რუსთავის მერია მიუსაფარი ძაღლების პოპულაციის რეგულირებას აპირებს

რუსთავის სხვადასხვა უბანში, სადაც არ უნდა გაიხედოთ, მიუსაფარ ძაღლებს შენიშნავთ - მათ გადაეყრებით ყველგან, მაღაზიის თუ რესტორნის წინ, ნაგვის ბუნკერთან თუ ხის ჩრდილში.

ამიტომაც, წლიდან წლამდე არ იკლებს რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიულ განყოფილებაში ცხოველებისგან დაკაწრული თუ დაკბენილი ადამიანების მიმართვიანობა.
როგორც განყოფილების უფროსი ირაკლი ჯანგულაშვილი ამბობს, ცხოველებისგან დაკბენილი თუ დაკაწრული ადამიანების რაოდენობა წელს განსაკუთრებით გაიზარდა. 1 იანვრის შემდეგ ცოფზე ასაცრელად მისული ადამიანების რაოდენობამ უკვე 1000-ს გადააჭარბა. ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, პროცენტულად ძაღლებისგან დაზიანებული პაციენტების რაოდენობა ჭარბობს, არიან კატისა თუ ზაზუნასგან დაკბენილ-დაკაწრულები, იყვნენ ისეთებიც, ვისაც ვირმა უკბინა.

შარშან დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში სათვალთვალო კამერით გადაღებულ ვიდეოკადრს, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ უსწორდება ახალგაზრდა მამაკაცი უპატრონო ძაღლს რუსთავში, „საქართველოს ბანკის“ ოფისთან. ცხოველთა დამცველებმა მაშინ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მოითხოვეს, ადგილობრივი თვითმმართველობისგან კი - მიუსაფარი ძაღლების პატრონობა და დაცვა. რუსთავის მერიამ მაშინ ვერაფერი გააწყო, წელს კი ტენდერი გამოაცხადა ძაღლების პოპულაციის რეგულირების მიზნით, თუმცა ორჯერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა არავინ ისურვა, - როგორც ჩანს, 130 ათასი ლარი ეცოტავათ, - ამიტომ თვითმმართველობა იძულებული გახდა მიუსაფარი ძაღლების პრობლემის მოგვარებაზე თავად ეზრუნა. სამუშაოებს ადგილობრივი კეთილმოწყობის სამსახური ჩაატარებს.

აი, რას ამბობს რუსთავის მერის პირველი მოადგილე ნოდარ შეროზია:

„ძაღლების გამრავლებას ხელი რომ შევუშალოთ, დედლებს სტერილიზაციას გავუკეთებთ, მამლებს კასტრაციას. ცოფზე ვაქცინაცია და ამ ცხოველების რეგისტრაცია ჩატარდება. ყველას გაუკეთდება მარკირება და დაუბრუნდებიან თავიანთ საცხოვრებელ გარემოს“.

საგულისხმოა, რომ რუსთავში ძაღლების თავშესაფარი არ არის - არც კერძო, არც მუნიციპალური. ნოდარ შეროზიას თქმით, თავშესაფრის მოწყობა 400-500 ათასი ლარი ღირს, რისი გამოყოფის შესაძლებლობაც მერიას არა აქვს. ამიტომ თვითმმართველობამ მეტალურგიულ ქარხანაში არსებული არცთუ ისე დიდი ძაღლსაშენი იჯარით აიღო, სადაც უპატრონო ცხოველების კასტრაცია, აცრა და მკურნალობა მოხდება, იქ ცხოველებს რამდენიმე დღით გააჩერებენ და შემდეგ გაუშვებენ.

ქალაქის ანტირაბიული სამსახურის უფროსი ირაკლი ჯანგულაშვილი ამბობს, რომ რუსთავი მიუსაფარი ცხოველების პრობლემას მარტო ვერ გაუმკლავდება და, აი, რატომ:

„გასათვალისწინებელია რუსთავის გეოგრაფიული მდებარეობა. გარშემო სულ ნაკრძალებია. თბილისისკენ მიდიხარ, დაცული ტერიტორიებია; გარდაბნისკენ მიდიხარ, იქაც დაცული ტერიტორიებია. იქით მტკვარი ჩამოგვიდის და ნაკრძალი ტერიტორიებია. საერთოდ შესასწავლია ეს საკითხი. უნდა შემუშავდეს სახელმწიფო პროგრამა. რუსთავი ამ პრობლემას მარტო ვერ გაუმკალვდება“.

ირაკლი ჯანგულაშვილის თქმით, ვინაიდან პრობლემა ისევ არსებობს, საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ძაღლების გამო წლის ბოლომდე მასთან სამკურნალოდ მისული ადამიანების რაოდენობა 2 000-ს გადააჭარბებს, რაც წინა წლის მაჩვენებელზე მეტი იქნება.