„რუსთავი 2“ ყადაღას სასამართლოში ასაჩივრებს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ასაჩივრებს სასამართლოს 5 აგვისტოს გადაწყვეტილებას კომპანიის საკუთრებაზე ყადაღის დადების შესახებ. სარჩელში საუბარია ყადაღის გამოყენების საფუძვლების ნაკლებობაზე. სასამართლოს 20-დღიანი ვადა აქვს „რუსთავი 2“-ის სარჩელის განსახილველად. ტელეკომპანიის წილების თაობაზე სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. საბჭო მხარეებს, ასევე დაინტერესებულ პირებს და პოლიტიკოსებს მოუწოდებს თავი შეიკავონ სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის ხელმყოფი განცხადებებისგან.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლო ტელეკომპანიის სარჩელს დააკმაყოფილებს:

„წესით, მიგვაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს, იმიტომ რომ არ ჰქონდა, მოცემული სარჩელის საფუძველზე, იმის დასაბუთებული ვარაუდი, რომ აუცილებელი იყო ასეთი მკაცრი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. შესაბამისად, იმედი გვაქვს სასამართლოსი, რომ დააკმაყოფილებს საჩივარს და გააუქმებს სასამართლოს ამ განჩინებას“.

დაესწრონ პროცესს და თვითონ მიიღონ პირველწყაროდან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება, რა განცხადებებს აკეთებს, რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები აქვს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, როდესაც „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას ითხოვს...
პაატა სალია

კანონით დადგენილი წესით, სასამართლომ „რუსთავი 2“-ის სარჩელი 20 დღის ვადაში უნდა განიხილოს. „რუსთავი 2“-ის ქონებას ყადაღა ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის სარჩელის უზრუნველყოფის საფუძვლით დაედო. ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ დაელოდებიან „რუსთავი 2“-ის სარჩელს და თავის არგუმენტებს მოამზადებენ.

პროცედურის მიხედვით, თუ პირველი ინსტანციის სასამართლო ჩათვლის, რომ სწორად გამოიყენა უზრუნველყოფის ღონისძიება, ის საქმეს ავტომატურად სააპელაციო სასამართლოში გაგზავნის. თუ ჩაითვალა, რომ „რუსთავი 2“-ის სარჩელის საფუძველზე გასაუქმებელია გადაწყვეტილება, ქიბარ ხალვაშის მხარეს საშუალება ეძლევა გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში, ანუ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ საქმეზე ნებისმიერ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განსჯის საგანი გახდება და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება იქნება გადამწყვეტი ამ შემთხვევაში და მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება საქმეზე მოსამზადებელი პროცესი, ანუ საქმის არსებითი განხილვა.

რაც შეეხება მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენელ დუნია მიატოვიჩის განცხადებას, 11აგვისტოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „სასამართლოს აკრძალვამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს „რუსთავის 2“-ის თავისუფალი მოქმედების შესაძლებლობაზე. ეს გადაწყვეტილება არაპროპორციული და გადაჭარბებულია და შესაძლოა საქართველოში მედიის პლურალიზმს უქმნიდეს საფრთხეს. მოვუწოდებ ხელისუფლებას უზრუნველყოს მედიაპლურალიზმი ქვეყანაში“.

ამ საკითხზე ქიბარ ხალვაშის ადვოკატის პაატა სალიას თქმით, ისინი დაინტერესებული არიან პროცესის მაქსიმალური ღიაობით - იმით, რომ საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს პროცესის მონიტორინგის საშუალება მიეცეთ:

„დაესწრონ პროცესს და თვითონ მიიღონ პირველწყაროდან ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ხდება, რა განცხადებებს აკეთებს, რა სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები აქვს ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს, როდესაც „რუსთავი 2“-ის წილების დაბრუნებას ითხოვს. ძალიან მოხარული ვიქნებით და ძალიან გვინდა, რომ ეუთომ თავისი წარმომადგენლები მოავლინოს სასამართლო პროცესზე, რომ თვალნათლივ პირველწყაროდან ნახონ, რა ხდება, რას ვითხოვთ. ეს, პირველი რიგში, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი“.

პროცესის მონიტორინგით უკვე დაკავდნენ საქართველოში მოქმედი გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები. მათი განცხადებით, პროცესთან დაკავშირებული პოლიტიკური კონტექსტის გამორიცხვა შეუძლებელია.

როგორც ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე თამარ რუხაძე ეუბნება რადიო თავისუფლებას, ამ საქმესთან დაკავშირებით სამი რამ არის მნიშვნელოვანი:

თამარ რუხაძე

„მიუხედავად იმისა, რომ ეს არის კერძო სამართლებრივი დავა, ისეთი კონტექსტი აქვს ამ საქმეს, რა თქმა უნდა, ბევრი შეკითხვა ჩნდება, ბრალდებაც ბევრი ჩნდება. ბუნებრივია, ასეთ დროს საზოგადოებისთვის მთავარია, პროცესი იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე და ღია, რადგან ასეთ სიტუაციაში ამ შეკითხვებზე პასუხი შეიძლება გასცეს მხოლოდ საქმის მაქსიმალურმა გამჭვირვალობამ. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ არანაირად ამ პროცესმა ხელი არ უნდა შეუშალოს არხის მუშაობას და ჟურნალისტებს მათი საქმიანობის შესრულებაში“.

12 აგვისტოს „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „სახელისუფლებო შტოების ცალკეულ წარმომადგენელთა მიერ გაკეთებული განცხადება თუ კომენტარი, რომელიმე მხარის სასარგებლოდ თუ საწინააღმდეგოდ, სასამართლოში მიმდინარე სამართალწარმოების პროცესს საფრთხის ქვეშ აყენებს, ასევე, ლახავს სასამართლოს ავტორიტეტსა და პრესტიჟს, მოსამართლის შეუვალობასა და მიუკერძოებლობას, სამართლის უზენაესობას“.

შესაბამისად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობიდან და მოსამართლის საქმიანობაზე ზეგავლენის ან ასეთის მცდელობის დაუშვებლობიდან გამომდინარე, მოდავე მხარეებს, მათთან დაკავშირებულ დაინტერესებულ პირებს, ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლებს მოუწოდებს, „თავი შეიკავონ სასამართლოს ავტორიტეტისა და მოსამართლის დამოუკიდებლობის შემლახავი განცხადებებისაგან“.