ოდესის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილისა და უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის დაპირისპირებაში ახალი მძლავრი პოლიტიკური მოთამაშე ჩაერია, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის სახით, რომელმაც ამ კონფრონტაციაში პრემიერ-მინისტრს დაუჭირა მხარი. უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან 14 დეკემბერს გამართულ რეფორმების საბჭოს სხდომაზე არსენ ავაკოვმა მძიმე ბრალდებები წაუყენა მიხეილ სააკაშვილს. ესეც არ აკმარა, სახეში წყალი შეასხა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს „უკრაინიდან მოშორება“ უბრძანა. სკანდალური სხდომის დასრულების შემდეგ ოდესის გუბერნატორმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი სხვებთან ერთად მონაწილეობს „ქვეყნის ძარცვაში“.
ავაკოვის ერთი ჭიქა წყალი
უკრაინის ოდესის ოლქის გუბერნატორს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც სამშობლოში რამდენიმე გახმაურებულ სისხლის სამართლის, მათ შორის, „სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით არის ბრალდებული, სხვადასხვა სახის პოლიტიკური ბრალდებების გამო თავის მართლება უკვე უკრაინაშიც უხდება. თანაც, რეგიონის გუბერნატორი, რომელიც ამ პოსტზე მხოლოდ მაისის თვიდან მუშაობს, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა, ქვეყნის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოსა და პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის თანდასწრებით, 14 დეკემბერს რეფორმების საბჭოს დახურულ სხდომაზე სახელმწიფო სახსრების გაფლანგვასა და რუს ოლიგარქ დმიტრი მაზეპინთან ფარულ კავშირში დაადანაშაულა.
ამ ბრალდებების შესახებ ჟურნალისტებს სხდომის დასრულების შემდეგ თავად მიხეილ სააკაშვილმა უამბო. პრესკონფერენციაზე მან დეტალურად აღწერა ავაკოვთან დაპირისპირების ეპიზოდი, რომლის დროსაც უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ოდესის გუბერნატორს სახეში წყალი შეასხა:
„ავაკოვმა დაიწყო ლაპარაკი ჩემს რაღაც მილიარდებზე, რომლებიც მე ვითომ მოვიპარე. ეს რუსეთის პროპაგანდის საყვარელი თეზისია. ამის შემდეგ მოითხოვა ჩემგან, რომ მოვშორდე მის საყვარელ უკრაინას“.
ამასთან, მიხეილ სააკაშვილის თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრისათვის ზემოხსენებულ სხდომაზე მხარი დაუჭერია უკრაინის პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკს, რომელიც ოდესის გუბერნატორმა საჯაროდ არაერთხელ დაადანაშაულა ოლიგარქების მფარველობასა და კორუფციული სქემებით საბიუჯეტო სახსრების მითვისებაში. სააკაშვილის განცხადებით, იაცენიუკს მისთვის შეურაცხყოფა მიუყენებია და უკრაინიდან მოშორება მოუთხოვია:
„პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა მიწოდა „გასტროლიორი“, მომიწოდა მოვშორდე აქაურობას. არ მოვყვები მისი სხვა სალანძღავი გამოთქმების ციტირებას. ვფიქრობ, ეს ვიდეო უნდა გამოქვეყნდეს, რათა ხალხმა იცოდეს, როგორ გამოიყურება პრემიერ-მინისტრი, რომელმაც სახე დაკარგა“.
„გასტროლიორთა“ გუნდი და მდუმარე პოროშენკო
ოდესის ოლქის გუბერნატორს სიტყვა „გასტროლიორი“ პირველად რამდენიმე დღის წინ უკრაინელმა კანონმდებელმა, პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელმა დმიტრი გოლუბევმა უწოდა.
ამ თანხებით ისინი აწყობენ ბანკეტებს, ყიდულობენ ძვირად ღირებულ ავტომობილებს, გასართობ ღონისძიებებზე იძახებენ მომღერლებს რომიდან და თბილისიდან და ხარჯავენ ფულს პირადი რეკლამისთვის. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ! ყველამ უნდა გაიგოს, რომ ესაა ქართველთა ბანდა...დმიტრი გოლუბევი
მიხეილ სააკაშვილის „უკანონო“ საქმიანობას 10 დეკემბერს დეპუტატმა სამწუთიანი გამოსვლა მიუძღვნა უკრაინის საკანონმდებლო ორგანოში, „ვერხოვნა რადაში“:
„სააკაშვილის გუნდი იპარავს და ყოველდღიურად ფლანგავს თანხებს იმ საქველმოქმედო ფონდიდან, რომელიც ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში მყოფ მებრძოლთა რეაბილიტაციის პირადი საჭიროებისთვის შეიქმნა. ამ თანხებით ისინი აწყობენ ბანკეტებს, ყიდულობენ ძვირად ღირებულ ავტომობილებს, გასართობ ღონისძიებებზე იძახებენ მომღერლებს რომიდან და თბილისიდან და ხარჯავენ ფულს პირადი რეკლამისთვის. ამას ბოლო უნდა მოვუღოთ! ყველამ უნდა გაიგოს, რომ ესაა ქართველთა ბანდა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გასტროლებზე ჩამოვიდა როგორც საცირკო ჯგუფი და აგროვებს ფულს საქართველოს საშემოდგომო არჩევნებისათვის. და ის აქედან წავა და დაგვიტოვებს კორუფციულ სკანდალებს, გაფლანგვას და სირცხვილს, რომელიც მათი მიზეზით ჩვენს გუნდს ადგება“.
მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოთქმულ ამ ბრალდებებზე საკუთარი პოზიცია არ დაუფიქსირებია ქვეყნის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს, რომლის ბრძანებითაც დაინიშნა ექვსი თვის წინ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტო ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე. შესაბამისად, ძნელი სათქმელია, თუ რომელი ბანაკისადმი თანხმობას მოასწავებს ქვეყნის პრეზიდენტის დუმილი. „ბანაკებიც“, ალბათ, ძალიან ხმამაღლა ნათქვამია. იმ ბრძოლაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა სკანდალური ბრალდებებით დაიწყო პრემიერ-მინისტრისა და მისი გუნდის წინააღმდეგ, ოდესის გუბერნატორს ჯერჯერობით მხოლოდ საზოგადოების მხარდაჭერა აქვს, თუმცა ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენად მყარია ეს მხარდაჭერა იმ მძლავრი კომპრომატების ფონზე, რის შეგროვებასა და გამოქვეყნებაშიც 14 დეკემბრის სკანდალის შემდეგ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროც უკვე ღიად ჩაება.
„მე მათ კონკრეტული პასუხი გავეცი. მე ვთვლი, რომ უკრაინაში მიდის სახელმწიფოს ძარცვა და ამ ძარცვაში მინისტრი ავაკოვიც შემჩნეულია“,- განაცხადა 14 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილმა.
მე მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და მის დამქაშ არსენ ავაკოვს, რომლებიც „გასტროლიორს“ მიწოდებენ და უკრაინიდან მოშორებას მთავაზობენ. მე სიამაყით ვატარებ უკრაინის მოქალაქის პასპორტს...მიხეილ სააკაშვილი
პასუხად, უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომუნიკაციის დეპარტამენტის დირექტორმა არტემ შევჩენკომ 15 დეკემბერს საკუთარი ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისა და რუსი ოლიგარქის, დმიტრი მაზეპინის, შეხვედრაა გადაღებული.
სააკაშვილის მოწინააღმდეგეების ვარაუდით, ოდესის გუბერნატორი, სწორედ რუსული ბიზნესის ინტერესებიდან გამომდინარე, აფერხებს ოდესის პორტისპირა ქარხნის პრივატიზებას.
უსიამოვნო სიურპრიზი კოლომოისკისაგან
უკრაინელ ოლიგარქებსა და მათ მფარველ სამთავრობო კლანთან დაპირისპირებული მიხეილ სააკაშვილისათვის უსიამოვნო სიურპრიზად შეიძლება ჩაითვალოს 15 დეკემბერს კიევის პოდოლსკის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. სასამართლომ „არასარწმუნო და სინამდვილესთან შეუსაბამო“ უწოდა მიხეილ სააკაშვილის მიერ ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში 2015 წლის 19 ივლისს გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც ოდესის გუბერნატორმა გადასახადების დამალვასა და კონტრაბანდის მფარველობაში დაადანაშაულა დნეპროპეტროვსკის ყოფილი გუბერნატორი, გავლენიანი ოლიგარქი იგორ კოლომოისკი. სასამართლოს განჩინებით, სააკაშვილმა 10 დღის განმავლობაში უნდა უარყოს არასანდო ინფორმაცია და სასამართლოს გადაწყვეტილება იმავე ტელეარხის ეთერში წაიკითხოს.
სააკაშვილს სასამართლოს ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა ოდესის ოლქის გუბერნატორი უკან დახევას არ აპირებს.
„მე მინდა ვუპასუხო პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკსა და მის დამქაშ არსენ ავაკოვს, რომლებიც „გასტროლიორს“ მიწოდებენ და უკრაინიდან მოშორებას მთავაზობენ. მე სიამაყით ვატარებ უკრაინის მოქალაქის პასპორტს. ეს არა მხოლოდ ფორმალური დოკუმენტია, არამედ ჩემი ვალდებულებაც უკრაინელი ხალხის მიმართ“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც მზად არის, რომ პრემიერ-მინისტრისა და შინაგან საქმეთა მინისტრის კორუფციული საქმიანობის დამადასტურებელი მტკიცებულებები ანტიკორუფციულ პროკურატურას გადასცეს.