რუსეთის პრესის მიმოხილვა, 2017 წ., 22 მარტი

Generic – A photo of International and Russian newspapers, Prague, 19Jun2014

„არჩევნებში პუტინი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთის მოქმედ თავკაცს“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „იზვესტიამ“ სტატია, რომელშიც საუბარია დე ფაქტო რესპუბლიკის ლიდერისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის, შეხვედრის შესახებ. საქმე ისაა, რომ 9 აპრილს ცხინვალის რეგიონში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს, ლეონიდ თიბილოვი კი, მოქმედი პრეზიდენტი, კვლავ აპირებს კენჭისყრაში მონაწილეობას. მოსკოვში გამართულ შეხვედრაზე ვლადიმირ პუტინმა თიბილოვს წარმატება უსურვა: „ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მოქმედი კონსტიტუციის ფარგლებში ჩაივლის და არჩევნები შექმნის ხელსაყრელ პირობებს შემდგომი განვითარებისათვის“.

„იზვესტია“ მკითხველს შეახსენებს, რომ ხელისუფლების ბოლო ცვლილებამ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. 2011 წლის 27 ნოემბერს გამართული არჩევნების მეორე ტურის შედეგები ბათილად გამოცხადდა. მიტინგებისა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის შუამავლობის შედეგად ვითარება მშვიდობიანად განიმუხტა. მიმდინარე საარჩევნო კამპანიაც დაძაბულ ატმოსფეროში წარიმართა. ყოფილ პრეზიდენტს, ედუარ კოკოითის, უარი ეთქვა პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებაზე.

„იზვესტია“ წერს, რომ 9 აპრილს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევასთან ერთად გაიმართება, ასევე, რეფერენდუმი ქვეყნისათვის სახელის შეცვლის თაობაზე. თუ დე ფაქტო რესბულიკის მოსახლეობა მხარს დაუჭერს მთავრობის ინიციატივას, მაშინ საქართველოს სეპარატისტული რეგიონის სახელს „სამხრეთ ოსეთი“ დაემატება „სახელმწიფო ალანია“.

„ვედომოსტის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის სათაურია „მთავრობა სულ სხვა ჩრდილს ებრძვის“, რუსეთში მოქმედი ორგანიზაცია „სტრატეგიული დამუშავების ცენტრი“ ამტკიცებს, რომ მთავრობის მცდელობა შეამციროს ჩრდილოვანი დასაქმება უმუშევრობის ზრდასა და მოსახლეობის შემოსავლების შემცირებას გაომიწვევს.

სტატიის მიხედვით, რუსეთში არაფორმალურად დასაქმებულთა წილი 20-33 პროცენტია. ამასთან, არაფორმალური დასაქმება შეიძლება დაიყოს სამ სახეობად: თვითდასაქმება, არაფორმალური დაქირავებული შრომა და არარეგულარული დასაქმება. რუსეთში თვითდასაქმებულთა წილი 5-7 პროცენტია, ჩრდილოვანი დასაქმება კი იზრდება არაფორმალურად დაქირავებული შრომის ხარჯზე. შესაბამისად, ექსპერტები შიშობენ, რომ ჩრდილოვანი დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლა მიმართული იქნება თვითდასაქმებულთა წინააღმდეგ.

საქმე ისაა, რომ 2017 წლიდან რუსეთში ძალაში შევიდა კანონი, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია დარეგისტრირდე საგადასახადო სამსახურში და ორი წლით გათავისუფლდე გადასახადებისგან. კანონის მოქმედების ქვეშ ექცევიან ძიძები, რეპეტიტორები, შინამოსამსახურეები და ა.შ.

„სულ რაღაც ორი კვირის წინ ეკატერინბურგში დარეგისტრირდა ერთი თვითდასაქმებული, მეეზოვე, მოგვიანებით - კიდევ ორი ძიძა. მეტს არავის გამოუთქვამს სურვილი“, - წერს გამოცემა, რომლის მიხედვითაც, ხშირ შემთხვევაში ჩინოვნიკები ვერ ხედავენ განსხვავებას არაფორმარულ დასაქმებასა და თვითდასაქმებას შორის. სტატიის ფინალურ ნაწილში მოყვანილია ექსპერტთა რეკომენდაცია: იმის გამო, რომ შეუძლებელია არაფორმალური დასაქმების ბოლომდე ამოძირკვა და მაღალია თვითდასაქმებულთა რაიონების შემცირების რისკი, უმჯობესია საერთოდ არ დაისახო მიზნად არაფორმალური დასაქმების წინააღმდეგ ბრძოლა .

„კომერსანტმა“ კი გამოაქვეყნა World Happiness Report - ბედნიერების მსოფლიო რეიტინგი, რომლის მიხედვითაც, რუსეთი 49-ე ადგილზე იმყოფება და, როგორც გამოცემა წერს, ბოლო ერთი წლის განმავლობაში ექვსი პუნქტით გაიუმჯობესა მდგომარეობა. ანალიტიკოსებმა ყველაზე ბედნიერ ქვეყნად დაასახელეს ნორვეგია, რომელსაც მოსდევს დანია და ისლანდია. საქართველომ 126-ე ადგილიდან 125-ეზე გადაინაცვლა. საქართველოს ბევრად წინ უსწრებს ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა უზბეკეთი, რომელიც 47-ე ადგილზეა. რეიტინგის გამოანგარიშებისას ითვალისწინებენ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიგა პროდუქტის წილს, სახელმწიფო სოცდახმარების მოცულობას, სიცოცხლის ხანგრძლივობას და კორუფციის დონეს, წერს გაზეთი „კომერსანტი“.