გოგოხიამ.
კომისიის გადაწყვეტილებით, მეასე უბნის თავმჯდომარეს დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება, ასევე საიას საჩივრის საფუძველზე, რადგან შემაჯამებელ ოქმზე არ იყო ბეჭედი და არასათანადო ლუქი იყო ყუთებზე. უბნის თავმჯდომარემ სხდომაზე განაცხადა, რომ ის ამ თანამდებობაზე პირველად იყო და ეს ყველაფერი გამორჩა. საიას ზუგდიდის ოფისის კოორდინატორის, ჯემალ ჭკადუას, განცხადებით, უბნებზე საჩივრების დიდი ნაწილი სწორედ მსგავს პროცედურულ დარღვევებზე დაწერეს:
„დარჩენილია კიდევ სამი სარჩელის განხილვა. აქედან ერთი ეხება უბანზე ჩვენი დამკვირვებლის უფლებამოსილების შეზღუდვას. ამაზე ჩვენ ვითხოვთ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას“, - განაცხადა ჯემალ ჭკადუამ.
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში, საერთო ჯამში, ათი საჩივარი შევიდა. კომისიის თავმჯდომარის ცნობით, აქედან ერთი უბანშივე გაუქმდა, დარჩენილის განხილვა კი უახლოეს დღეებში იგეგმება.