საქართველოს ბანკებში მცირდება როგორც დაკრედიტების, ისე დეპოზიტების მოცულობა. ამას მოწმობს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაცია 2017 წლის თებერვლის მონაცემების შესახებ.
Your browser doesn’t support HTML5
ამ მონაცემების თანახმად, კომერციული ბანკების საკრედიტო დაბანდების მოცულობა 2017 წლის თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, 451.7 მლნ ლარით (2.4 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.6 პროცენტით გაიზარდა) და 2017 წლის პირველი მარტისთვის 18.7 მლრდ ლარი შეადგინა. ამავე ხანებში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 153.4 მლნ ლარით (2.3 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 605.0 მლნ ლარით (4.8 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირდა 0.3 პროცენტით).
რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის თებერვლის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.0 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით, 0.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო უცხოური ვალუტით 6.5 მლრდ ლარის (3.2 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი.
2017 წლის თებერვლის განმავლობაში 1.9 პროცენტით, ანუ 184.9 მლნ ლარით, შემცირდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის 9.4 მლრდ ლარი შეადგინა.
მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 36.31 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.59 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
დაკრედიტების მოცულობის პარალელურად, შემცირებულია დეპოზიტების რაოდენობაც, როგორც ვადიანი, ისე მოთხოვნამდე დეპოზიტების, რაც, დიდი ალბათობით, არასტაბილურობის შეგრძნებითა და დეპოზიტების დაბალი პროცენტით უნდა იყოს განპირობებული.
საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2017 წლის პირველი მარტისთვის 16.5 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 619.1 მლნ ლარით, ანუ 3.6 პროცენტით, ნაკლებია პირველი თებერვლისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე ნაკლებია 0.4 პროცენტით). თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 508.8 მლნ ლარით, ანუ 5.3 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.5 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 110.2 მლნ ლარით, ანუ 1.5 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე გაიზარდა 1.1 პროცენტით).
მიმდინარე წლის პირველი მარტისთვის დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 29.56 პროცენტი შეადგინა. პირველი თებერვლის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, დეპოზიტების ლარიზაცია 0.47 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.
ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 4.8 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 8.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.0 პროცენტი. უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 85.4 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 12.0 პროცენტი შეადგინა.
2017 წლის 1 მარტის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 13 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით და 1 - უცხოური ბანკის ფილიალით. თებერვალში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 0.9 მლრდ ლარით, ანუ 2.9 პროცენტით, შემცირდა და 29.3 მლრდ ლარი შეადგინა, თუმცა გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ეს მაჩვენებელი 0.1 პროცენტით შემცირდა. საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.1 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 14.1 პროცენტია.