რუსეთის პრესის მიმოხილვა

რუსეთის პრესამ აქტიურად გააშუქა თურქეთში რუსეთის სრულუფლებიანი ელჩის, ანდრეი კარლოვის, მკვლელობა. გაზეთმა „კომერსანტმა“ გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია, რომლის მიხედვითაც, მკვლელობა ხელს ვერ შეუშლის რუსეთისა და თურქეთის თანამშრომლობას სირიაში მიმდინარე კონფლიქტის დარეგულირების საკითხში. „სირია ეწერება სამკუთხედში“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ მოსკოვში მოლაპარაკება გამართეს რუსეთის, ირანისა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და რომ რუსი დეპლომატის მკვლელობამ ვერ ჩაშალა აღნიშნული შეხვედრა. გამოცემის დასკვნით, შეხვედრამ აჩვენა, რომ ტერაქტმა გაააქტიურა რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა, რომელიც უმნიშვნელოვანეს ელემენტს წარმოადგენს მოსკოვ-თეირან-ანკარის სამკუთხედში: „სირიის დარეგულირების საკითხში სიმძიმის ცენტრი ინაცვლებს რეგიონში. ამასთან, სირიის მომავალს განსაზღვრავენ რუსეთი, ირანი და თურქეთი, მაშინ როცა ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი ინაცვლებენ მეორე პლანზე“.

სტატიის მიხედვით, მოლაპარაკების პროცესში შესაძლოა პირველად ჩაერთონ არა მხოლოდ სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები, არამედ თურქეთისა და ირანის ხელშეწყობით მოქმედი ზოგიერთი შედარებთ ზომიერი დაჯგუფების ლიდერიც.

სტატიაში საუბარია, ასევე, იმაზე, რომ ანკარაში მომხდარი მკვლელობის გამოძიებაში ჩაერთო რუსეთიდან მივლენილი ოპერატიულ-საგამოძიებო ჯგუფი, 18 ადამიანის შემადგენლობით. გამოცემა ციტირებს თურქეთის პრეზიდენტის სიტყვებს: „არავის მივცემთ საშუალებას გააფუჭოს რუსეთ-თურქეთის ურთიერთობა. ჩემი და თურქი ხალხის სახელით ვგმობ რუსეთის ელჩის მკვლელობას. წყეული იყოს მკვლელი. ტელეფონით ველაპარაკე პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და ჩვენ ერთსულოვანი ვართ იმაში, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ორი ქვეყნის ურთიერთობისათვის ზიანის მიყენებას“.

გაზეთი „იზვესტია“ კი რუსეთში სუიციდის პრობლემის შესახებ წერს. „სუიციდის მიხედვით, რუსეთი ევროპაში მეცხრე ადგილზეა“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული ინტერვიუს რუსეთის მთავარ ფსიქიატრ ზურაბ კეკელიძესთან, რომლის თქმითაც, როცა კრიზისი მწვავდება, ზღვრული მდგომარეობების რაოდენობა იზრდება, თუმცა, კეკელიძისავე თქმით, გასული საუკუნის 90-იან წლებთან შედარებით, რუსეთის მოქალაქეები უკეთ არიან მომზადებული და უკეთესადაც იცავენ თავს. რუსეთის მთავარი ფსიქიატრის თქმით, 2005 წლიდან სუიციდის დონე მნიშვნელოვნად შემცირდა. 2005 წელს რუსეთი მესამე ადგილზე იყო მსოფლიოში, ახლა რუსეთი ევროპაში მეცხრე, მსოფლიოში კი მეთოთხმეტე ადგილზეა.

„ვითარება გაუმჯობესდა, მაგრამ მდგომარეობა კვლავ მძიმეა, განსაკუთრებით მოზარდებში“, წერს „იზვესტია“, რომლის პუბლიკაციის მიხედვით, რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრო აპირებს ააღორძინოს სამკურნალო-შრომითი სახელოსნოები საავადმყოფოებში, სამჯერ შეამციროს საწოლების რაოდენობა ფსიქიატრიულ სტაციონარებში და განავითაროს ფსიქიკური გადახრების ამბულატორიული მკურნალობა.

„პოსტსიმართლის ეფექტი“ - გაზეთ „ვედომოსტიში“ ასეთი სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში საუბარია იმაზე, თუ რამდენად ენდობიან რუსეთის მოქალაქეები მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს. ფონდ „მედიასტანდარტის“ მიერ ჩატარებული გამოკითხვიდან ირკვევა, რომ რუსეთში იზრდება იმ რეგიონების რიცხვი, რომელთა მცხოვრებლებიც კრიტიკულად არიან განწობილი მედიის მიმართ. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 13-დან 24-მდე გაიზარდა ისეთი რეგიონების რაოდენობა, რომელთა აუდიტორიის 40 პროცენტი ამბობს, რომ შეხვედრია მედიით გავრცელებული ტყუილი ან პროპაგანდა.

მოსკოვში ასეთი აუდიტორიის წილი გაიზარდა 46-დან 52 პროცენტამდე. მოსკოვის გარდა, კრიტიკულად განწყობილი რეგიონების ჩამონათვალში ლიდერობენ პეტერბურგი, ორლოვის, მოსკოვისა და ლიპეტსკის ოლქები. ყველაზე ლოიალური განწყობები კი გვხვდება ჩეჩნეთში, ყირიმში, ბაშკირეთსა და ჩუვაშეთში.

სტატიის მიხედვით, პროპაგანდამ მოიტანა ის, რომ ხალხი აღარ ენდობა ტელევიზიას და სულ უფრო მეტი ადამიანი იღებს ინფორმაციას ინტერენტისა და სოციალური ქსელების მეშვეობით.