რუსთავის თვითმმართველობის არჩევნები „ქართულმა ოცნებამ“ დიდი უპირატესობით მოიგო. მან გაიმარჯვა მერობისთვის ბრძოლაში საკრებულოს არჩევნებში.
რუსთავში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა“ ირაკლი ტაბაღუამ 19 ათასი ხმა მიიღო, რაც საარჩევნო უბნებზე მისული ამომრჩევლების 53 პროცენტს შეადგენს.
“ოცნებამ” საკრებულოს წევრობის ყველა მაჟორიტარული ოლქი მოიგო და პროპორციულ არჩევნებშიც დამაჯერებელი უპირატესობა მოიპოვა. პარტიამ ქალაქის საკანონმდებლო ორგანოში 8 კანდიდატი გაიყვანა - ერთით მეტი, ვიდრე რუსთავის 2014 წლის ს თვითმმართველობის არჩევნების დროს.
გოჩა შავაძე, წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ „ოცნების“ წარმატება რუსთავის საკრებულოს წარმატებული მუშაობის შედეგიცაა.
ოპოზიცია ქალაქის საკრებულოში 7 წევრით იქნება წარმოდგენილი,
„ევროპული საქართველო“ - ორით, „ნაციონალური მოძრაობა“ - სამით, „პატრიოტთა ალიანსი“ და ლეიბორისტები კი - თითო-თითო წევრით.
ალექსანდრე ბერიძე, საკრებულოში გასული „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ოპოზიციის მარცხს იმით ხსნის, რომ „ოცნების“ მიერ ადმინისტრაციული რესურსების მაქსიმალური გამოყენების პირობებში მან ვერ შეძლო თავისი პოტენციური ამომრჩევლების უბანზე მიყვანა.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ხათუნა გოშაძე ამბობს, რომ არჩევნებმა, საბოლოოდ, ნორმალურ ვითარებაში ჩაიარა, თუ არ ჩავთვლით პროცედურულ დარღვევებს და ამასთან დაკავშირებით შესულ საჩივრებს.
ხათუნა გოშაძის თქმით, საოლქო კომისიამ არ განიხილა საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ 22 საჩივარი, რადგან პროცედურული დარღვევებით შევიდა.
საოლქო კომისიის გადაწყვეტილების გამო საარჩევნო ბლოკმა რუსთავის საქალაქო სასამართლოში იჩივლა.
ჯაბა დუგლაძე, რუსთავის მერობის კანდიდატი მომჩივანი ბლოკიდან, რომელმაც ხმების 2 პროცენტი დააგროვა, სასამართლო პროცესის დაწყებამდე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ბიულეტენების დიდი ნაწილი, სადაც ამომრჩეველმა მის ბლოკს მისცა ხმა, ან ბათილად ცნეს, ან სხვა საარჩევნო სუბიექტებს მიაკუთვნეს.
დუგლაძის თქმით, საჩივრები კანონით დადგენილ ვადაში და ყველა პროცედურის დაცვით შეიტანეს, ამიტომ სასამართლოს საფუძველი არ აქვს არ დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნა.
თუმცა კვირას, 29 ოქტომბერს, რუსთავის სასამართლოში გამართულ მოსმენაზე მოსამართლე ნატა თადეშვილმა მე-20 საარჩევნო ოლქის განკარგულება ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა - თავისუფალი საქართველოს“ საჩივრების განუხილველობის შესახებ კანონიერად ცნო.
ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომის დასრულების შემდგე სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა ჯაბა დუგლაძესა და საოლქო საარჩევნო კომისიის მდივან ხათუნა გოშაძეს შორის.
საოლქო კომისიის იურისტი გიორგი მაღრაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში სასამართლოს არგუმენტებზე ლაპარაკობს.
მისი თქმით, მოსარჩელე საარჩევნო სუბიექტს არ გაუსაჩივრებია შემაჯამებელი ოქმები, ისინი მიუთითებენ უბნებზე მომხდარ დარღვევებზე, ამიტომ საჩივრები საოლქო კომისიაში უნდა მიეტანათ არა არჩევნების დასრულების შემდეგ, არამედ საჩივრები უნდა დაწერილიყო საუბნო კომისიებში ოქმების დაწერამდე და საოლქოში გადაგზავნამდე.
საარჩევნო ბლოკ „დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველოს“ წარმომადგენელი თემურ პაპუაშვილი ამბობს, რომ მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილება, რადგან სასამართლოსაც ხელისუფლება აკონტროლებს. თემურ პაპუაშვილის თქმით, რუსთავის სასამართლოს გადაწყვეტილებას ისინი ზედა ინსტანციებში გაასაჩივრებენ.