რუსთავი: სტუდენტთა მოთხოვნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არგუმენტები

რუსთავი-თბილისის სამგზავრო მარშრუტზე მგზავრობის საფასური 20 თეთრით გაძვირდა და ლარ-ნახევარი გახდა, რამაც რუსთავში მცხოვრები სტუდენტების უკმაყოფილება გამოიწვია. სტუდენტები დროდადრო რუსთავის თვითმმართველობის შენობასთან საპროტესტო აქციებს მართავენ მგზავრობის ფასის განახევრების მოთხოვნით, თუმცა 8 დეკემბერს რუსთავის მერთან გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა.

Your browser doesn’t support HTML5

სტუდენტთა მოთხოვნები და ადგილობრივი თვითმმართველობის არგუმენტები


რუსთავი-თბილისის სამგზავრო მარშრუტზე მგზავრობის ღირებულება მიმდინარე კვირის დასაწყისში გაიზარდა. რუსთავის სტუდენტთა ასოციაციის წევრები - დაახლოებით, 15 ახალგაზრდა - ყოველდღე იკრიბებიან მერიის წინ და სტუდენტებისთვის მგზავრობის საფასურის განახევრებას მოითხოვენ:

„ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენს აქციას, ვიქნებით აქ... ვიმსახურებთ სტუდენტურ ტარიფს ყველა რუსთაველი. იქნება კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა, რომელიც მხარს დაგვიჭერს და იქნება ჩვენს გვერდით“.

ასე, ხმის გამაძლიერებლის დახმარებით, აწვდიან სტუდენტები ხმას თვითმმართველობის თანამშრომლებს. ასოციაციის ერთ-ერთმა წევრმა, გურამ ლაცაბიძემ, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას განაცხადა, რომ მერია დღემდე უარს ამბობს მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტიდან მგზავრობის საფასურის ნაწილობრივ სუბსიდირებაზე, რის გამოც აქციებმა პერმანენტული ხასიათი მიიღო.
აი, რა რას ამბობს გურამ ლაცაბიძე:

„შედეგი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობა გვპასუხობს, რომ ბიუჯეტში არ აქვთ საკმარისი სახსრები. მოვითხოვთ მათთან შეხვედრას. წარვუდგენთ კონკრეტულ გეგმას, თუ საიდან უნდა მოხდეს ამ ტარიფის სუბსიდირება“.

მართლაც, რუსთავის მერმა, დავით ჯიქიამ, სტუდენტების ორი წარმომადგენელი მიიღო, მათ შორის გურამ ლაცაბიძეც. შეხვედრა მეტისმეტად ემოციურად წარიმართა. ახალგაზრდები აცხადებდნენ, რომ მერიას, კეთილი ნების შემთხვევაში, შეუძლია ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება და ამ გზით დაზოგილი 850 ათასამდე ლარით სტუდენტების მგზავრობის დაფინანსება. დავით ჯიქია კი ირწმუნებოდა, რომ ადმინისტრაციული ხარჯები ისედაც შემცირებულია. ამდენად, მერია ვერ შეძლებს მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

დავით ჯიქია საუბარს განაგრძობდა, როცა სტუდენტები მოლაპარაკების მაგიდიდან ადგნენ და მერიის საკონფერენციო დარბაზი დატოვეს. გურამ ლაცაბიძემ ჟურნალისტებს, რომლებიც მრავლად იყვნენ დარბაზში, შეხვედრის დატოვების მიზეზი აუხსნა:

„ისინი [თვითმმართველობა] არაფრად აგდებენ მრავალათასიან პრემიებს, ძვირად ღირებულ მანქანებს, არ აპირებენ დათმონ პირადი კომფორტი. ყველაფერი ამის ხარჯზე, ისინი სტუდენტებს აკლებენ სტუდენტური ცხოვრების საშუალებას, არ აძლევენ საშუალებას იმგზავრონ სტუდენტური განახევრებული ტარიფით“.

გურამ ლაცაბიძის თქმით, სტუდენტების საპროტესტო აქცია გაგრძელდება.

დავით ჯიქიას განცხადებით კი, ახალგაზრდების მოთხოვნამ პოლიტიკური ელფერი შეიძინა. მათ აქეზებს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი დავით კირკიტაძე, რომელიც რუსთავში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს.

„სირცხვილია! არჩევნები წააგო ბატონმა დავითმა, მესმის, მაგრამ ასეთ დაბალ დონეზე არ უნდა დაეცეს. ეს არის სუფთა პოლიტიკური მომენტი..ახალგაზრდა, რომელიც საკმაოდ დემაგოგიურად საუბრობდა, არის დმანისელი კანდიდატის, ბატონი ბაკურის [ბაკურ მგელაძე], შვილი “.

დავით ჯიქიამ ახალგაზრდებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა ასევე, რომ მერია, იმის მიუხედავად, როგორ აფასებს სტუდენტების აქციას, განაგრძობს გადამზიდავ კომპანია „ინტერტრანსთან“ მოლაპარაკებას, თუმცა რა შედეგით დასრულდება, არ იცის.

ჯიქია ითხოვს „დამატებით არგუმენტებს“, თუ რა მიზეზით გაზარდა კომპანიამ მგზავრობის საფასური. ამასთან, გადასახედია ტენდერის პირობები და თვითმმართველობასთან გაფორმებული ხელშეკრულებები, რა შემთხვევაში შეუძლია „ინტერტრანსს“ მგზავრობის გაძვირება.

რუსთავის მერმა აქვე დასძინა, რომ „ინტერტრანსი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს საკუთარ მძღოლებთან მგზავრობის ღირებულების ერთ ლარსა და 30 თეთრამდე დაბრუნების თაობაზე. ამ მოლაპარაკებებში ჩართულია ტრანსპორტის პროფკავშირების თავმჯდომარე და, ამავე დროს, რუსთავის საკრებულოს წევრი ლავრენტი ალანიაც. როგორც მასთან საუბარში ირკვევა, მძღოლები არ დათანხმდებიან მგზავრობის ღირებულება ძველ ნიშნულს დაუბრუნდეს:

„მძღოლები ჩვენი წევრები არიან და ნამდვილად არ მინდა შეასრულონ ვიღაცის დავალებები. ეს არ არის ფორმალური სექტორი, ეს არის არაფორმალური სექტორი. ამიტომ არა მხოლოდ კომპანიას, მძღოლსაც ექნება პრობლემები“.

როგორც ჩანს, „ინტერტრანსსა“ და მძღოლებს შორის მოლაპარაკებები ფორმალურ ხასიათს ატარებს, რადგან მგზავრობის ღირებულების გაზრდა გადამზიდავი კომპანიის ინტერესებშიცაა. „ინტერტრანსის“ პრესსამსახურის უფროსმა სოფო ცერცვაძემ რადიო თავისუფლებასთან საუბარში პირდაპირ განაცხადა, რომ ლარის კურსის შეცვლამ კომპანია გაკოტრების ზღვარზე მიიყვანა:

„კომპანიას აქვს კრედიტი აღებული დოლარში და ბანკის წინაშე აღებულ ვალდებულებებს ფიზიკურად ვეღარ ასრულებს“.

სოფო ცერცვაძემ აქვე შეგვახსენა, რომ, ტენდერისა და მერიასთან გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, გადამზიდავ კომპანიას უფლება აქვს ლარის კურსის მკვეთრი რყევის შემთხვევაში მგზავრობის გადასახადი შეცვალოს.