საქართველოს უზენაეს სასამართლოში „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღებასთან დაკავშირებით მსჯელობა ზეპირი მოსმენის გარეშე დაიწყო. სასამართლოს გადაწყვეტილების მისაღებად თვეზე მეტი დრო აქვს, 5 სექტემბერს კი „რუსთავი 2“-ის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში წარადგინეს დოკუმენტი, რომელმაც, მათი ვარაუდით, მთლიანად უნდა შეცვალოს საქმის მსვლელობა. დოკუმენტი, თავის მხრივ, წარმოადგენს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშსა და ექს-მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, „რუსთავი 2“-ის მფლობელი ქიბარ ხალვაში არასოდეს ყოფილა. რას შეცვლის „რუსთავი 2“-ის საქმეში ახალი გარემოება და რა გადაწყვეტილებას მიიღებს უზენაესი სასამართლო?
Your browser doesn’t support HTML5
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის მფლობელობასთან დაკავშირებულ სამართლებრივ დავაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომაც. უზენაეს სასამართლოს, შესაბამისად, ტელეკომპანიის იურისტებმა 13 ივლისს მიმართეს, თუმცა საკასაციო საჩივრის დასაშვებობაზე მსჯელობის დაწყების წინა დღეს, 4 სექტემბერს, „რუსთავი 2“-მა გაასაჯაროვა დოკუმენტი, რომლითაც, ტელეკომპანიის იურისტების თანახმად, მტკიცდება, რომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში არასოდეს ყოფილა. მათი განცხადებით, ქიბარ ხალვაშსა და ირაკლი ოქრუაშვილს შორის რამდენიმე წლის წინ გაფორმდა ხუთპუნქტიანი შეთანხმება, რომლის მიხედვით, მხარეები ადასტურებენ, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა ქიბარ ხალვაშის სახელითა და მეშვეობით შეიძინა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 100-პროცენტიანი წილი. ამავე ხელშეკრულებით, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ზე, მის წილებზე, აქტივებზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრეობასთან დაკავშირებულ ყველა პრეტენზიასა და სარგებელზე საკუთრებისა და მოთხოვნის უფლებები ეკუთვნის ირაკლი ოქრუაშვილს. ამ პუნქტის დარღვევის ან სადავოდ გახდომის შემთხვევაში ქიბარ ხალვაში ვალდებულებას იღებს ირაკლი ოქრუაშვილს, კომპენსაციის სახით, 7 მილიონი ამერიკული დოლარი გადაუხადოს. როგორც „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი ამბობს, ეს ახალი გარემოება დამატებით დაეხმარება უზენაეს სასამართლოს, რომ დასაშვებად ცნოს საქმე და დააკმაყოფილოს „რუსთავი 2“-ის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც გულისხმობს საქმის ქვემდგომ ინსტანციაში, სააპელაციო სასამართლოში, დაბრუნებას:
გვაქვს ერთი ასლი დოკუმენტისა, რომელშიც საოცარი რაღაცები წერია. ძალიან თვალში მომხვდა რიცხვი 7 მილიონი და, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები. ეს აშკარად უკვე ჩვენი სარჩელის შექმნის შემდეგ შედგენილი დოკუმენტია...პაატა სალია
“მნიშვნელოვანი ამ გარემოებიდან იკვეთება ის, რომ, როგორც იცით, ჩვენი სასამართლო დავა ეხება გარიგების ბათილად ცნობას და ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიაკუთვნა ორმა ინსტანციამ ქიბარ ხალვაშს იმის გამო, რომ მათ მიიჩნიეს, რომ ფასის დისპროპორციულობის გარიგებები ცნობილი უნდა ყოფილიყო ბათილად. ამ შეთანხმებით ირკვევა, რომ ქიბარ ხალვაშს არათუ ზარალი არ მიუღია ფასის დისპროპორციულობის გამო და ის არ არის მსხვერპლი, არამედ ის საერთოდ არც კი ფლობდა „რუსთავი 2“-ს. მას აღიარებული აქვს ეს და, შესაბამისად, შეუძლებელია, რომ მას რაიმე ზარალი მიეღო. მით უმეტეს, საერთოდ ედავა კეთილსინდისიერებასა და გარიგების ბათილად ცნობაზე, ფასის დისპროპორციულობის გამო“.
„რუსთავი 2“-ის ადვოკატები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო ტელეკომპანიის საკასაციო სარჩელის დასაშვებობის გადაწყვეტილებას მიიღებს და, ყველა სხვა დოკუმენტთან ერთად, ახალ გარემოებას, ახალ დოკუმენტსაც განიხილავს. ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, თავის მხრივ, ამბობს, რომ ეს არის გაყალბებული დოკუმენტი, რომელზე ხელმოწერაც არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს და რომელსაც მიმდინარე დავაზე არანაირი ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია. რატომ გამოჩნდა ეს დოკუმენტი ახლა, როდესაც ირაკლი ოქრუაშვილის დაკითხვის საკითხზე შუამდგომლობა ერთი წლის წინაც დაისვა და მხარემ ვერ დაასაბუთა, რა გარემოებებს მოჰფენდა ნათელს იგი? -კითხულობს პაატა სალია:
“გვაქვს ერთი ასლი დოკუმენტისა, რომელშიც საოცარი რაღაცები წერია. ძალიან თვალში მომხვდა რიცხვი 7 მილიონი და, ასევე, ინტელექტუალური საკუთრების საკითხები. ეს აშკარად უკვე ჩვენი სარჩელის შექმნის შემდეგ შედგენილი დოკუმენტია. ვვარაუდობთ და, აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეს, უბრალოდ, არის გაკეთებული იმისთვის, რომ მოხდეს პროცესის გაჭიანურება, რამენაირად არ მოხდეს სასამართლოს მიერ საქმის განხილვა დროულად და რაც შეიძლება მეტი ვადით გახანგრძლივდეს მისი განხილვა“.
ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, ლევან ალაფიშვილი კი, თავის მხრივ, ამტკიცებს, რომ დოკუმენტი ნამდვილია და ამას ადასტურებს რამდენიმე საერთაშორისო ექსპერტიზაც:
“არსებობს არა მხოლოდ ეს დოკუმენტი, არამედ იმის დამადასტურებელი დოკუმენტებიც, მათ შორის, ექსპერტიზის დასკვნა, მაგალითად, საფრანგეთის საექსპერტო დაწესებულების დასკვნა, რომელიც ადასტურებს მის სინამდვილეს. არის კიდევ სხვა მტკიცებულებებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ადასტურებს ამ დოკუმენტის სინამდვილესაც და მის შინაარსობრივ ნაწილსაც. დავა დაწყებული არ არის, დავის დაწყების შემდგომ უკვე რა მოთხოვნა იქნება, რა წესით წარიმართება, სად წარიმართება, დაიწყება მოლაპარაკებით, მედიაციით, არბიტრირებით, პირდაპირ სასამართლოში, რომელ ქვეყანაში, ეს ყველაფერი არის შემდგომი ეტაპი“.
თავად ირაკლი ოქრუაშვილმა კი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაადასტურა, რომ, დოკუმენტიდან გამომდინარე, იგი ქიბარ ხალვაშთან დავის დაწყებას აპირებს. მას სოციალური ქსელებით გამოეხმაურა ქიბარ ხალვაშიც, ყოფილი პარტნიორი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობაში დაადანაშაულა და გამოთქვა ვარაუდი, რომ, შესაძლოა, იგი უსახლკაროდაც კი დარჩეს.
სკანდალური დოკუმენტი კი, რომლის თანახმად, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2“-ის მესაკუთრე არასოდეს ყოფილა და ირაკლი ოქრუაშვილის მიერ ნომინირებული პირი იყო მხოლოდ, როგორც ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი ამბობს, ბერლინში 2010 წლის 4 თებერვალს გაფორმდა.