„სააკაშვილის საკითხი“ უკრაინასა და საქართველოში

მიხეილ სააკაშვილი კიევში

უკრაინის „ახალ ძალთა მოძრაობის“ ლიდერი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, კვლავ რჩება უკრაინის პარლამენტის შენობასთან გაშლილ ე. წ. „კარვების ქალაქში“ და არ აპირებს დასაკითხად მივიდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში, რომელსაც სააკაშვილი ძებნაში ჰყავს გამოცხადებული სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლით. მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა თბილისშიც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა მსვლელობა გამართეს რუსთაველის გამზირზე და განაცხადეს, რომ საქართველოსა და უკრაინაში ოლიგარქიული მმართველობა უნდა დასრულდეს.

Your browser doesn’t support HTML5

„სააკაშვილის საკითხი“ უკრაინასა და საქართველოში

6 დეკემბერს, დილით, მიხეილ სააკაშვილის მომხრეების მიერ მოწყობილ კარვების ქალაქზე იერიში მიიტანეს უკრაინელმა სამართალდამცავებმა, რომლებიც სააკაშვილის დაკავებას ცდილობდნენ, თუმცა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მომხრეებმა იერიში მოიგერიეს. შეტაკების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მშვიდად არის და თავისი მხარდამჭერების იმედი აქვს:

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისში

„ჩვენ უნდა ვიყოთ მშვიდად, წყნარად. შეამოწმეს ხალხის მობილიზაცია. ახლა მოცვივდება მთელი კიევი, რამდენიმე ათასი ადამიანი. ხელისუფლება ამოწმებს თავის თავს, ხალხიც ამოწმებს თავის თავს. მაგარი ხალხია, სწრაფად აკეთებენ მობილიზებას“.

მიხეილ სააკაშვილს უკრაინის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლის დარღვევაში ადანაშაულებს. კერძოდ, პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია:

„სააკაშვილი ძებნაშია გამოცხადებული და ის ეჭვმიტანილია დანაშაულის ჩადენაში, რომელიც გათვალისწინებულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით, 28-ე მუხლის მეორე ნაწილით და 256-ე მუხლის მეორე ნაწილით. შესაბამისად, მიხეილ სააკაშვილი ეჭვმიტანილია შემდეგი მუხლებით: დანაშაულის მცდელობა, პირთა ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული წინასწარი შეთანხმებით, დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეებისთვის დახმარების გაწევა და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა“.

ბრალდების პასუხად მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ უკრაინის ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს მის წინააღმდეგ. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ყურადღებით აკვირდება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი, რომლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჰიზერტ ნოიერტმა განაცხადა:

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისში

„ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა უკრაინის მთავრობასთან, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ აბსოლუტურად ყველაფერში ვეთანხმებით. ჩვენ მივმართავთ უკრაინის ხელისუფლებას, განმუხტოს შექმნილი სიტუაცია. ჩვენ გვაქვს გავრცელებული ინფორმაცია კიევის ქუჩებში განვითარებული მოვლენების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს - არ დაუშვან ძალადობა, დაიცვან კანონის უზენაესობა და, ასევე, საერთაშორისო ვალდებულებები“.

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია გაიმართა თბილისში. „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით რუსთაველის მოედანთან შეკრებილმა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მსვლელობა მოაწყო საქართველოს მთავრობის კანცელარიამდე. აქციაზე უკრაინის ეროვნული დროშით იყო მისული ნიკოლოზ ნარსია:

„ეს დროშა იმიტომ მოვიტანეთ, რომ აქედან სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხსა და მიხეილ სააკაშვილს და ვერანაირი ბორკილები ვერ შეაკავებს თავისუფლებისთვის ბრძოლას. გავიმარჯვებთ უკრაინასა და საქართველოში. დავამარცხებთ ბინძურად მოთამაშე ოლიგარქებს“, უთხრა ნიკოლოზ ნარსიამ რადიო თავისუფლებას.

„ნაციონალური მოძრაობის“ აქცია თბილისში

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა თავიანთ მსვლელობას ღირსების მანიფესტაცია უწოდეს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, კობა ხაბაზის, თქმით, საქართველოსა და უკრაინას ერთ მტერთან და მსგავს პრობლემებთან უწევთ გამკლავება:

„ჩვენ, ორ ქვეყანას, - საქართველოს და უკრაინას - ერთნაირი სიტუაცია გვაქვს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დაწყებული, საერთო მტრით დამთავრებული, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნები განვითარდნენ სწორად, ამისთვის კი აუცილებელია, რომ საქართველო და უკრაინა იყვნენ ოლიგარქების გარეშე. ოლიგარქების პირობებში არც საქართველოს და არც უკრაინას მომავალი არ აქვს“.

უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომელთა ეპიცენტრშიც იმყოფება მიხეილ სააკაშვილი, გულგრილს ვერ ტოვებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს, თუმცა, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, საქმე გვაქვს უკრაინის შიდა პოლიტიკურ პროცესებთან, რომელშიც გადამწყვეტი სიტყვა უკრაინელ ხალხს ეკუთვნის:

როგორც ჩანს, პოროშენკოსა და მის ხელისუფლებას მართლაც არ აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ჯერჯერობით ასევე არ აქვს დიდი მხარდაჭერა სააკაშვილს. მიდის მისი ლიდერად ჩამოყალიბებისმაგვარი პროცესი. ამის მომსწრე ჩვენ ვიყავით არაერთგზის არამარტო სააკაშვილის მაგალითზე და მეჩვენება, რომ რაღაც ნაცნობი სცენარი ვითარდება უკრაინაში...
ვახტანგ ძაბირაძე

„ბატონი სააკაშვილი, თავის მომხრეებთან ერთად, უკრაინის საზოგადოებას სთავაზობს რევოლუციას. თუ რამდენად მისაღებია ეს რევოლუცია უკრაინელებისთვის, ეს თავად მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეებს, ჩვენი ხელისუფლებისთვის ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის სამართლებრივი საკითხი. საქართველოს პროკურატურას ექსტრადიციის მოთხოვნა გაგზავნილი აქვს, გუშინ კი მოვისმინეთ უკრაინის ხელისუფლების ოფიციალური განცხადება, სადაც მათ თქვეს, რომ ექსტრადირება ამ ეტაპზე არ განიხილება“.

მიხეილ სააკაშვილის გარშემო მიმდინარე მოვლენებში გარკვევას ცდილობენ ქართველი პოლიტოლოგებიც. ვახტანგ ძაბირაძის თქმით, უკრაინის ხელისუფლება ან მეტისმეტად უსუსურია, ან ვიღაც შეგნებულად ცდილობს მიხეილ სააკაშვილისგან გმირის შექმნას.

„ძნელია ამის ზუსტი დიაგნოსტირება, მაგრამ, ზოგადად, ეს თითქოს ასე ჩანს. სხვა ამბავია ის, რომ, როგორც ჩანს, პოროშენკოსა და მის ხელისუფლებას მართლაც არ აქვს მხარდაჭერა, მაგრამ ჯერჯერობით ასევე არ აქვს დიდი მხარდაჭერა სააკაშვილს. მიდის მისი ლიდერად ჩამოყალიბებისმაგვარი პროცესი. ამის მომსწრე ჩვენ ვიყავით არაერთგზის არამარტო სააკაშვილის მაგალითზე და მეჩვენება, რომ რაღაც ნაცნობი სცენარი ვითარდება უკრაინაში, რაც არაერთხელ მომხდარა საქართველოში“, უთხრა ვახტანგ ძაბირაძემ რადიო თავისუფლებას.