რუსთავში ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა დაიწყო

მიტოვებული შენობა რუსთავში

რუსთავის მერთან არსებული ინოვაციების ჰაბმა ქალაქის განვითარების ორწლიანი სტრატეგიული გეგმის შედგენა დაიწყო. დოკუმენტი პროექტის ,,მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში მზადდება, რომელსაც მხარს უჭერს გაეროს განვითარების პროგრამა.

Your browser doesn’t support HTML5

რუსთავში ქალაქის განვითარების სტრატეგიული გეგმის შედგენა დაიწყო

როგორც ბარბაქაძე ამბობს, რუსთავს აქვს იმის პოტენციალი, რომ სწორი ხედვისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში რუსთავი საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ.

ქალაქის ეკონომიკური განვითარების ხედვები და მიზნები 14 მარტს მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებს გააცნეს. რუსთავის ინოვაციურ ქალაქად გადაქცევის გეგმა, ეკონომიკური დივერსიფიცირების ხარჯზე სამუშაო ადგილების გაზრდა და ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქალაქად გარდაქმნის საშუალებები - ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებიც შეხვედრის მონაწილეებმა ერთობლივად განიხილეს. თუმცა, როგორც რუსთავის მერის მრჩეველი რევაზ ბარბაქაძე ამბობს, სტრატეგიული გეგმის განხორციელება და საინვესტიციო პაკეტების მომზადება შეუძლებელია ქალაქის პოტენციალის შესწავლის გარეშე. უპირველესად, საჭიროა დაიწყოს ინვენტარიზაციის პროცესი.

შეხვედრა მერიაში

რევაზ ბარბაქაძემ აქვე დასძინა, რომ ინვენტარიზაცია ცენტრალური ხელისუფლების შესაბამისი სამსახურების ჩართვით მოხდება. არადა, როგორც ბარბაქაძე ამბობს, რუსთავს აქვს იმის პოტენციალი, რომ სწორი ხედვისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის პირობებში რუსთავი საინვესტიციოდ მიმზიდველი გავხადოთ. თუმცა, აუთვისებელი ტერიტორიებითა და ე.წ. ბრაუნფილდებით - ესე იგი, მიტოვებული საწარმოო ზონებით - ამჟამად ინვესტორები ნაკლებად არიან დაინტერესებულნი, რის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ამ ტერიტორიებზე შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობს.

შეხვედრის მონაწილე ეკა პაპუაშვილი, რუსთავის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, ამბობს, რომ მისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მიტოვებული საწარმოების ათვისება, მათთვის ახალი ფუნქციის მინიჭება, რისი გამოცდილებაც აღმოსავლეთ ევროპაში არსებობს, თუნდაც, მაგალითად, პოლონეთში. საუბარია ე.წ. რევიტალიზაციაზე, როცა ყოფილი ადმინისტრაციული ან საწარმოების მიტოვებული შენობები სხვა ფუნქციით იტვირთება, მაგალითად, იხსნება გასართობი ცენტრები, სავაჭრო ობიექტები, გალერეები, ტურისტული ობიექტები.

საგულისხმოა, რომ, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, რუსთავს დამატებით სხვა მიმართულებითაც აქვს განვითარების პერსპექტივა. ეს არის ე. წ. საბჭოთა ტურების განვითარება, ვინაიდან ქალაქში შემორჩენილია საბჭოთა არქიტექტურის, მრეწველობისა და ხელოვნების ნიმუშები.

საგულისხმოა, რომ რუსთავის ეკონომიკური განვითარება სტაგნაციას განიცდის. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ადგილობრივი ბიუჯეტის პარამეტრები წლიდან წლამდე არ იცვლება და, მაგალითად, მსხვილი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ადგილობრივი მთავრობა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსებას ითხოვს ხოლმე. ამიტომ თვითმმართველობა ინოვაციურ პროექტებზე დიდ იმედებს ამყარებს. ეს იმედი კიდევ უფრო გამყარდა მიმდინარე წლის იანვარში, ქალაქის დელეგაციის პოლონეთში ვიზიტის დროს. პოლონურ ქალაქებს კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ ეკონომიკური თვალსაზრისით რუსთავის მსგავსი პრობლემები შეექმნათ, თუმცა ეს პრობლემები წარმატებით დაძლიეს. ვიზიტის შემდეგ ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ განაცხადა, რომ ეკონომიკური განვითარება, ხედვის შემუშავება შეუძლებელია მოქალაქეთა მაქსიმალური ჩართულობის გარეშე.

მიტოვებული შენობა რუსთავში

საგულისხმოა, რომ, როგორც პროექტის ავტორები ამბობენ, რუსთავს დამატებით სხვა მიმართულებითაც აქვს განვითარების პერსპექტივა. ეს არის ე. წ. საბჭოთა ტურების განვითარება, ვინაიდან ქალაქში შემორჩენილია საბჭოთა არქიტექტურის, მრეწველობისა და ხელოვნების ნიმუშები. ტურიზმის ეს სახეობა პოპულარულია იმ ტურისტებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ ინფორმაცია საბჭოთა კავშირის პერიოდზე.

მაგრამ, იმავე ავტორების აზრით, არსებობს გარკვეული რისკებიც, მაგალითად, მუშახელის პროფესიული განათლებისა და კვალიფიკაციის დაბალი დონე.