რუსთავის ახალი ბიუჯეტი და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები

რუსთავი

რუსთავის საკრებულომ 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტი დაამტკიცა. პრიორიტეტად კვლავ რჩება ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების განხორციელება, თუმცა ოპოზიციამ ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა.

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავის ახალი ბიუჯეტი და დაუკმაყოფილებელი მოთხოვნები

რუსთავის 2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრები როგორც შემოსულობების, ისე ხარჯების ნაწილში, ადგილობრივი შემოსავლების გათვალისწინებით, დაახლოებით 36 მლნ ლარით განისაზღვრა. ამ თანხას, როგორც რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის, მშენებლობის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი ზურა ტაბაღუა ამბობს, დაემატება ცენტრალური ბიუჯეტიდან გადმოსარიცხი ტრანსფერი ქალაქში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, მათ შორის შენობების გამაგრებითი სამუშაოებისა და გზების რეაბილიტაცია-მშენებლობისთვის.

რუსთავის საკრებულოს წევრები

ზურა ტაბაღუა იმედოვნებს, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან ამ სამუშაოებისთვის 9 მილიონ ლარს მიიღებენ, დაახლოებით იმდენს, რამდენიც 2017 წელს გამოყვეს. მომავალ წელს ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი სოციალური პროექტების რაოდენობა 27-მდე გაიზრდება, რისთვისაც 2 მილიონ 750 ათასი ლარი დაიხარჯება - 50 ათასი ლარით მეტი, ვიდრე წელს.

რუსთავის მერიის სოციალური სამსახურის უფროსი სოციალური პროგრამებიდან რამდენიმეს გამოყოფს, მათ შორის მოსახლეობის მედიკამენტებით დახმარების პროგრამას, რომელიც 200 ათასი ლარით დაფინანსდება.

როგორც მოსალოდნელი იყო, ოპოზიციამ ბიუჯეტის პროექტს მხარი არ დაუჭირა. ფრაქცია „ნაციონალების“ წევრი გურამ ლაცაბიძე გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ქალაქის აღმასრულებელმა ხელისუფლებამ არაერთგზის კონსულტაციის შემდეგ მათი მოსაზრებები არ გაითვალისწინა. ნაციონალები სამი სოციალური პროექტის განხორციელებას ითხოვდნენ. ერთ-ერთი იყო სტუდენტური ტარიფის შემოღება თბილისი-რუსთავის მარშრუტზე მგზავრობისთვის, რაც ბიუჯეტს 1,5 მილიონი ლარი დაუჯდებოდა.

ბიუჯეტს მხარი არ დაუჭირა არც იმ ორმა წევრმა, რომლებიც საკრებულოში „ევროპული საქართველოს“ სიით მოხვდნენ, მაგრამ შემდეგ პარტიის გარეთ აღმოჩნდნენ და ახლა დამოუკიდებელი დეპუტატების სტატუსით საქმიანობენ. ერთ-ერთმა მათგანმა, მამუკა აბულაძემ, საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის სოციალური ნაწილი დაიწუნა. აბულაძის თქმით, თვითმმართველობის მთავარი ამოცანა უნდა იყოს ქალაქის ეკონომიკური განვითარება და დასაქმების ხელშეწყობა, რაც წარმოდგენილ პროექტში არ ჩანს.

ბოლოს, როცა საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი პროექტის კენჭისყრაზე გატანას აპირებდა, მოულოდნელად სიტყვა ითხოვა რუსთავის არასამთავრობო ორგანიზაცია „უსახლკაროთა და სოციალურად დაუცველთა ლიგის“ ხელმძღვანელმა შალვა მაღრაძემ. მან რამდენიმე ისეთი საკითხი წამოჭრა, რამაც საკრებულოს მუშაობაში დისონანსი შეიტანა. კერძოდ, შალვა მაღრაძემ, საკმაოდ ემოციურად, მუნიციპალური ავტობუსებისა და კერძო სამარშრუტო ტაქსების მუშაობის გაუმჯობესება ითხოვა.

რუსთავი

ფაქტობრივად, საღამოს 7 საათის შემდეგ ქალაქში ავტობუსი არ მოძრაობს, საღამოს 10 საათიდან კი მუშაობას წყვეტენ სამარშრუტოები. ამ დროს ღარიბ მოსახლეობას იმის საშუალება არა აქვს, რომ 4-5 ლარი ტაქსებში იხადოსო. იქნებ ტრანსპორტის მოძრაობა ღამის 12 საათამდე გაგრძელდესო, ითხოვა მაღრაძემ ორგანიზაციის სახელით. საკრებულოს თავმჯდომარემ მოთხოვნას რეპლიკით უპასუხა: არც ერთ ქვეყანაში ღამის 12 საათამდე მუნიციპალური მიწისზედა ტრანსპორტი არ მუშაობსო.