„რუსთავი 2“ კმაყოფილებას გამოხატავს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ტელეკომპანიის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის გამო და მადლობას უხდის მოსამართლეებს, თუმცა ტელეკომპანიისთვის მიუღებლად რჩება გადაწყვეტილება – საქმის არსებითი განხილვის ზეპირი მოსმენის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით. არასამთავრობო ორგანიზაციები იზიარებენ „რუსთავი 2“-ის პოზიციას. პარალელურად, კვლავაც გრძელდება ლაპარაკი ტელეკომპანიის საქმის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვის გაჭიანურებასთან დაკავშირებით. უცნობია, მოესწრება თუ არა გახმაურებული საქმეების – და, მათ შორის, „რუსთავი 2“-ის საქმის – განხილვა სასამართლოს შემადგენლობის განახლებამდე. 10 სექტემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თავისი კვოტა გამოიყენა და საკონსტიტუციო სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დანიშნა.
Your browser doesn’t support HTML5
„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას, სამადლობელი სიტყვები მიმართულია უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეებისკენ - ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძისა და ბესარიონ ალავიძისკენ. ეს სწორედ ის მოსამართლეები არიან, რომლებმაც, „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოცხადებამდე რამდენიმე საათით ადრე, სპეციალურ განცხადებაში უარყვეს მედიაში გავრცელებული ინფორმაცია მათზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ. ხელისუფლების წნეხთან დაკავშირებული ეჭვების, პესიმისტური მოლოდინისა და უარყოფითი პროგნოზების კვალდაკვალ, სასამართლოს მიერ პარასკევ საღამოს გახმაურებულ გადაწყვეტილებას „რუსთავი 2“-ის თანამშრომლები „პირველ გამარჯვებას“ უწოდებენ. 9 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში ჩანს, რომ ნიკა გვარამია დადებით შედეგს გამონაკლისად აღიქვამს:
„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი – ყოველთვის, მაშინაც კი, როდესაც ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის სახელისუფლებო აპარატში, როცა მთელი სახელმწიფო მანქანა შენს წინააღმდეგ მუშაობს... მაინც აქვს აზრი, მაინც არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც წესს აუცილებლად გადაუხვევენ... და, სამწუხაროდ, წესი დღეს არის დაკვეთილი სასამართლო გადაწყვეტილებები საქართველოში. მე მადლობას ვუხდი და ვულოცავ სამ მოსამართლეს გამბედაობას, რომელიც მათ გამოიჩინეს – ქალბატონ გასიტაშვილს და ბატონებს: ქათამაძეს და ალავიძეს... ნამდვილად მათ მიიღეს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება“.
თუმცა „რუსთავი 2“-ის კმაყოფილება სრულყოფილი არ არის. ტელეკომპანიის თანამშრომლები არ ეთანხმებიან უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომ საქმე ზეპირი მოსმენის გარეშე, ანუ დახურული სხდომის პირობებში, უნდა გაიმართოს. ტელეკომპანიის იურისტები შესაბამისი შუამდგომლობით უზენაეს სასამართლოს, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში მიმართავენ.
ზეპირ მოსმენას უჭერენ მხარს მე-3 სექტორის წარმომადგენლებიც. მაგალითად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის, თქმით, იმის გამო, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს და, ამასთან, საქმეს საზოგადოების საგანგებოდ მაღალი ინტერესი უკავშირდება, საქმის განხილვა აუცილებლად ზეპირი მოსმენის პირობებში უნდა შედგეს.
საზოგადოების მაღალი ინტერესის ჭრილში ლაპარაკობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილიც. მისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნო „რუსთავი 2“-ის საკასაციო საჩივარი და ის ისურვებდა, რომ საქმე ზეპირი მოსმენის პირობებში გაიმართოს, თუმცა, როგორც მან უთხრა რადიო თავისუფლებას, უზენაეს სასამართლოს ამ მხრივ არჩევანის თავისუფლება რჩება:
საბოლოოდ მაინც, სასამართლოს მოქმედება უნდა შეფასდეს იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც ის გამოიტანს და გადაწყვეტილების დასაბუთების თანმიმდევრულობისა და სწორი სამართლებრივი მსჯელობის ჭრილში...ანა ნაცვლიშვილი
„თავად კანონმდებლობა აძლევს სასამართლოს შესაძლებლობას, გადაწყვიტოს ზეპირი მოსმენით გაიმართება განხილვა თუ ზეპირი მოსმენის გარეშე. პრაქტიკა გვთავაზობს ორივე შემთხვევას: „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასაც“ და სხვა მოდავე მხარეებსაც ჰქონიათ შემთხვევები, როდესაც ზეპირი მოსმენით იხილება ესა თუ ის დავა, მაგრამ ასევე გვახსოვს შემთხვევები ზეპირი მოსმენის გარეშე... თუმცა ასეთი მაღალი რეზონანსის მქონე საქმეზე უმჯობესი იქნებოდა, რომ ჩატარებულიყო ზეპირი მოსმენა. მიუხედავად ამისა, საბოლოოდ მაინც, სასამართლოს მოქმედება უნდა შეფასდეს იმ გადაწყვეტილებით, რომელსაც ის გამოიტანს და გადაწყვეტილების დასაბუთების თანმიმდევრულობისა და სწორი სამართლებრივი მსჯელობის ჭრილში“.
გადაწყვეტილების მისაღებად კანონი უზენაეს სასამართლოს 6-თვიან ვადას აძლევს, თუმცა, შესაძლოა, ამ ვადის ბოლომდე გამოყენება არ გახდეს საჭირო. როგორც ანა ნაცვლიშვილი აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ზოგადად, როდესაც ესა თუ ის ნორმა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში (და ეს ასეა „რუსთავი 2“-ის შემთხვევაში), გონივრულია, რომ საერთო სასამართლოები და, მათ შორის, უზენაესი სასამართლო დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ, საკონსტიტუციო სასამართლოში შექმნილი რთული ვითარებიდან და საქმის განხილვის უსასრულოდ გაჭიანურების საფრთხიდან გამომდინარე, ანა ნაცვლიშვილის აზრით, ეს შეუძლებელი იქნებოდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ელის „რუსთავი 2“-ის საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოში და, მით უმეტეს, ახლა, როდესაც სასამართლოს შემადგენლობა განახლების ეტაპზე გადადის. იმ ოთხი მოსამართლიდან, რომლებსაც უფლებამოსილების ვადა სექტემბრის ბოლოს ეწურებათ, ორი ვაკანსია უკვე შევსებულია. 10 სექტემბერს პრეზიდენტმა მარგველაშვილმა კანონით მინიჭებული კვოტა გამოიყენა და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად დანიშნა უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და პრეზიდენტის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი კვერენჩხილაძე. გიორგი მარგველაშვილმა თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ წარმომადგენლობით კონფერენციაზე:
„დარწმუნებული ვარ ამ რთულ პროცესში, რომელიც ჯერ კიდევ წინ გვაქვს გასავლელი, – პროცესში, რომელიც არის სწორედ სახელმწიფოს და დემოკრატიული საზოგადოების გაძლიერების რთული გზა , – როგორც ქალბატონი ირინა, ასევე ბატონი გიორგი, ორი ძალიან მაღალი კვალიფიკაციის იურისტი, მაგრამ არა მხოლოდ იურისტი, ძლიერი და პრინციპული ადამიანები (ეს ორივე მახასიათებელი ისევე უნდა ჰქონდეს მოსამართლეს, როგორც კვალიფიკაცია) – ისინი გააძლიერებენ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, დაიცავენ ადამიანის უფლებებს ამ უნიშვნელოვანეს პერიოდში“.
უკვე ცნობილია, რომ ირინა იმერლიშვილი და გიორგი კვერენჩხილაძე საკონსტიტუციო სასამართლოში გიორგი პაპუაშვილისა და კონსტანტინე ვარძელაშვილის ადგილებს დაიკავებენ, ხოლო ვინ დაიკავებს მოსამართლეების ქეთევან ერემაძისა და ოთარ სიჭინავას ადგილებს, ეს ჯერ უცნობია – ამ ორი ვაკანსიისთვის ერთი მოსამართლე უზენაესმა სასამართლომ უნდა დაასახელოს, ხოლო მეორე – საქართველოს პარლამენტმა უნდა აირჩიოს, თუმცა ეს პრაქტიკულად გამორიცხულია ახალი პარლამენტის ამოქმედებამდე. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი ამბობს, როცა ლაპარაკია მოსამართლეების ათი წლით არჩევაზე, პარლამენტი არ უნდა აჩქარდეს. თუმცა ოპოზიცია ფიქრობს, რომ ხელისუფლება დროს მორჩილი კანდიდატურის მოძებნამდე გაწელავს.