თბილისის სააპელაციო სასამართლომ 10 ივნისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საკუთრებაზე მფლობელების დავაში გადაწყვეტილება ქიბარ ხალვაშის სასარგებლოდ მიიღო.სასამართლო კოლეგიამ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის განაჩენი და კომპანიის მფლობელებად ქიბარ ხალვაში და შპს „პანორამა“ მიიჩნია. „რუსთავი 2“-ის ადვოკატები სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.
„რუსთავი 2“-ის ადვოკატებს განაჩენის გასაჩივრების 21-დღიანი ვადა აქვთ, თუმცა მანამდე მათ მოსამართლეებმა გადაწყვეტილების სამოტივაციო დასკვნა უნდა გადასცენ. დასაბუთებული განჩინების მიღებას კანონი 30 დღის ვადაში განსაზღვრავს, თუმცა იურისტები არ გამორიცხავენ, რომ ეს უფრო ადრეც მოხდეს. ამის ერთ-ერთი არგუმენტია ის, რომ მოსამართლე ნატა ნაზღაიძის კოლეგიამ საქმის განხილვა 7 ივნისს დაასრულა, განაჩენი კი ორიოდ დღეში, კერძოდ, 10 ივნისს გამოაცხადა:
“ლევან ყარამანიშვილის, გიორგი ყარამანიშვილის, ნინო ნიჟარაძის, შპს ტელეკომპანია „საქართველოს“, შპს „ჰაიდელბერგ-ცემენტ ჯორჯიას“ სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილება. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს უზენაეს სასამართლოში მისი სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით კი, 2015 წლის 3 ნოემბერს გაუქმდა „რუსთავი 2“-ის პარტნიორების ლევან ყარამანიშვილის 22 პროცენტის, გიორგი ყარამანიშვილის 18 პროცენტის, ტელეკომპანია „საქართველოს“ 51 პროცენტის და ნინო ნიჟარაძის 9 პროცენტის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60 პროცენტის წილის მესაკუთრედ ქიბარ ხალვაში იქნა ცნობილი, დარჩენილი 40 პროცენტის წილის მესაკუთრედ კი ქიბარ ხალვაშისვე დაფუძნებული „პანორამა“. მოსამართლე თამაზ ურთმელიძის ხელმძღვანელობით, კოლეგიამ ასევე ბათილად ცნო 2006 წლის 17 ნოემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებები, რომელთა მიხედვით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის 38 პროცენტი კომპანია „ჯეოტრანსს“ გადაუფორმა. ბათილად იქნა ცნობილი აგრეთვე „ჯეოტრანსსა“ და „პანორამას“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის 40 პროცენტი დათმო.
ვთვლიდით, რომ სამართლებრივად არსებითად სწორი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სამართლებრივად სწორი იყო ჩვენი პოზიცია, გვქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაფერი არ წარმოდგენილა სასამართლოში...პაატა სალია
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებაში პრაქტიკულად არანაირი შესწორება არ შეუტანია 2016 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებას, რომლითაც სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის 100 პროცენტის მფლობელად კვლავ ქიბარ ხალვაში გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ საქმის პოლიტიკურ შემადგენელზე საუბრობენ და მოსამართლეებს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ, ადვოკატები ბოლომდე ბრძოლას და ყველა სამართლებრივი პროცედურის გამოყენებას აპირებენ. შემდგომი ინსტანცია უზენაესი სასამართლოა.
“ჩვენ ვიცოდით, რომ სააპელაციო სასამართლო ამ შემადგენლობით სწორედ იმიტომ არსებობდა, რომ მათ უნდა მიეღოთ ეს გადაწყვეტილება და სწორედ ასეთი გადაწყვეტილება. მოსამართლე ურთმელიძემ და აგერ უკვე სააპელაციო სასამართლომ სრულიად თავდაყირა დააყენეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა და იმისათვის, რომ დადგინდეს, უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა შეიცვლება თუ არ შეიცვლება, ალბათ, უზენაეს სასამართლოს მოუწევს, რომ მიიღოს ეს საქმე და განიხილოს“, ამბობს „რუსთავი 2“-ის ადვოკატი თამთა მურადაშვილი.
თავის მხრივ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კმაყოფილია ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია, რომელიც ფიქრობს, რომ, საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე, უზენაესი სასამართლო მას წარმოებაში მიიღებს:
“ვთვლიდით, რომ სამართლებრივად არსებითად სწორი იყო პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება, სამართლებრივად სწორი იყო ჩვენი პოზიცია, გვქონდა შესაბამისი მტკიცებულებები, მოწინააღმდეგე მხარის მიერ არაფერი არ წარმოდგენილა სასამართლოში. მე ვფიქრობ, რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს განსახილველად ამ საქმეს, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი საქმეა, არა გვაქვს ახლა აღსრულების მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, უნდა დაველოდოთ მოთმინებით, რას იზამს უზენაესი სასამართლო და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება“.
პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგში, ბრიუსელში, ყველა შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის საკითხი იყო ძალიან მძაფრად დასმული. ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება...გიორგი აბაშიშვილი
„რუსთავი 2“-ის მფლობელობის შესახებ სამართლებრივი დავა კი, რომელიც რამდენიმე თვეა გრძელდება და დაზუსტებით არავინ იცის, როდის დასრულდება, როგორც დემოკრატიის ერთგვარი ტესტი, ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა, მაგალითად, 10 ივნისს, „რუსთავი 2“-ის საქმეზე სააპელაციო საასასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ, თქვა, რომ საქმე სასამართლოში იხილება და, შესაბამისად, იგი მასზე კომენტარს ვერ გააკეთებს, თუმცა ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლება და სასამართლოს დამოუკიდებლობა პრინციპულად მნიშვნელოვანია ასოცირების პროცესის კუთხითაც. თავის მხრივ, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა „რუსთავი 2“-ის საქმის საერთაშორისო რეზონანსზე გაამახვილა ყურადღება:
“პრეზიდენტის ვიზიტის დროს სტრასბურგში, ბრიუსელში, ყველა შეხვედრაზე „რუსთავი 2“-ის საკითხი იყო ძალიან მძაფრად დასმული. ცხადია, ამ გადაწყვეტილების შემდგომ ეს თემა კიდევ უფრო მეტად გამძაფრდება. ამავდროულად, წინასაარჩევნო პერიოდში „რუსთავი 2“-ის მფლობელის ცვლილება, ვფიქრობ, იქნება სერიოზული დარტყმა არჩევნების დემოკრატიულობაზე“.
7 ივნისს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ, არჩევნებამდე სასამართლო პროცესის ხალვაშის სასარგებლოდ დასრულების შემთხვევაში, „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა საარჩევნო პერიოდში ქვეყნისათვის საზიანო იქნება და ამიტომ იგი მოქმედი მენეჯმენტის დარჩენის მომხრეა. შესაბამისად, იგი მზადაა შესაძლო ფინანსური დანაკარგების კომპენსაციაც კი დაუფაროს ქიბარ ხალვაშს. ბიძინა ივანიშვილის ამ და „რუსთავი 2“-ის შესახებ გამოთქმული სხვა მოსაზრებების საფუძველზე, ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრი დარწმუნებულია, რომ სასამართლო მისი კარნახით მოქმედებს და „რუსთავი 2“-ის ბედსაც ის განაგებს. სასამართლოს მიუკერძოებლობაში, თავის მხრივ, ეჭვი არ შეაქვს მმართველ ძალას, სამოქალაქო სექტორი კი მონიტორინგის რეჟიმში რჩება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ უფრო უმყარდება ეჭვი, რომ საქმე ქონებრივ დავასთან არ გვაქვს.
“კითხვები არათუ არ გაფანტულა, არამედ ახლა, ალბათ, უფრო მეტი სიმწვავით დგას. და კიდევ ერთი: მთელი ამ პროცესის განმავლობაში პრობლემური იყო ის, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები გარკვეულ განცხადებებს აკეთებდნენ, უმრავლესობის წარმომადგენლები გარკვეულ განცხადებებს აკეთებდნენ. ხშირ შემთხვევაში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ეს ადამიანები რაღაცნაირად წინასწარ ფლობდნენ ინფორმაციას, როგორ უნდა წარმართულიყო, როგორ წარიმართებოდა პროცესი და ეს, ცხადია, იმ კითხვებს და იმ ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებდა“, ამბობს „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე.
ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ის ადვოკატები, დაინტერესებული საზოგადოება ახლა სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებული განჩინების გამოქვეყნების მოლოდინშია.