საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, 8 სექტემბერს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სუბიექტების პროპორციული სიების წარდგენის ვადა ამოიწურა.
წინასწარი ინფორმაციით, რეგისტრირებულია 27 სუბიექტი. მათ რიგში ამ დროისთვის არ მოიაზრება საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები - ჩვენი სამშობლო“ , რომელმაც ცენტრალური საარჩევნო კომისიის გრაფიკით განსაზღვრულ დროში საარჩევნო სიის წარდგენა ვერ შეძლო. ცნობილია, ასევე, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 21 მანდატისათვის 8 ოქტომბრის არჩევნებში 15 პოლიტიკური სუბიექტი იბრძოლებს. შეძლებს თუ არა „თოფაძე-მრეწველები“ ვითარების გამოსწორებას და კიდევ რა სიურპრიზები გამოვლინდა საარჩევნო სიების წარდგენის პროცესში?
შეძლებს თუ არა საარჩევნო ბლოკი „თოფაძე-მრეწველები-ჩვენი სამშობლო“ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, 10 დღის ვადაში გახდება ცნობილი - სწორედ ეს ვადა აქვს განსაზღვრული ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესასწავლად და, ხარვეზების აღმოჩენის შემთხვევაში, პარტიებისთვის მათ დასაბრუნებლად. ხარვეზების გამოსასწორებლად პარტიებს 3 დღე მიეცემათ. ის, რომ პროცედურების დაცვას კომისია განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდება, „თოფაძე-მრეწველების“ მიერ სიის წარდგენის პროცესში დრამატულად გამომჟღავნდა: ტექნიკური ხარვეზის გამო, პარტიამ სიის წარდგენის ვადა სულ რამდენიმე წუთით ვერ დააკმაყოფილა, რაც, შესაძლოა, მას რეგისტრაციიდან მოხსნის ფასადაც კი დაუჯდეს.
Your browser doesn’t support HTML5
“არაფერი შეცდომა ჩვენ არა გვაქვს. ხარვეზი იყო ის, რომ კომპიუტერული ხარვეზი იყო ამობეჭდვის დროს სიის, რომელიც უნდა შეგვეცვალა და შევცვალეთ კიდეც თავის დროზე და მოვიტანეთ კიდეც და ჩავაბარეთ ყოველგვარი პრობლემის გარეშე. ჩაბარების პროცესი დაიწყო გუშინ ექვსის ოცდაოთხ წუთზე, პროცესი არ შეჩერებულა, პროცესი დამთავრდა შვიდის თორმეტ წუთზე, რასაც ესენი თვლიან, ასე ვთქვათ, ხარვეზად. მიმაჩნია, რომ კანონმდებლობის მხრივ არაფერი ხარვეზი არ გვქონია. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც, ჩაბარებული გვაქვს და ადასტურებენ, რომ ჩაბარებული გვაქვს აბსოლუტურად ყველაფერი“, აცხადებს „თოფაძე-მრეწველების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ტყემალაძე, და იქვე ცენტრალურ საარჩევნო კომისიას პოლიტიკური დავალებების შესრულებაში ადანაშაულებს.
ტყემალაძე ფიქრობს, რომ მისი პარტიის საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნით ვიღაცაა დაინტერესებული, ვინც მისი იქ ყოფნის დროსაც დაურეკა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს. მრეწველები, რეგისტრაციიდან მოხსნის შემთხვევაში, სამართლებრივი დავის წამოწყებას აპირებენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მრჩეველი კი, სპიკერი ანა მიქელაძე, აზუსტებს, რომ საარჩევნო სიის წარდგენის პროცესში კანონი ნამდვილად დაირღვა:
“ვადის ამოწურვის შემდგომ კანცელარიამ დაასრულა მუშაობა 6 საათზე, როგორც არის კანონმდებლობით გათვალისწინებული. იმ შემთხვევაში, თუკი ვადის ამოწურვის შემდგომ იყო კონკრეტული საარჩევნო სუბიექტის მიერ წარმოდგენილი პარტიული სია, რა თქმა უნდა, ის ვერ იქნებოდა მიღებული და ჩაბარებული, ვინაიდან განცხადებების შემოტანის ვადა იყო უკვე გასული“.
ანა მიქელაძე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე ზეწოლას გამორიცხავს და აღნიშნავს, რომ „თოფაძე-მრეწველების“ საარჩევნო რეგისტრაციიდან მოხსნის საკითხზე გადაწყვეტილებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მიიღებს.
შიდაპარტიული განხეთქილების საბაბი გახდა საარჩევნო სიის გასაჯაროება მოძრაობაში „პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისათვის“. პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და გამგეობის წევრმა, ხათუნა ლაგაზიძემ, რომელიც პაატა ბურჭულაძის საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა. სიაში არ არის არც მოძრაობის კიდევ ერთი ლიდერი, გიორგი რუხაძე. როგორც ხათუნა ლაგაზიძემ მედიასაშუალებებს განუცხადა, პაატა ბურჭულაძე კრიმინალური მენტალობის მქონე ჯგუფის მძევალი გახდა და გაყიდა საკუთარი პარტია თავისი სტრუქტურებით, ადამიანებითა და იდეებით:
„’გირჩთან’ შეერთების გადაწყვეტილება, როგორც საარჩევნო სიამ აჩვენა, მიიღო არა იმიტომ, რომ გადაერჩინა პარტია, როგორც ამას ამტკიცებდა, არამედ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. ამის დასტური გახლავთ საარჩევნო სიაც, სადაც პაატა ბურჭულაძის პარტიის ნარჩენებიდან მხოლოდ სამი ადამიანია წარმოდგენილი. დანარჩენი სია დაკომპლექტებულია გამყიდველი ნაციონალებისგან და კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების ზეწოლით“.
ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ მას და მისი ოჯახის წევრებს ამ ადამიანებისგან საფრთხე ემუქრებათ და ამიტომ მიმართავს სამართალდამცავებს, უზრუნველყონ მათი დაცვა მინიმუმ არჩევნებამდე პერიოდში.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საარჩევნო სიების წარდგენის დღეს, საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციით, თავის მხრივ, ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა მმართველი პარტია „ქართული ოცნებაც“. უშუალოდ მის საარჩევნო სიაზე საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ამბობს, სიამ გამოაჩინაო, რომ მმართველმა პარტიამ 4 წლის მანძილზე თავისი ელიტა ვერ აღზარდა:
მაგალითად, სახელისუფლებო პარტიას, ვხედავთ, ძალიან ცოტა ქალი ჰყავს წარდგენილი. როდესაც ახალი სახეების წარდგენისას 8 ქალი ჰყავდათ და 7 კაცი და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ეს, როგორც რაღაცნაირი გენდერული კვოტის დაცვის შესაძლებლობა, წარდგენილი სიის 155 კანდიდატიდან სულ 18 ქალი ჰყავთ ამ ეტაპზე....მაია გრძელიშვილი
“ფაქტობრივად, პირველ ათეულს აკომპლექტებს ქუჩიდან, პირობითად, ხომ, ქუჩიდან - მე არ ვგულისხმობ ნეგატიურ კონტექსტში, ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც პარტიაში არ არიან გამოზრდილები, ანუ პოლიტიკაში არ ყოფილან, არა აქვთ ცნობადობა, საჯარო სივრცესთან კომუნიკაციის გამოცდილება. როდესაც ესეთ ადამიანებს იფარებ წინ, ირიბად ნიშნავს, რომ შენ აღიარებ შენს წარუმატებლობას, ანუ იმას, რომ ვერავინ ვერ გაზარდე, გრცხვენია საკუთარი პოლიტიკური ელიტის და ამიტომ იძულებული ხარ წინ წამოსწიო ადამიანები, რომლებზეც შეიძლება კარგიც ვერავინ ვერაფერი თქვას, მაგრამ ცუდიც არაფერია სათქმელი“.
მმართველი პარტიის 155-კაციან სიაში 18 ქალი კანდიდატია. საარჩევნო სიებში გენდერული ბალანსის დაცვის საკითხებზე კომენტარისთვის ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელს, მაია გრძელიშვილს, მივმართეთ. იგი ამბობს, რომ, გენდერული კვოტირების კანონის მიღების ჩაგდების შემდეგ, პოლიტიკურმა პარტიებმა არც შიდაპარტიული კვოტირების პირობა შეასრულეს:
“მაგალითად, სახელისუფლებო პარტიას, ვხედავთ, ძალიან ცოტა ქალი ჰყავს წარდგენილი. როდესაც ახალი სახეების წარდგენისას 8 ქალი ჰყავდათ და 7 კაცი და ფართო საზოგადოებას წარუდგინეს ეს, როგორც რაღაცნაირი გენდერული კვოტის დაცვის შესაძლებლობა, წარდგენილი სიის 155 კანდიდატიდან სულ 18 ქალი ჰყავთ ამ ეტაპზე. „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, მათ 57-დან 15 ქალი ჰყავთ“.
მაია გრძელიშვილი ამბობს, რომ პარტიებმა ძირითადად არ დაიცვეს არც წამახალისებელი 30-პროცენტიანი ნორმა, გარდა „თავისუფალი დემოკრატების“, რესპუბლიკელებისა და „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“. მაია გრძელიშვილის ვარაუდით, შესაძლოა, ახალი მოწვევის პარლამენტში, წინა მოწვევის პარლამენტთან შედარებით, ნაკლები ქალი მოხვდეს.