ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოსთან დაკავშირებული დავა ამოწურულია

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს თანამშრომლები

ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო პერსონალი დაწესებულების მფლობელ კომპანია „ბლოკ ჯორჯიასთან“ შეთანხმდა. ექიმები მზად არიან ჩვეულ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა კომპანიის მიერ დანიშნულ ახალ დირექტორთან, ნოდარ ჩიქოვანთან. სამედიცინო მენეჯერის თანამდებობას დაიკავებს ყოფილი დირექტორი მადონა სართანია. შეთანხმების თანახმად, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რჩება ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და პაციენტებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ ამ მომსახურებით ისარგებლონ.

როგორც საავადმყოფოს ექიმმა თეიმურაზ მაჭავარიანმა რადიო თავისუფლებას განუცხადა, საავადმყოფოს მედპერსონალსა და კომპანია „ბლოკ ჯორჯიას“ შორის არსებული დავის მოგვარებაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ და ადგილობრივმა თვითმმართველობამ:

„C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ჩაერია სამინისტრო, ჩაერია ადგილობრივი ხელისუფლება, მათ ეს პრობლემა გულთან ახლოს მიიტანეს - ჩვენც დაგვათმობინეს და იმათაც დაათმობინეს. ნუ, ყოველ შემთხვევაში, თანაარსებობას შევძლებთ”.

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორს ნოდარ ჩიქოვანს პირველ სამუშაო დღეს საავადმყოფოში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე კობა ქანთარია და ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ახლდა. ნოდარ ჩიქოვანის განმარტებით, სამედიცინო დაწესებულებამ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა და პრობლემებს ამ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებითვე, დაწესებულებაში საკადრო ცვლილებები დაგეგმილი არ არის:

„განვაგრძობთ მუშაობას ჩვეულებრივად, ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო. მადონა სართანიასთან მივაღწიეთ შეთანხმებას და ის სამედიცინო მენეჯერის თანამდებობაზე აგრძელებს უფლება-მოვალეობის შესრულებას”.

დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევას ხელი შეუწყო ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ვალერი კვარაცხელიას მიერ 12 იანვარს გაკეთებულმა განცხადებამ. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოს და „ბლოკ ჯორჯიას” 48-საათიან ვადას აძლევს მდგომარეობის გამოსასწორებლად, წინააღმდეგ შემთხვევაში კი საავადმყოფო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამიდან მოიხსნება. ვალერი კვარაცხელიას განმარტებითვე, C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამისთვის, ქვეყნის მასშტაბით, 12 სერვისცენტრის შერჩევას ძალინ დიდი დრო და ენერგია მოხმარდა, მათ შორის, ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს სათანადოდ აღჭურვასაც.

„C ჰეპატიტი იმდენად მნიშვნელოვანია სამინისტროსთვის, იმდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის, ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ თუნდაც ერთ პაციენტს... და სიმართლე გითხრათ, არც ისე ბევრს შეექმნა პრობლემა... ზუსტად ერთს შეექმნა და ჩემთვის ეს სიგნალი იყო, რომ მე ეს ბრიფინგი ჩამეტარებინა და აქვე განმეცხადებინა, რომ 48 საათის განმავლობაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, გარანტიას ვაძლევ, რომ C ჰეპატიტის პროგრამა, რომლის პროვაიდერიც გახლავთ ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფო, სხვა სამედიცინო დაწესებულებაში განხორციელდება“, - განაცხადა ვალერი კვარაცხელიამ.

დავა მედპერსონალსა და საავადმყოფოს მფლობელ კომპანია "ბლოკ ჯორჯიას" შორის რამდენიმე თვეა გრძელდება. სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლები შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ კომპანიის მიერ დანიშნულ ახალ დირექტორს, ნოდარ ჩიქოვანს. ექიმები ამბობდნენ, რომ ისინი არ ცნობენ "ბლოკ ჯორჯიას", რადგან მას დაწესებულებაში ერთი ლარის ინვესტიციაც არ განუხორციელებია. მედპერსონალი ასევე აცხადებდა, რომ არსებობს მათი სამსახურიდან დათხოვნისა და დაწესებულებაში მიმდინარე პროგრამების - მათ შორის, C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამის - გაუქმების საფრთხე. თავის მხრივ, კომპანია "ბლოკ ჯორჯიაში" განმარტავდნენ, რომ ყოფილი დირექტორის მადონა სართანიას ხელმძღვანელობის პირობებში, სუსტი მენეჯმენტის გამო, დაწესებულება ვერ განვითარდა.