შუამავალი რგოლის ფასი

რუსთავში ხილბოსტნეული იყიდება ყველგან: ბაზრებში, სუპერმარკეტებში, პირდაპირ ტროტუარებზე და ეზოებშიც.

ხილბოსტნეული რუსთავის სუპერმარკეტებში, ბაზართან შედარებით, ძვირია. თუ, მაგალითად, ბაზარში ერთი კილოგრამი პომიდორი საშუალოდ 60-80 თეთრი ღირს, დიდ სავაჭრო ობიექტებში მისი ფასი 10-15 თეთრით მეტია. შედარებით ძვირია კიტრი- მისი ფასი პომიდვრის ფასს 10-20 თეთრით აღემატება. იაფია ატამი და ვაშლატამა - მათი ფასი 50-დან 60 თეთრამდე მერყეობს, თუმცა უფრო იაფად ეზო-ეზო მოძრავი მანქანებიდან ვაჭრობენ - სამი კილოგრამი ნაკლებხარისხიანი ატამი შეიძლება ლარადაც იყიდოთ.

Your browser doesn’t support HTML5

შუამავალი რგოლის ფასი

ბანკის თანამშრომელს, ჯიმშერ მაღრაძეს, იმ დროს გავესაუბრეთ, როცა ის, შესვენებაზე გამოსული, ბანკის შენობის უკან ბოსტნეულით მოვაჭრე ქალებთან კიტრსა და პომიდორს ყიდულობდა. ნავაჭრში გადახდილი თანხა და პროდუქტის ხარისხიც მისთვის მისაღები აღმოჩნდა.

რუსთავის სავაჭრო ობიექტები ძირითადად უცხოეთიდან შემოტანილი და ქვემო ქართლის სოფლებში მოყვანილი ხილბოსტნეულით მარაგდება. დავით ქიმაძემ, მარნეულის სოფელ საიმერლოდან, წელს გათვლა კიტრზე გააკეთა და, როგორც ამბობს, არ შემცდარა.

დავით ქიმაძე ამბობს, რომ მისი პროდუქტი დიდი ქალაქების სავაჭრო დახლებზე დისტრიბუტორების საშუალებით ხვდება - პროდუქტს საკუთარი სათბურებიდან ყიდის, მაგრამ ამონაგები არც ისე დიდია. ბაზრის მოთამაშეები მწარმოებლებს საკუთარ პირობებს უყენებენ, ამიტომ ქიმაძეც იძულებულია თამაშის წესებს დაემორჩილოს. იგი ამბობს, რომ ფინანსური შესაძლებლობა რომ ჰქონდეს, ხილ-კენკროვანი კულტურების მოყვანაზე გადაერთვებოდა, რადგან ის მარნეულში ცოტა ვინმეს თუ მოჰყავს, თუმცა ქიმაძე აქვე იმასაც აღნიშნავს, რომ ხილის მოყვანა სარისკო საქმეა, რადგან მარნეულის ერთადერთი გადამამუშავებელი საწარმო გლეხებისგან პროდუქტს მხოლოდ სეზონის ბოლოს იბარებს.

თორნიკე მებურიშვილი რუსთავში ხილბოსტნეულის მცირე სავაჭრო ობიექტის მფლობელია. იგი ამბობს, რომ საქმე წამგებიანია, რადგან პროდუქტის ფასი მაღალია, მოსახლეობას კი შემოსავალი არა აქვს. თორნიკე მებურიშვილის თქმით, პროდუქტს აძვირებს მწარმოებელსა და მომხმარებელს შორის შუამავალი რგოლი - იქნება ეს დისტრიბუცია, საბითუმო ვაჭრობა თუ ტრანსპორტის ხარჯები. თორნიკე მებურიშვილის თქმით, მწარმოებლები ხშირად უკმაყოფილონი არიან ქალაქის ბაზრებით, სადაც, როგორც წესი, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზებით გადამყიდველები არიან დაკავებულნი. თორნიკე მებურიშვილის აზრით, საჭიროა კარგად აწყობილი ლოჯისტიკის ცენტრების შექმნა, სასაწყობო მეურნეობით და, თუ გნებავთ, ღია ბირჟით. იგი ფიქრობს, რომ ამ სისტემით გლეხიდან მომხმარებლამდე პროდუქტი გაცილებით დაბალი ფასნამატით მივა.