ქუთაისში რძის პროდუქტების, მათ შორის, ყველის შეძენა თითქმის ყველგანაა შესაძლებელი - ბაზრებში, დიდ მაღაზიებში, რძის პროდუქტების ჯიხურებსა და ქუჩაშიც კი. ქალაქში ყველი გლეხებს ახლომდებარე სოფლებიდან ჩამოაქვთ და ან თავად ყიდიან, ან გადამყიდველებს აბარებენ. ყველის ნაირსახეობიდან ქუთაისელი მომხმარებელი უპირატესობას იმერულ ყველსა და სულუგუნს ანიჭებს, რადგან ამ სახეობის ყველი ადგილობრივია და მისი წარმოებიდან მალევე იყიდება, თუმცა ასეთი ყველი სახლის პირობებში მზადდება და რამდენად ვარგისიანი რძისგანაა ამოყვანილი, ამის დადგენა შეუძლებელია. ზოგჯერ ჯანმრთელობისთვის რისკის შემცველი შეიძლება იყოს ყველისა და სულუგუნის რეალიზაციის ადგილიც - სოფლის ყველი ძირითადად ბაზარში იყიდება, სადაც მისი შენახვისთვის საჭირო პირობები არ არსებობს.
Your browser doesn’t support HTML5
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ როდინაულში ახლახან 15-მა ფერმერმა სწორედ სურსათის უსაფრთხოების სტანდარტების უზრუნველსაყოფად და წარმოებისა და მოგების გაზრდის პერსპექტივით შექმნა რძის გადამამუშავებელი კოოპერატივი „ზესტაფონური“. კოოპერატივის წევრის, მიხეილ ჭანკოტაძის, თქმით, კოოპერატივმა, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის ფარგლებში, 145 ათასლარიანი გრანტი მიიღო თანამედროვე ტექნოლოგიების დასანერგად და კოოპერატივი მალე დაიწყებს ყველის, მაწვნის, ნადუღისა და რძის სხვა პროდუქტების წარმოებას.
კოოპერატივის შექმნის შემდეგ წარმოების გაზრდისა და შემოსავლის მატების იმედი აქვს კოოპერატივის წევრს, მელენტი ბაღდავაძესაც.
კოოპერატივ „ზესტაფონურის“ წევრები ევროპული სტანდარტით წარმოებული ყველის გაყიდვას მაღაზიებში აპირებენ და იმედოვნებენ, რომ მათი პროდუქცია მაღალი ხარისხით მალე დააინტერესებს მომხმარებელს.
ვიდრე ზესტაფონის კოოპერატივში წარმოებული ყველი მაღაზიების დახლებზე გამოჩნდება, ქუთაისში სასურსათო ობიექტებსა და ბაზრებში გლეხურ მეურნეობებში ამოყვანილი ყველი იყიდება.
თითქმის 40 წელია, ნორა გონგაძე ქუთაისის ბაზარში ყიდის თავის დამზადებულ სხვადასხვა სახის სულუგუნს და ამბობს, რომ მცირე გლეხურ მეურნეობაში შექმნილი პროდუქტი მის ოჯახს შემოსავლით უზრუნველყოფს.
როგორც ყველით მოვაჭრე ნათელა მანაგაძე ამბობს, მომხმარებელი ზოგჯერ ტყუვდება და რძის ფხვნილით ამოყვანილ ყველს ყიდულობს, ამ სახით ყველის დამზადება კი კანონით აკრძალულია.
მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს ამოქმედდა ტექნიკური რეგლამენტი რძისა და რძის პროდუქტების, მათ შორის, ყველის წარმოებისა და რეალიზაციისთვის, ქალაქის ქუჩებში, გაჩერებებთან და ბაზრების მიმდებარე ტერიტორიებზე, ზოგჯერ მანქანის საბარგულებშიც კი ამ დრომდე თავისუფლად იყიდება სხვადასხვა სახის ყველი, რომლის ხარისხის კონტროლი, ფაქტობრივად, შეუძლებელია.