საარჩევნო ოლქების საზღვრები კიდევ ერთი ცვლილების ფონზე

საქართველოს პარლამენტი ხვალ, 18 დეკემბერს, მეორე მოსმენით განიხილავს „საარჩევნო კოდექსში ცვლილებების კანონპროექტს“, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების“ ახლებურად, საკონსტიტუციო სასამართლოს 28 მაისის გადაწყვეტილების შესაბამისად განსაზღვრას გულისხმობს. პლენარულ სხდომამდე კანონპროექტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. კომიტეტზე კანონპროექტის შესწორებული ვარიანტი წარადგინეს.

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს კანონპროექტი, შესწორებული სახით, - კერძოდ, ახალ საზღვრებში საარჩევნო ოლქების ცხრილის სახით, - 17 დეკემბერს უშუალოდ სხდომის მსვლელობისას დაურიგეს. პროექტში, მისი წარმდგენების თანახმად, აისახა პირველ მოსმენაზეგამოთქმული შენიშვნები და, შესაბამისად, მაჟორიტარული ოლქების საზღვრებიც ნაწილობრივ შეიცვალა, თუმცა პროექტში ასახული ამ სიახლეების გაცნობის საშუალება კომიტეტის წევრებს არ მიეცათ. სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია უმცირესობის - კერძოდ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის - უკმაყოფილება სხდომაზე:

“ნახევარი საათი უნდა მოგვცეთ მაინც, რომ გავიგოთ, სოფლები სად რა შეტენეთ-გამოტენეთ“.

სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ გაირკვა, რომ თბილისს, კანონპროექტის პირველი ვერსიისგან განსხვავებით, 18-ის ნაცვლად, 22 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი ექნება და, ამავდროულად, თბილისისა და გარდაბან-მარტყოფის მაჟორიტარული ოლქები გაერთიანდება. 2 საარჩევნო ოლქით იქნება წარმოდგენილი რუსთავის მუნიციპალიტეტი. პროექტის პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, მესტია დამოუკიდებელი საარჩევნო ოლქი აღარ იქნება და საერთო მაჟორიტარი ეყოლება ცაგერთან, ლენტეხთან, ამბროლაურსა და ონთან ერთად. ერთ მაჟორიტარულ ოლქში გაერთიანდებიან დუშეთ-თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტები და სხვა.

პროექტის ერთ-ერთი წარმდგენის, დეპუტატ ზვიად ძიძიგურის, განმარტებით, მოსაზრება, რომელიც შეთავაზებულ ვარიანტს ეფუძნება, იყო მანდატების გამოთავისუფლება არსებული მუნიციპალიტეტების საზღვრებში, თუმცა ოლქების საზღვრები მუნიციპალიტეტების საზღვრებს არ ემთხვევა:

ვაერთიანებთ რა ახალქალაქსა და ნინოწმინდას, იქიდან ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ ერთ მაჟორიტარს ვიღებთ, მაშინ როდესაც სხვა რაიონებიდან, სადაც კომპაქტურადაა დასახლებული სხვა ეროვნული უმცირესობები, არჩეული იქნება სამი ან მეტი დეპუტატი...
სამველ პეტროსიანი

“როცა მუნიციპალიტეტების საზღვრები არ ემთხვევა მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის საზღვრებს, პირიქით, ეს არის უკეთესი თვითმმართველობის განვითარებისთვისაც, ფუნქციებისა და უფლებამოსილებების გამიჯვნის თვალსაზრისითაც მაჟორიტარ დეპუტატსა და არჩეულ გამგებელსა და მერს შორის. ამიტომ ამაზე ჩვენ, რა თქმა უნდა, წავედით“.

საარჩევნო კოდექსში „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული ცვლილებები 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის უცვლელად ტოვებს მაჟორიტარული ოლქების საერთო რაოდენობას. პროექტი მიზნად ისახავს 73 ოლქში ამომრჩეველთა რაოდენობა მეტ-ნაკლებად საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ვენეციის კომისიის პრაქტიკის შესაბამისად, 10-15-პროცენტიანი გადახრის დაშვებით გაათანაბროს. საქართველოს შემთხვევაში ეს 47 000 ამომრჩეველზე ცოტა მეტია. დეპუტატი სამველ პეტროსიანი ფიქრობს, რომ პროექტით შესაძლოა ეროვნული უმცირესობების ერთი ნაწილის წარმომადგენლობა პარლამენტში შემცირდეს:

“ვაერთიანებთ რა ახალქალაქსა და ნინოწმინდას, იქიდან ჩვენ პრაქტიკულად მხოლოდ ერთ მაჟორიტარს ვიღებთ, მაშინ როდესაც სხვა რაიონებიდან, სადაც კომპაქტურადაა დასახლებული სხვა ეროვნული უმცირესობები, არჩეული იქნება სამი ან მეტი დეპუტატი. ასეთ შემთხვევაში ჩვენ, ჯავახეთის სომხები, თავს დაჩაგრულებად ვიგრძნობთ. ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრება არაა. ასე ფიქრობს პრაქტიკულად ყველა ამომრჩეველი“.

საარჩევნო კოდექსში ცვლილებების პროექტის მეორე მოსმენას საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ეწსრებოდა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ წარმომადგენელიც. ოლქების ახლებური გადანაწილების შესახებ ცხრილების სახით დარიგებული დოკუმენტის გაცნობისას ორგანიზაციის საარჩევნო პროექტების ხელმძღვანელი ლელა ტალიური ამბობს, რომ საზღვრების გადანაწილების ლოგიკა, ისევე როგორც პირველ ვარიანტში, გაუგებარია მეორე ვარიანტშიც და კითხვები კრიტერიუმებთან დაკავშირებით კვლავ ძალაში რჩება. რაც შეეხება ოლქების ზოგადმასშტაბებს:

“ცხრილის სახით ვხედავთ, რომ, ფაქტიურად, ერთი საკითხი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებს აწუხებდათ ამჯერად, ეს იყო ვენეციის კომისიის სტანდარტებთან პირველი ვერსიის შემთხვევაში გადახრების საკითხი, როდესაც მთელ რიგ შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებდა ის ვერსია გადახრებთან დაკავშირებით მოთხოვნებს. ამჯერად ამ ვერსიას აქვს მცდელობა, რომ, შესაბამისად, 10-პროცენტიან და 15-პროცენტიან გადახრაში ჩაჯდეს. ერთი შეხედვით, ყოველ შემთხვევაში, ასე ჩანს“.

თუმცა ლელა ტალიური ამბობს, რომ სამოქალაქო სექტორის მთავარ მოთხოვნად მაჟორიტარული სისტემის გაუქმება რჩება. საარჩევნო ოლქების საზღვრების ახალი გადანაწილების შესახებ დასკვნას კი „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.