რუთ ელსტონ უესტონი, იგივე რუთ ბრაუნი, 1928 წლის 30 იანვარს ვირჯინიის შტატის ქალაქ პორტსმუტში დაიბადა. ვოკალურ წიგნიერებას ბაპტისტური ეკლესიის გუნდში ეუფლებოდა, სადაც მამასთან ერთად საკვირაო წირვებზე მღეროდა. როცა წამოიზარდა, საშემსრულებლო ტექნიკის დახვეწა ლუდხანებსა და სამხედროებისათვის გამართულ კონცერტებზე გააგრძელა. ერთ-ერთი ასეთი გამოსვლისას მესაყვირე ჯიმი ბრაუნი გაიცნო, თავდავიწყებით შეუყვარდა და ცოლადაც გაჰყვა. წყვილი საცხოვრებლად ვაშინგტონში გადავიდა, სადაც ღამის კლუბებში ოჯახური დუეტის ფორმატით მართავდა ანგაჟემენტებს. თუმცა მათი შემოქმედებითი თუ ცოლ-ქმრული ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. გაირკვა, რომ მესაყვირე დაოჯახებული გახლდათ და მოტყუებული რუთი სცენაზეც და ცხოვრებაშიც მარტო დარჩა. მოგვიანებით ახალგაზრდა ვოკალისტი ჯერ ლაკი მილინდერის ორკესტრში გამოჩნდა, ხოლო შემდეგ, 30-იანი წლების ცნობილი მომღერლისა და ბენდლიდერის ქებ ქელოვეის დის, ბლანშის, რჩევით, სოლო-კარიერა წამოიწყო.
40-იანი წლების ამერიკულ ჯაზურ და ბლუზურ სამყაროში არაერთი სახელოვანი და უკვე შემდგარი ქალი ვოკალისტი მოღვაწეობდა. მათ საშემსრულებლო თამასა ისეთ სიმაღლეებზე აეყვანათ, რომ დამწყები არტისტისათვის საკუთარი ადგილის დამკვიდრება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ. რუთ ბრაუნიც კლუბურ სცენას ვერ გასცდებოდა, რომ არა რადიო „ამერიკის ხმის“ ლეგენდარული წამყვანი უილის კონოვერი. მან ახალგაზრდა მომღერალს დიდი მომავალი უწინასწარმეტყველა და ახლად დაარსებულ ხმის ჩამწერ სტუდია „Atlantic Records“-თან კონტრაქტი გაუხერხა. ლეიბლის პროდიუსერები მალევე მიხვდნენ, რომ რუთის გამორჩეულად ძლიერ ხმას, ლირიკული ბალადების ნაცვლად, რიტმენბლუზური ჟანრი მოერგებოდა და რამდენიმე სიმღერაც ჩააწერინეს. ერთ-ერთი მათგანი - „So Long“ - ჰიტად იქცა, ხოლო მეორე, „Teardrops from My Eyes“, მუსიკალური ჟურნალ „ბილბორდის“ ჰიტაღლუმის პირველობას სამი თვის მანძილზე არ თმობდა.
„I'll Wait for You“, „I Know“, „Oh, What a Dream“, „Mambo Baby“ და „Don't Deceive Me“ - ეს იმ სიმღერების მოკლე ჩამონათვალია, რომელთა შესრულებამ რუთ ბრაუნს 50-იანი წლების საუკეთესო R&B ჟანრის მომღერლის სტატუსი მოუტანა, ხოლო სტუდია „Atlantic Records“-ი ერთ-ერთ წამყვან ამერიკულ ლეიბლად აქცია.
არტისტი პოპულარობის პიკზე გახლდათ, როცა სტუდიური თუ საკონცერტო მოღვაწეობა მოულოდნელად შეწყვიტა და, როგორც ჩვენში ამბობენ, ოჯახს შეუერთდა. დუმილი მხოლოდ 15 წლის თავზე დაარღვია. ჯერ მუსიკალურ კომედიაში „Hairspray“ აფრო-ამერიკელთა უფლებებისათვის მებრძოლი აქტივისტის როლი შეასრულა, მოგვიანებით კი მონაწილეობა მიიღო ბროდვეულ მიუზიკლში „Black and Blue“. ამ უკანასნელისათვის მას თეატრალური პრემია „ტონი“ გადაეცა, ხოლო საუნტრეკ-ალბომისათვის Blues on Broadway „გრემის“ მფლობელი გახდა.
1993 წელს რუთ ბრაუნმა საპატიო ადგილი დაიკავა როკენროლის დიდების დარბაზში და „ბლუზის დედა-დედოფლის“ სტატუსიც მოიპოვა. ამერიკული მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი 2006 წლის 17 ნოემბერს 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.