მიხეილ სააკაშვილი - სახლის სახურავიდან უკრაინის პარლამენტამდე

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

5 დეკემბერს კიევში, თბილისის დროით 12 საათზე, საკუთარ საცხოვრებელ სახლში დააკავეს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი და „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი.

Your browser doesn’t support HTML5

მიხეილ სააკაშვილი - სახლის სახურავიდან უკრაინის პარლამენტამდე

უკრაინული მედიის ცნობით, ოპერაცია ადგილობრივი დროით 07:30 საათზე დაიწყო. შეიარაღებულმა სპეცრაზმმა მიხეილ სააკაშვილის საცხოვრებელი ბინის კარი შეამტვრია და ჩხრეკა დაიწყო. მიხეილ სააკაშვილი გარკვეული ხნის განმავლობაში შენობის სახურავზე იმყოფებოდა, საიდანაც მის სახლთან შეკრებილ მხარდამჭერებს მიმართავდა და სახურავიდან გადმოხტომითაც იმუქრებოდა.

რამდენიმესაათიანი ოპერაციის შემდეგ სააკაშვილი სპეცრაზმმა დააკავა და მიკროავტობუსით ეცადა მის წაყვანას, თუმცა სამართალდამცველებს სააკაშვილის მხარდამჭერებმა ამის საშუალება არ მისცეს და რამდენიმე საათის შემდეგ მოახერხეს სააკაშვილი მიკროავტობუსიდან გამოეყვანათ. აქცია სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკრაინის პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნის აქციაში გადაიზარდა და ხალხის მასა უკრაინის პარლამენტისკენ დაიძრა.

კიევში მოვლენები 5 დეკემბერს, დილიდან, ელვისებური სისწრაფით განვითარდა. დილიდან გავრცელდა ინფორმაცია ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის, დაკავების ოპერაციის თაობაზე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით ედავებიან, რომელიც დანაშაულებრივი ჯგუფისთვის დახმარების გაწევას და მათი საქმიანობის დაფარვას ითვალისწინებს და, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გულისხმობს პატიმრობას სამიდან ხუთ წლამდე. სააკაშვილი ამ ბრალდებით დააკავეს კიდეც და უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ, საგანგებო ბრიფინგზე სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შინაპატიმრობა მოითხოვა.

„საუბარი არ მიდის დეპორტაციასა ან ექსტრადიციაზე. ხვალ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით მიხეილ სააკაშვილისთვის შინაპატიმრობას მოითხოვს“, - განაცხადა ლუცენკომ. ლუცენკოს განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო, ამ მიზნის მიღწევაში კი მას იანუკოვიჩის გუნდის წარმომადგენლები, მათ შორის, გაქცეული ოლიგარქი სერგეი კურჩენკო ეხმარებოდა.

იური ლუცენკო

ამ ბრიფინგამდე ცოტა ხნით ადრე კი კიევში თავისი საცხოვრებელი სახლის სახურავზე ასულმა მიხეილ სააკაშვილმა - იმ დროს, როდესაც მისი ბინა და მიმდებარე ტერიტორია სპეცრაზმს ეკავა - თავის მომხრეებს მოუწოდა არ შეეწყვიტათ ბრძოლა და არ მიეცათ უკრაინის ხელისუფლებისათვის დანაშაულის ჩადენის უფლება. „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერი მოუწოდებდა უკრაინელებს არ მიეცათ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთვის პუტინის ბრძანებით სააკაშვილის გატაცების უფლება:

„მე გთხოვთ, უკრაინელებო, არ დაუშვათ ჩემი გატაცება, არ დაუშვათ უკანონობა, არ დაუშვათ პოროშენკოსა და მისი ბანდის მხრიდან ხალხის ძარცვა! უკრაინა რეალური საფრთხის წინაშეა, რადგან ამ ხალხმა ხელისუფლება ხელში ჩაიგდო“.

დილიდან სააკაშვილის სახლთან შეკრებილმა მომხრეებმა მოახერხეს და სპეცრაზმის მიერ შენობიდან გამოყვანილი და მიკროავტობუსში მყოფი სააკაშვილი ავტომობილის რამდენიმესაათიანი ბლოკირების შემდეგ გაათავისუფლეს. სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნის აქცია უეცრად უკრაინის პრეზიდნეტის იმპიჩმენტის მოთხოვნის აქციაში გადაიზარდა და ხალხი სააკაშვილთან ერთად, რომელსაც ცალ ხელზე ისევ ჰქონდა შერჩენილი ხელბორკილი, უკრაინის პარლამენტის შენობისაკენ დაიძრა. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ მსვლელობისას გააკეთა პირველი სატელეფონო კომენტარი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში:

„ყველაფერი წესრიგშია. ამათ ყოფას ვუტირებთ - ყველა ოლიგარქს და ხალხის მძარცველს და დამამცირებელს როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში. ეს ფარჩაკები ვერ მიხვდნენ, ვისთან აქვთ საქმე. მე დაბადებული ვარ გამარჯვებისთვის ქართველ და უკრაინელ ხალხთან ერთად“.

მოვლენების ასე განვითარებამდე მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აცხადებდა, რომ არსებობდა ორი საფრთხე - უკრაინიდან სააკაშვილის გაძევების ან მისი დაპატიმრების, თუმცა, მისი თქმით, ერთიც და მეორეც უკანონო ქმედება იქნებოდა.

მიხეილ სააკაშვილი დაკავების დროს

კიევში მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდნენ და ეხმაურებოდნენ საქართველოში. მთავარი პროკურატურის ცნობით, უწყებას გაგზავნილი აქვს უკრაინული მხარისათვის შუამდგომლობა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირების თაობაზე და გადაწყვეტილებები უკრაინის შესაბამისმა უწყებებმა უნდა მიიღონ. პროკურატურა აცხადებდა, რომ დამატებითი ინფორმაცია 5 დეკემბერს კიევში განვითარებული მოვლენების პარალელურად უწყებას არ მიუღია.

ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მოულოდნელი არაფერი იქნება იმაში, თუ უკრაინის ხელისუფლება საქართველოში წინასწარპატიმრობამისჯილ სააკაშვილს თავის ქვეყანას გადმოსცემს:

„სამართლებრივი პროცედურა დაწყებულია, მიხეილ სააკაშვილს უკვე აქვს შეფარდებული საქართველოს კანონმდებლობით წინასწარი პატიმრობა, გაცემულია დაპატიმრების ბრძანებაც და ექსტრადირებასთან დაკავშირებითაც თავის დროზე იყო არაერთი მოთხოვნა“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია კიევში განვითარებულ მოვლენებს. უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, მამუკა მდინარაძის, შეფასებით კი, სააკაშვილი ყველანაირ ავანტიურაზე მიდის, რომ აქტუალური დარჩეს:

მიხეილ სააკაშვილი არის ანტირუსული და ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. ეს არის ადამიანი, რომლისაც ეშინია ყველა მოღალატეს, ოლიგარქს და კორუფციონერს. ამაში საერთო ენა პოროშენკომ და ივანიშვილმაც გამონახეს და დღეს ისინი საკუთარი ხალხების ზურგსუკან უკანონოდ თანამშრომლობენ...
ზაზა ბიბილაშვილი

„საქართველოში ეს აღარ მოხერხდება და უკრაინაშიც, იმედია, ამას მალე მიხვდებიან. რაც შეეხება სამართლებრივ პროცედურას, ჩვენი მხრიდან ექსტრადირების მოთხოვნა რამდენჯერმე გაგზავნილია, შედეგი კი უკრაინულ მხარეზეა დამოკიდებული“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 5 დეკემბერს საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომელზეც პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ მოქმედების საგანგებო რეჟიმში გადასვლა გამოაცხადა და საქართველოს მოქალაქეებს 6 დეკემბერს ღირსების მანიფესტაციაში მონაწილეობისაკენ მოუწოდა. სააკაშვილის თანაგუნდელები დარწმუნებულნი არიან, რომ სააკაშვილის დაკავების ბრძანება მოსკოვში გაიცა, თუმცა აცხადებენ, რომ ბრძოლა ოლიგარქების წინააღმდეგ, ამ შემთხევვაში სააკაშვილის ბრძოლა მისი და ხალხის გამარჯვებით დასრულდება. ასე ფიქრობს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაზა ბიბილაშვილი:

„მიხეილ სააკაშვილი არის ანტირუსული და ანტიკორუფციული ფრონტის ლიდერი. ეს არის ადამიანი, რომლისაც ეშინია ყველა მოღალატეს, ოლიგარქს და კორუფციონერს. ამაში საერთო ენა პოროშენკომ და ივანიშვილმაც გამონახეს და დღეს ისინი საკუთარი ხალხების ზურგსუკან უკანონოდ თანამშრომლობენ, თავიანთი კორუფციული კლანების ინტერესებიდან გამომდინარე, იმისთვის რომ ადამიანი, რომელიც ჩვეულებრივი ხალხის უფლებებისთვის იბრძვის, რაღაცნაირად მოაშორონ პოლიტიკურ ავანსცენას“.

მომხდარს ტელეკომპანაია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამოეხმაარა უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილიც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ სააკაშვილს ფიზიკურად არაფერი დაემუქრება:

„მოვლენების ეპიცენტრშია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და, ცხადია, ე ს გარემოება განსაკუთრებულ დატვირთვას აძლევს მიმდინარე მოვლენებს. ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილი ფიზიკურად დაცული იქნება“.

დაკავებული მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებმა გაათავისუფლეს

სანამ სააკაშვილს თავისი მხარდამჭერები გაათავისუფლებდნენ, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას გამოეხმაურა უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობაც. მათ იმედი გამოთქვეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოძიება უკრაინის კანონმდებლობას შეესაბამება. მათ მოუწოდეს უკრაინის ხელისუფლებას არ დაირღვეს მიხეილ სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები.

კიევში, უკრაინის პარლამენტის წინ, სააკაშვილის მომხრეთა აქცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. სააკაშვილმა კიევის მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლისაკენ მოუწოდა: „არაფრის არ შეგეშინდეთ - მათ უნდა ეშინოდეთ ჩვენი! ჩვენ არ უნდა გავიქცეთ - ისინი უნდა გაიქცნენ!“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

აქცია უკრაინის პარლამენტის წინ ჯერ კიდევ გრძელდება.