საბანკო სექტორის მდგომარეობა საქართველოში

ლარის კურსის მუდმივი ცვლილების ფონზე საკმაოდ ხშირად გვავიწყდება დავსვათ კითხვა, რომელზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული საქართველოს ეკონომიკური სტაბულურობა: რამდენად სტაბილურია საქართველოს საბანკო სექტორი? - გვავიწყდება, რადგან ხშირად ვერც ვაცნობიერებთ, რომ სწორედ საბანკო სექტორის მდგრადობითაა განსაზღვრული მოსახლეობის დანაზოგების, სესხების მდგომარეობა, სწორედ ამ სექტორის სტაბილურობაა ერთ-ერთი ხელშემწყობი იმისა, რომ დიდი სავალუტო და საბანკო კრიზისები არ მოხდეს - ისეთი, როგორიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში საქართველომ უკვე გამოსცადა.

სტატისტიკური მონაცემები საბანკო სექტორს ჯერჯერობით განსაკუთრებული შეშფოთების საფუძველს არ აძლევს. 2015 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 20 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის, 16 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 2 - უცხოური ბანკის ფილიალით. წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.5 მლრდ ლარით, ანუ 2.4 პროცენტით, გაიზარდა და 22.7 მლრდ ლარი შეადგინა, თუმცა, ოპერაციების შედეგად (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე), ეს მაჩვენებელი 0.8 პროცენტით გაიზარდა, ხოლო კურსის ცვლილებამ მისი 1.6 პროცენტით ზრდა განაპირობა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 3.6 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 16.0 პროცენტია. უცხოური კაპიტალის მონაწილეობამ ბანკების მთლიან განაღდებულ საწესდებო კაპიტალში 69.6 პროცენტი შეადგინა. მარტის თვე საბანკო სექტორმა მოგებით დაამთავრა. წმინდა მოგებამ 39.6 მლნ ლარი შეადგინა, ხუთი უმსხვილესი აქტივების მქონე ბანკის წილმა კი საბანკო სექტორის მთლიან აქტივებში შეადგინა 77.2 პროცენტი.

სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ იანვრიდან, მარტის ჩათვლით, საბანკო დაწესებულებებში არსებული ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 29,4%-ითაა გაზრდილი და 325,6 მლნ ლარს შეადგენს. სებ-ის მონაცემებით, 2015 წლის იანვარში ვადაგადაცილებული სესხი, მთლიანად, 251, 6 მილიონ ლარს შეადგენდა, პირველი აპრილისთვის კი ეს რაოდენობა 325, 6 მილიონამდე გაიზარდა. ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელიც, აპრილის მდგომარეობით, იანვართან შედარებით, 15,7%-ით არის გაზრდილი, ხოლო, მარტთან შედარებით, ზრდა 4%-ს შეადგენს.

მიუხედავად ამისა, მოსახლეობა სესხის აღებას მაინც განაგრძობს, თუმცა სტატისტიკა იმასაც ამბობს, რომ ბანკები უფრო მეტი სიხარულით სესხს დოლარში იძლევიან. კერძოდ, 2015 წლის მარტში საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 377 მილიონი ლარით გაიზარდა. აქედან, 71 მილიონი ლარით გაიზარდა ლარში გაცემული სესხები, ხოლო 306 მილიონით -დოლარში გაცემული სესხები. შედეგად, საერთო სესხებში დოლარში გაცემული სესხების წილი 63.7%-დან 64.2%-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ დოლარში გაცემული სესხების ზრდიდან 93% გრძელვადიან სესხებზე მოდის. თებერვალში ეროვნული ვალუტით გაცემულ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 18.5% შეადგინა, ხოლო დოლარში - 10.7%.

სესხების სტატისტიკაც მოწმობს, რომ, მიუხედავად პრობლემებისა, მოთხოვნა საბანკო სესხებზე კვლავ არსებობს, იზრდება დოლარიზაციის მაჩვენებელი ანაბრებზე, თუმცა ნდობა საბანკო სექტორისადმი კვლავ შენარჩუნებულია. ამ ნდობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია არამხოლოდ ამ სექტორისთვის და, იმედია, ამას საქართველოში ყველა გააცნობიერებს.