რუსეთ-საქართველოს ომის წლისთავზე აფხაზეთს ვლადიმირ პუტინი ეწვევა - სტატიას ამის შესახებ გამოცემა “როსბიზნესკონსალტინგი” აქვეყნებს. ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს, რაულ ხაჯიმბას, შეხვდება. ბოლოს პუტინი აფხაზეთში 2013 წელს იმყოფებოდა: ბიჭვინთაში ის ყოფილ პრეზიდენტს, ალექსანდრ ანქვაბს, შეხვდა.
სტატიაში რუსეთის დუმის დე-სე-თეს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ ზატულინი ამბობს, რომ პუტინის ვიზიტი აფხაზეთში დაკავშირებულია როგორც აფხაზეთის შიგნით არსებულ რთულ პოლიტიკურ ვითარებასთან, ასევე საქართველოში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის, ვიზიტთან.
რუსი დეპუტატის თქმით, განხეთქილება აფხაზეთის საზოგადოებაში, პოლიტიკური წრეების დაპირისპირება და ეთნიკური შუღლი აფერხებს აფხაზეთის ეკონომიკურ განვითარებას და რუსეთის ინვესტიციებს. გარდა ამისა, პუტინის ვიზიტით კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის მიერ ნაკისრი ვალდებულება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მიმართ იმ თვალსაზრისით, რომ პენსი აქტიურ აგიტაციას ეწევა საქართველოს ნატოში მისაღებად, რაც, თავის მხრივ, აჩენს არაერთ შეკითხვას, მათ შორის, დაკავშირებულს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მცდელობასთან.
„ამერიკის შემცირებული შტამპები“ - ამ სტატიით გამოეხმურა გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას, სანქციები დაუწესოს ამერიკის შეერთებულ შტატებს. კერძოდ, საუბარია რუსეთში ამერიკის დიპლომატიური დაწესებულებების თანამშრომელთა 755 კაცით შემცირებაზე, რაც, სტატიის ავტორის ვარაუდით, პრობლემებს შეუქმნის თავად რუსეთს, სულ ცოტა, ორი მიმართულებით: პირველი, სირთულე შეექმნებათ რუსეთის მოქალაქეებს ამერიკის ვიზების მიღებისას: ლოდინის ვადამ, შესაძლოა, კვირები და თვეებიც კი შეადგინოს. მეორე: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი, პირველ რიგში, შეამცირებს საელჩოსა და საკონსულოებში დასაქმებულ რუსეთის მოქალაქეებს. სტატიაში საუბარია იმაზეც, რომ რუსეთმა ასე უპასუხა ვაშინგტონის მიერ შარშან დეკემბერში 35 რუსი დიპლომატის გაძევებასა და რუსეთის საელჩოს ორი აგარაკის დაყადაღებას. მაშინ რუსეთის პრეზიდენტმა თავი შეიკავა მყისიერი პასუხისგან იმ იმედით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეცვლიდა ვაშინგტონის პოლიტიკას, მაგრამ პუტინის ეს მოლოდინი არ გამართლდა, ვაშინგტონისთვის სანქციების დაწესების შემდეგ კი რუსეთის მოქალაქეებს მოუწევთ იმასთან შეგუება, რომ ვიზების გაფორმებისთვის საჭირო ვადები მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოსკოვში ამერიკის საელჩოს საიტზე უკვე ურჩევენ რუსეთის მოქალაქეებს ვიზის მისაღებად განცხადება შეიტანონ სულ ცოტა სამი თვით ადრე.
„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი იმის შესახებ წერს, რომ მოსკოვისა და ვაშინგტონის ერთიერთობა კიდევ უფრო მეტად გაუარესდება მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს კანონპროექტს რუსეთისათვის სანქციების დაწესების შესახებ. სტატიაში მოტანილია ოპოზიციური პარტია „იაბლოკოს“ ლიდერის, გრიგორი იავლინისკის, კომენტარი, რომლის მიხედვითაც, რუსეთის დაყენება ირანისა და ჩრდილოეთ კორეის გვერდით იმის მანიშნებელია, რომ პუტინ-ლავროვის საგარეო პოლიტიკამ სრული კრახი განიცადა. იავლინსკის თქმით, რუსეთი, რომელიც სრული იზოლაციის ზღვარზე იმყოფება, შესაძლოა, მოიკვეთოს კაპიტალის გლობალური ბაზრიდან და მსოფლიო ფინანსური სისტემიდან.
რუსი პოლიტიკოსი ურჩევს ხელისუფლებას დაიწყოს ეკონომიკის რეფორმირება იმდაგვარად, რომ არ იყოს დამოკიდებული ნავთობსა და გაზზე. ასევე აუცილებელია, კონტრსანქციების გაუქმება და საერთაშორისო კონფერენციის მოწვევა ყირიმის საერთაშორისო-სამართლებრივი სტატუსის განსახილველად.
სტატიის მიხედვით, „ღია რუსეთის“ დამფუძნებელი მიხაილ ხოდორკოვსკიც დარწმუნებულია, რომ სანქციების შედეგი მძიმე იქნება, რადგანაც 21-ე საუკენეში 140- მილიონიანი ქვეყანა ტექნოლოგიური სანქციების პირობებში ჩამორჩენისთვისაა განწირული.