რუსმა მოხალისემ, რომელსაც ფრონტზე დაბრუნებას აიძულებდნენ, თავი ჩამოიხრჩო

ალფრედ გალიმოვმა ოჯახის წევრებს მოუთხრო, რომ უკრაინაში სამხედრო სამსახურის დროს არაერთი სისასტიკისა და გაჭირვების წინაშე აღმოჩნდა. ის 22 მაისს ჩამომხრჩვალი იპოვეს საკუთარ სახლში.

21 მაისს, ალფრედ გალიმოვი დაბრუნდა ბინაში, სადაც თავის შეყვარებულთან ერთად ცხოვრობდა ნაბერეჟნიე ჩელნიში, თათრეთში, მდინარე ვოლგაზე მდებარე ქალაქში. წინა დღეს ის რეგიონის დედაქალაქ ყაზანში იყო სამხედრო წვრთნებზე.

ბატალიონ „ალგის“ წევრი, ქვედანაყოფისა, რომელიც ძირითადად თათრეთში რეკრუტირებული პირებისგან შედგება, 34 წლის გალიმოვი უკრაინაში საომრად უნდა დაბრუნებულიყო ხუთთვიანი პაუზის შემდეგ.

იმ საღამოს მან ნათესავს სთხოვა 200 000 რუბლი (2250 დოლარი), რაც რეგიონში საშუალო თვიურ ხელფასს თითქმის ოთხჯერ აღემატება. უცნაური თხოვნა იყო ჯარისკაცისთვის, რომელიც ომში წასვლას აპირებდა.

მეორე დილას გალიმოვი აბაზანაში ჩამომხრჩვალი იპოვეს. ყველაფერი იმას მიანიშნებდა, რომ მან თავი მოიკლა.

მას წერილი არ დაუტოვებია, მაგრამ ნათესავმა თქვა, რომ გალიმოვს ფრონტზე დაბრუნებისა ეშინოდა. შესაძლოა, მას ფული იმისთვის სჭირდებოდა, რომ ქრთამით მოეხერხებინა სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდება, მიაჩნია ნათესავ ქალს, რომელიც ანონიმურობის პირობით ესაუბრა რადიო თავისუფლებას.

„ვხედავდი, რომ არ სურდა ომში დაბრუნება,“ თქვა ქალმა.

ჯარში გალიმოვის ოთხთვიანი კონტრაქტი იქცა ექვსთვიან პერიოდად, რომელიც განუსაზღვრელი სამსახურის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან 16 თვის შემდეგ, რაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდ შეიარაღებულ კონფლიქტად იქცა, განუხრელად იზრდება ომში დაღუპულთა რიცხვი. დაბომბვის, დასახიჩრებისა და გარდაუვალი სიკვდილის შიშის პირობებში ომმა ბევრ ცოცხლად გადარჩენილ ჯარისკაცსაც მძიმე ტრავმები მიაყენა კონფლიქტის ორივე მხარეს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯარისკაცების თვითმკვლელობის შესახებ ცნობები აქამდე ცოტა იყო, ექსპერტები ამბობენ, რომ ეს შეიძლება ნაწილობრივ გამოწვეული იყოს ოჯახებისა და სამხედროების მცდელობით, არ გაახმაურონ ასეთი ინციდენტები და რომ ნებისმიერ შემთხვევაში მხოლოდ დროის საკითხია, როდის იჩენს თავს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მებრძოლებსა და ვეტერანებს შორის.

„ჯარში სამსახურის გახანგრძლივებული დრო, ფსიქიკური ჯანმრთელობის არასათანადო დაცვა სახლში დასვენებისას, ჯარში სამსახურის დაუსრულებლობის განცდა, სამხედრო სამსახურის ცუდი პირობები და დიდი რაოდენობით მსხვერპლი - ვფიქრობ, საკმაოდ სავარაუდოა, რომ ეს ზოგიერთს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს,“ უთხრა რადიო თავისუფლებას აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის, „რენდ კორპორეიშნის“ პოლიტიკის უფროსმა მკვლევარმა დარა მასიკოტმა.

„მე ვფიქრობ, ამ ომში რუს ვეტერანებთან დაკავშირებით სერიოზული კრიზისია სავარაუდო,“ თქვა მასიკოტმა.

განუსაზღვრელი სამხედრო სამსახური

გალიმოვი მომმარაგებელი მძღოლი იყო, დიდხანს ცხოვრობდა თავის პარტნიორთან ერთად, შვილები არ ჰყავდა და ძლივს გაჰქონდა თავი. 2022 წლის ზაფხულში ის ოთხი თვით წავიდა უკრაინაში მოხალისედ ბატალიონ „ალგის“ შემადგენლობაში. მისი ოჯახი წინააღმდეგი იყო, მაგრამ გადაწონა მაღალმა ხელფასმა, რომელიც შესაძლოა თვეში 195000 რუბლი (2200 აშშ დოლარი) ყოფილიყო.

იმ დროს, სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, რუსეთის ჯარები ნელ-ნელა იკავებდნენ პოზიციებს აღმოსავლეთ უკრაინაში, გადადიოდნენ დონბასში მდებარე იმ ტერიტორიების მიღმა, რომელთა დაკავებაშიც მოსკოვი დაეხმარა კიევის მოწინააღმდეგე ძალებს 2014 წელს. რუსეთის სახელმწიფო ტელევიზია აზვიადებდა რუსეთის არმიის წარმატებებს და ჩქმალავდა მის მნიშვნელოვან დანაკარგებს, რის გამოც ბევრ მომავალ მოხალისეს ომთან დაკავშირებით არარეალისტური მოლოდინები გაუჩინა.

მას მერე, რაც გალიმოვმა კავშირგაბმულობის ოფიცრად დაიწყო ჯარში სამსახური, ორ თვეში უკრაინელმა სამხედროებმა წამოიწყეს ძლიერი კონტრშეტევა, გაანადგურეს რუსული ძალები ჩრდილო-აღმოსავლეთში და სამხრეთში და დაიბრუნეს მნიშვნელოვანი რაოდენობის ტერიტორიები.

ცოცხალი ძალის ნაკლებობის გამო რუსეთმა მასობრივი გაწვევა გამოაცხადა, კონტრაქტორებსა და მოხალისე ჯარისკაცებს დროებით აეკრძალათ სამსახურის დატოვება. ჯარში გალიმოვის ოთხთვიანი კონტრაქტი იქცა ექვსთვიან პერიოდად, რომელიც განუსაზღვრელი სამსახურის მხოლოდ პირველი ეტაპი იყო.

იანვარში შვებულებისას შინ სხვა ადამიანი დაბრუნდა, თქვა მისმა ნათესავმა.

„ომმა დიდად იმოქმედა მის ფსიქიკაზე. ის თავშეუკავებელი გახდა. ვგრძნობდი, რომ ის საკუთარ თავში იკეტებოდა, მაგრამ არასდროს მიფიქრია, რომ ეს თვითმკვლელობით დასრულდებოდა,“ თქვა მან.

ნათესავისთვის გაგზავნილი ტექსტური შეტყობინებებიდან ნათელი იყო, რომ გალიმოვმა თვალებში ჩახედა ომის საშინელებებსა და გაჭირვებას. ნათესავის თქმით, უკრაინული ძალების მიერ განხორციელებული თავდასხმის შემდეგ იგი თავისი ბატალიონის დაჭრილი და შესაძლოა დაღუპული წევრების ევაკუაციაში მონაწილეობდა, რისთვისაც დაჯილდოვდა მედლით მამაცობისთვის.

გალიმოვის სამხედრო სამსახურის განმავლობაში „ალგა“ იბრძოდა რაიონებში, სადაც ძალზე მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა. ნოემბერში ბატალიონი იბრძოდა ქალაქ ხერსონისა და ლისიჩანსკის მიდამოებში. იმ პერიოდში რუსეთის ჯარებმა მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ ნაპირზე დაიხიეს უკან რამდენიმე თვის გააფთრებული ბრძოლების შემდეგ.

გალიმოვი 2022 წელს

თათრეთში გავრცელდა ჭორები, რომ „ალგამ“ (თათრულად - „წინ“) ომში დიდი დანაკარგები განიცადა. რიცხვები ძნელი მოსაპოვებელია - მათ სახელმწიფო არ აქვეყნებს. რადიო თავისუფლებამ შეძლო დაახლოებით 600 ჯარისკაციდან 20 მეომრის სიკვდილის დადასტურება.

იანვარში, მას შემდეგ, რაც გალიმოვი რუსეთში დაბრუნდა შესვენებისთვის, „ალგა“ გაგზავნეს უგლედარში, დონეცკის ოლქში, სადაც ის უკრაინის ჯარებმა დაამარცხა სასტიკ ბრძოლაში, რომლის შედეგადაც, გავრცელებული ინფორმაციით, მისი მრავალი წევრი დაიღუპა. ზოგიერთის გვამი დღემდე არ არის ნაპოვნი.

თებერვლის მარცხამდე ბატალიონის წევრები უკვე იყვნენ უკმაყოფილონი თავიანთი პირობებით.

ისინი ნოემბერში დაწერილ წერილში ჩიოდნენ, რომ არ ჰქონდათ მანქანები, საკომუნიკაციო აღჭურვილობა, ზამთრის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და საკვები. გალიმოვი თავისი ნათესავისთვის მიწერილ ტექსტურ შეტყობინებებში წერდა, რომ ზოგჯერ ზედიზედ რამდენიმე დღე იყო მშიერი.

ორი წევრი, რომელიც გალიმოვის დროს შეუერთდა ბატალიონს, უნებართვოდ დაბრუნდა შინ. მათ ჯარიდან გათავისუფლება მოითხოვეს თავდაპირველი ოთხთვიანი კონტრაქტის დასრულების გამო. მაგრამ ყაზანის სასამართლომ აპრილში არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა.

მარტში, უგლედარის სისხლიანი ბრძოლებიდან ერთი თვის შემდეგ, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დეზერტირობის ბრალდებით აღძრა საქმე რვა ჯარისკაცის წინააღმდეგ თათრეთიდან. 2022 წლის განმავლობაში რეგიონის ჯარისკაცების წინააღმდეგ ექვსი ასეთი საქმე აღიძრა.

მხედველობის პრობლემები

ნათესავის თქმით, გალიმოვმა ცალ თვალში მხედველობა დაკარგა მას შემდეგ, რაც მის მახლობლად ბომბი აფეთქდა. იანვარში ფრონტიდან დაბრუნებისას მან ექიმებს მიმართა. მიუხედავად იმისა, რომ მისი თვალის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, ის საკმარისად სერიოზულად არ მიიჩნიეს სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებისთვის, თქვა გალიმოვის ნათესავმა.

გალიმოვმა თავის ნათესავს უთხრა, რომ აზრი არ ჰქონდა საკუთარი თავისთვის ხელოვნურად დამატებითი ტრავმის მიყენებას, ვინაიდან მას მაინც დააბრუნებდნენ ჯარში.

არ არის ნათელი, განიცადა თუ არა გალიმოვმა ტვინის ტრავმული დაზიანება (TBI) ან პოსტტრავმული სტრესის სინდრომი (PTSD) ბომბის აფეთქებასთან დაკავშირებული ინციდენტის შედეგად. TBI-ის ზომიერ შემთხვევას შეიძლება მოჰყვეს მუდმივი შედეგები, როგორიცაა, სხვათა შორის, ხშირი თავის ტკივილი, მხედველობის დაკარგვა და პიროვნების ცვლილებები.

ბოლოდროინდელმა ამერიკულმა კვლევამ აჩვენა, რომ თვითმკვლელობის მაჩვენებელი ამერიკელ ვეტერანებს შორის, რომლებმაც განიცადეს ტვინის მსუბუქი ტრავმული დაზიანება (ის ტვინის შერყევის სახელითაცაა ცნობილი), სამჯერ აღემატება საერთო მოსახლეობისას. ზომიერი და მძიმე TBI-ის მქონეთათვის ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მაღალი იყო.

ხუთთვიანი შესვენების დროს გალიმოვს არ მიუღია რაიმე სახის დახმარება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ექსპერტების თქმით, რუსეთში ვეტერანთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ცუდად არის განვითარებული და შესაძლოა, ის მალე გადაიტვირთოს.

The Economist-ში მაისში გამოქვეყნებულ სტატიაში მასიკოტი აღნიშნავს, რომ ვეტერანთა ადვოკატების თქმით, რუსეთს აქვს 10 საავადმყოფო, რომელიც ემსახურება ყოფილ სამხედრო პერსონალს და მათგან მხოლოდ ერთია ფოკუსირებული ფსიქიატრიულ დახმარებაზე. ცენტრში მხოლოდ 32 საწოლია.

„არავინ მუშაობს ამ საკითხზე [PTSD],“ უთხრა რადიო რადიო თავისუფლებას 44 წლის ბორისმა რუსეთის უდმურტეთის რეგიონიდან. მას ეს სინდრომი სჭირს და ის 2014-2019 წლებში უკრაინაში, ლუგანსკის ოლქში მსახურობდა ჯარში დონბასის ომის დროს.

ბორისის თქმით, პოსტტრავმატული სტრესის სინდრომი ამ კონფლიქტის შემდეგ რუსეთის საზოგადოებას უფრო სერიოზულ პრობლემას უქადის, ვიდრე შეიქმნა ავღანეთში საბჭოთა კავშირის ომისა და ჩეჩნეთის ომების შემდეგ 1990-იან და 2000-იან წლებში, ვინაიდან უკრაინაში უფრო დიდია სიკვდილისა და ნგრევის მასშტაბი.

აშშ-ის მიერ თებერვალში გამოქვეყნებული სავარაუდო მონაცემების მიხედვით, უკრაინაში ბრძოლების შედეგად რუსეთის თითქმის 200 ათასი ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა. მას შემდეგ, ბახმუტში ინტენსიური ბრძოლებისა და უკრაინის არმიის კონტრშეტევის ფონზე, ეს რიცხვი მხოლოდ გაიზარდა.

ფსიქოლოგიური ტრავმების ბელგიელმა სპეციალისტმა, პროფესორმა ერიკ დე სუარმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ყველას, ვისაც ძალადობასთან ჰქონდა შეხება, პოსტრავმატული სინდრომი ექნება. ეს მოიცავს არა მხოლოდ მათ, ვინც სიკვდილის საფრთხეს განიცდიდა, არამედ მათაც, ვინც სისასტიკეს შეესწრო.

ანუ იმ რუსი მებრძოლების რაოდენობა, რომლებსაც პოტენციურად შეიძლება დასჭირდეს ფსიქიკური სამედიცინო მომსახურება, ათეულობით ათასი იქნება.

როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო 2022 წლის თებერვალში, ის მოელოდა, რომ ომი ხანმოკლე იქნებოდა და რუსეთის არმია იოლად გაიმარჯვებდა. ახლა რუსეთი ცდილობს, ააშენოს ან გააუმჯობესოს სამედიცინო დაწესებულებები, რათა დაეხმაროს ჯარისკაცებს, რომლებიც ომის შემდეგ ფსიქოლოგიური პრობლემებით დაბრუნდებიან შინ.

რუსეთმა ამ გაზაფხულზე გამოაცხადა PTSD-ის წინააღმდეგ ბრძოლის საპილოტე პროგრამა, რომელიც შინდაბრუნებული ჯარისკაცებისთვის იქნება განკუთვნილი და თქვა, რომ ვეტერანთა მხარდაჭერის ცენტრების შექმნას აპირებს ქვეყნის რვავე ფედერალურ ოლქში, წერს მასიკოტი Economist-ის სტატიაში. ცენტრები ომიდან დაბრუნებულ ვეტერანებს დაეხმარება ფიზიკური და ფსიქიკური დაავადებების მკურნალობაში, ასევე დაეხმარება მათ სამსახურის შოვნაში და იურიდიული პრობლემების მოგვარებაში.

”ძალიან ადრეა იმის თქმა, შეამსუბუქებს თუ არა ეს დარტყმას ჯანდაცვის სისტემაზე, რომელიც უკვე გადატვირთულია,“ შენიშნავს ის.

გალიმოვის ნათესავმა თქვა, რომ მისი თვითმკვლელობა იყო მტკივნეული დარტყმა და მწუხარება, რომელიც არ გაქრება. მაგრამ მისი სიტყვებით, ოჯახისთვის ეს სიკვდილი განსხვავდება ბატალიონის სხვა მებრძოლთა სიკვდილისგან.

„ის მაინც ვიცით, სად არის მისი საფლავი. შემიძლია წავიდე და მოვინახულო,“ თქვა ქალმა.