რუტინა მდგრადი შესაძლებლობებისათვის

ნატო აცხადებს, რომ საქართველოსა და ალიანსს ერთმანეთთან აკავშირებს „უპრეცედენტოდ ღრმა და ყოვლისმომცველი“ ურთიერთობები, რომელთა კიდევ უფრო გაღრმავების მიზნით, ნატო საქართველოს „თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება“. ეს არის მცირე ნაწილი იმ ოფიციალური განცხადებისა, რითაც ნატოს სამიტის ფარგლებში გამართული საქართველო-ნატოს კომისიის პირველი სხდომა დასრულდა.

თუმცა, საქართველო-ნატოს კომისიის განცხადება ისეა შედგენილი, რომ განსჯის საზრდოს აძლევს როგორც ოპტიმისტებს, ისე სკეპტიკოსებს. ასე მაგალითად, ალიანსის ახალი ინიციატივები საქართველოსათვის, პირველ ყოვლისა, სამხედრო განათლებისა და წვრთნების სფეროში დახმარებას ითვალისწინებს. მაგრამ ისე, რომ კონკრეტულად არაფერია ნათქვამი ამ დახმარების მოცულობასა და წვრთნების შინაარსზე.

Your browser doesn’t support HTML5

კობა ლიკლიკაძის რეპორტაჟი ვარშავიდან

თანაც ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ჩათვალეს, რომ რაკი „მოკავშირეები, საქართველოსთან თავდაცვისა და მდგრადობის გაძლიერების მიზნით, ორმხრივ ფორმატშიც ახორციელებენ სხვადასხვა პროგრამას“, ალიანსმა მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს „შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცებას“.

თუ რა ძალებით და საშუალებით უნდა მოხდეს „უსაფრთხოების განმტკიცება“ შავი ზღვის რეგიონში და რას მოუტანს ეს საქართველოს, რომელსაც ერთი სამხედრო გემიც კი არ ჰყავს, ძნელი სათქმელია.

შემდეგ ნატო-საქართველოს კომისია ვრცელ მადლობას უხდის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯანელიძეს, რომელმაც თავის მხრივ მადლიერება არ დაიშურა „საქართველოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებებისადმი წევრი ქვეყნების მხარდაჭერისთვის და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში მოკავშირეების მიერ შეტანილი წვლილისთვის, მათ შორის არსებითი პაკეტის მეშვეობით.“

სხვათა შორის, ამ „არსებითი პაკეტის“ მთავარი გვირგვინი - ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი - ჯერ კიდევ ბოლომდე არ არის დასრულებული და, ამდენად, თავადვე საჭიროებს „მდგრადობის პროგრესის“ მიღწევას.

ეს რაც შეეხება საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, რაზეც ამხელა მოლოდინი იყო ვარშავის სამიტის წინ.

შემდეგ განცხადებაში გამოთქმულია იმედი „2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტების შესაბამისად ჩატარების შესახებ“.

ბოლომდე ორაზროვნება არც ნატოში გაწევრიანების სამოქმედო პროგრამასთან დაკავშირებით არსებობს. ნატო-საქართველოს კომისიის ერთობლივი განცხადება შეგვახსენებს, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეები შეთანხმდნენ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და რომ გაწევრიანების სამოქმედო გეგმა იქნება ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. როგორც ირკვევა, „მოკავშირეები კვლავ ადასტურებენ ამ გადაწყვეტილების ყველა ელემენტს, ისევე როგორც - შემდგომ გადაწყვეტილებებს.“

ნიშნავს თუ არა ეს, რომ საქართველოს კვლავ სჭირდება ყბადაღებული მაპი, თუ ამის გარეშეც შეიძლება ფონს გასვლა - მკაფიოდ ისევ არ არის ნათქვამი. ერთობლივი განცხადება გვეუბნება, რომ „ალიანსთან საქართველოს ურთიერთობა მოიცავს ყველა პრაქტიკულ მექანიზმს საბოლოო წევრობისათვის მოსამზადებლად.“

შემდეგ კი მოკავშირეები კვლავ მოუწოდებენ საქართველოს, რომ „ალიანსთან დასაახლოებლად განაგრძოს ყველა იმ შესაძლებლობის სრული გამოყენება, რასაც ითვალისწინებს ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული შესაძლებლობების პარტნიორობის (Enhanced Opportunities Partner) ფორმატი“.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განცხადების ტექსტი მოკლედ დაახასიათა, როგორც „რუტინული“. შაბათს კი უკვე საქართველოს პრეზიდენტისაგან გავიგებთ, გაამართლა თუ არა საქართველოს დელეგაციის მოლოდინი ნატოს ვარშავის სამიტმა.