საბერძნეთი - გავლენა და საინტერესო მაგალითი ეკონომიკური ნაბიჯების გააზრებისთვის

მოქალაქეების რიგი ეროვნული ბანკის შენობასთან ათენში

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს, 1, 2 და 3 ივლისს, საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან თავისუფლდება. ეს ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში, რომელიც უწყებამ საბერძნეთში შექმნილ ფინანსურ ვითარებასთან დაკავშირებით გაავრცელა.

გადაწყვეტილება საბერძნეთში მიმდინარე საკმაოდ მძიმე მოვლენების გამო იქნა მიღებული. ჩვენ უკვე ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ საბერძნეთში საბანკო სექტორმა მუშაობა ერთი კვირით შეაჩერა და ბანკომატიდან გამოტანილ თანხებზე დროებითი ლიმიტი დაწესდა. საელჩოს დროებითი ღონისძიებაც სწორედ ამ ფაქტთან არის დაკავშირებული, თუმცა ეს მხოლოდ მოკლევადიან პრობლემაზე რეაგირებაა. ზოგადად კი საბერძნეთში, არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 250 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. ფაქტია, რომ საბერძნეთის კრიზისი, პირველ რიგში, სწორედ არალეგალურად მცხოვრებ მოსახლეობას დააზარალებს. ფინანსურად ეს უკვე აისახა საქართველოში ამ ადამიანების მიერ გადმოგზავნილ თანხაზე: 2015 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში გადმორიცხვები 20 პროცენტით (15 მილიონი დოლარით) არის შემცირებული და სულ პირველი ხუთი თვის მანძილზე საბერძნეთიდან ჩარიცხულია თითქმის 69 მილიონი აშშ დოლარი.

თუმცა საბერძნეთში მიმდინარე პროცესები საქართველოსთვის საინტერესოა არა მხოლოდ პირდაპირი ეფექტის, არამედ გამოცდილების გააზრების შესაძლებლობითაც. მაგალითად, ამ კრიზისის მიზეზებზე საუბრისას ექსპერტები ხაზს უსვამენ ციპრასის რადიკალური მემარცხენე პარტიის შემდეგ ნაბიჯებს:

შეჩერდა პრივატიზაციის პროცესი, შეტევა გამოცხადდა all inclusive ტიპის სასტუმრო ქსელებზე - ოჯახური ტიპის სასტუმროების გასაძლიერებლად; აღდგა ე.წ. "მწვანე სტუდენტების" სისტემა, რაც გულისხმობს სახელმწიფოს ხარჯზე განუსაზღვრელი წლებით სტუდენტად ყოფნას და სტუდენტური შეღავათებით სარგებლობას; აღდგა მე-13 და, ზოგ შემთხვევაში, მე-14 თვის პენსია; სამსახურში დაბრუნდნენ „ანტიკონსტიტუციურად განთავისუფლებული“ სახელმწიფო მოხელეები; საბერძნეთი გამოეთიშა ევროკავშირის განცხადებას რუსეთის მიმართ ახალი სანქციების დაწესებაზე (თუმცა, მოგვიანებით შეუერთდა); განიხილება ელექტროენერგიის ღირებულების შემცირება; გამოცხადდა გადასახადების გაზრდა მსხვილ მეწარმეებზე; სკოლებში დაბრუნდებიან ის მასწავლებლები, რომლებიც გაათავისუფლეს მათი საგნების გაუქმების გამო; სიღარიბის ზღვრად დადგინდა 751 ევრო და ა.შ.

ამ პოლიტიკის შედეგად, ქვეყანა, პრაქტიკულად, ბანკროტია და მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე დღის წინ მთავრობა თითქოსდა ძალიან რადიკალურად იყო განწყობილი ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი მკაცრი რეფორმების განხორციელების მიმართ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ საბერძნეთი ევროზონის კრიზისების მართვის ორგანოს - "ევროპული სტაბილურობის მექანიზს" - ორწლიანი საკრედიტო პროგრამის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართავს.

ალექსის ციპრასმა კრედიტორებს წერილი გაუგზანა, სადაც ის ამბობს, რომ მზად არის ევროზონის ლიდერების უმრავლესობის პირობებს დასთანხმდეს, თუმცა რამდენიმე პირობაში ცვლილების შეტანას ითხოვს, კერძოდ, სურს, რომ საბერძნეთის კუნძულების მოსახლეობისთვის დღგ-ის რაოდენობა შენარჩუნდეს და საპენსიო ასაკის 67 წლამდე გაზრდის პროცესი არა დაუყოვნებლივ, არამედ ოქტომბრიდან დაიწყოს.

ევროკომისიამ ორი დღის წინ ბერძნულ მხარეს ახალი წინადადებით მიმართა, კერძოდ, თუ ათენი დასთანხმდება საერთაშორისო კრედიტორების პირობებს რეფორმების გატარების შესახებ, მაშინ იგი 1,6 მილიარდი ევროს გადახდისგან თავისუფლდება. ევროზონის ლიდერების წინადადების შესახებ საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი ჩატარდება. რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, უჭერენ თუ არა ისინი მხარს ქვეყანაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარებას, რასაც საერთაშორისო კრედიტორები ფინანსური დახმარების ნაცვლად ითხოვენ.