ბოლო ხანებში რუსთავის უბნებშიწყალმომარაგების შეწყვეტა გახშირდა. ამის მიზეზი ხან ავარიებია, ხან წყალსადენზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოსახლეობა უწყლობას განსაკუთრებით შემაწუხებელი სიცხის გამო უჩივის.
“კომპანია "რუსთავის წყალი" გატყობინებთ, ლომოურის ქუჩაზე, წყალსადენის ქსელზე დაზიანების ლიკვიდაციის მიზნით, დღეს, 4 აგვისტოს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება VI, VII, VIIა და VIII მიკრორაიონს“ - მსგავსი შინაარსის განცხადებებს თითქმის ყოველ კვირას მოისმენთ ტელევიზიით ან წაიკითხავთ სოციალურ ქსელებში.
მართლაც, ბოლო ხანებში გახშირდა წყალმომარაგების შეწყვეტა ქალაქის უბნებში, ზიანდება მაგისტრალური მილსადენები თუ შიდა ქსელები. მაგალითად, ერთი ასეთი ავარიის გამო, ლეონიძის ქუჩის მცხოვრებნი მესამე დღეა ხვატ სიცხეში უწყლობას ებრძვიან:
“სამი დღეა წყალი არ გვაქვს. ღმერთს ვართ მიჩერებული. მოწანწკარებს, მოწანწკარებს, ზოგს აქვს, ზოგს არა. ქალი ვარ და ვერ შევაკეთებ [წყალსადენის მილს]. ველოდებით ხელოსნებს, რომ მოვიდნენ და გააკეთონ”.
„რუსთავწყლისთვის“ ეს პრობლემა ცნობილია, მაგრამ სარემონტო ბრიგადები ამჟამად უფრო სერიოზული ავარიის ლიკვიდაციაზე მუშაობენ.
„ავარია არის 600-იანი თუჯის მილსადენზე, რომელიც გადის „აზოტის“ საავადმყოფოს ტერიტორიაზე და ამარაგებს მე-7, მე-7 ა და მე-8 მიკრორაიონებს. რემონტის გამო გამოირთო ეს მიკრორაიონები და აღდგება, დაახლოებით, 4 საათზე. ავარია შეიძლება რთული გამოდგეს, მაგრამ ამ შემთხვევაში არ არის სერიოზული“, ამბობს თემურ ნარიმანიძე, „რუსთავწყლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
წყალმომარაგების პერიოდულად შეწყვეტა, ავარიების გარდა, სარეაბილიტაციო სამუშაოებითაც არის გამოწვეული.
„რუსთავწყლის“ გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის, მერაბ კანდელაკის, თქმით, ჭყონდიდელის დასახლებაში და კოსტავას ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს:
„რა ქვნათ, არ უნდა გამოვრთოთ წყალი? თუ არ გამოვრთე წყალი, მე ვერაფერს ვაკეთებ. ურდულებს რომ ჩავაყენებ, არ გამოვრთო წყალი? წარმოუდგენელია რამე გავაკეთოთ „რუსთავწყალში“ და არ გამოვრთოთ იმ დღეს იმ უბანში წყალი“.
რუსთავის წყალმომარაგების სისტემა 40-50 წლისაა. როგორც თემურ ნარიმანიძე ამბობს, ბევრ უბანზე მილებს ექსპლუატაციის ვადა აქვს გასული. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მაგისტრალურ მილსადენზე, რომლის მთლიანად ახლით შეცვლა დიდ თანხებს მოითხოვს.
მერაბ კანდელაკის თქმით, გარდა იმისა, რომ ავარიების ლიკვიდაციასა და სარეაბილიტაციო სამუშაოებზე არიან გადართულნი, კომპანიას თავსატეხი გაუჩინა დენის ტარიფის გაზრდამ. საქმე ისაა, რომ ხრამის სათავე ნაგებობა, საიდანაც ქალაქი წყლით მარაგდება, დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას მოიხმარს. ამიტომ, თუ ტარიფის გაზრდაზე მიდგა საქმე, იმისათის რომ კომპანიამ ზარალზე არ იმუშაოს, სოციალურად დაუცველებისთვის კომპენსაცის გადახდაზე მთავრობამ უნდა იფიქროს, ისე როგორც ეს დენის გაძვირების შემთხვევაში მოხდა.