რუსეთის პრესის მიმოხილვა, 26 ნოემბერი, 2014 წ

რუსეთის ბეჭდურმა მედიამ აქტიურად გააშუქა რუსეთსა და აფხაზეთს შორის მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა. გაზეთი „კომერსანტი“ წერს, რომ სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართულ ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ლამის ყველა სახელმწიფო მოხელე, მაშინ როცა რუსეთის პრეზიდენტს ახლდა მხოლოდ პრესმდივანი დმიტრი პესკოვი და ორი თანაშემწე - იური უშაკოვი და ვლადისლავ სურკოვი. სტატიის შესავალში ავტორი ამბობს, რომ შეთანხმების ხელმოწერას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი, თუმცა ახალმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ შეძლო შეთანხმების ტექსტის როგორც საჯარო განხილვაზე გატანა, ასევე მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა და, საბოლოო ჯამში, მან მიიღო აფხაზეთისთვის მისაღები ფორმა, რომელიც 5 მილიარდი რუბლის დახმარებას ითვალისწინებს.

სტატიის მიხედვით, შეთანხმების ხელმოწერის წინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ ექსპერტები და ორი ქვეყნის პარლამენტების წევრები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა, რათა შეიქმნას საუკეთესო პირობები ეკონომიკური კავშირების განვითარებისა და აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტირებული უზრუნველყოფისათვის, რამაც, საბოლოო ჯამში, უნდა გადაჭრას მთავარი ამოცანა - გააუმჯობესოს ხალხის ცხოვრება.

პუტინის ამ განცხადების კომენტირებისას სტატიის ავტორი ამბობს, ასე ბუნდოვნად სცადა რუსეთის პრეზიდენტმა ახალი შეთანხმების ხელმოწერის აუცილებლობის ახსნაო. საქმე ისაა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს გაფორმებული ჰქონდათ 10-წლიანი შეთანხმება, რომელშიც ასევე გათვალისწინებული იყო ეკონომიკური თანამშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები.

სტატიაში ასევე გამოთქმულია ეჭვი, რომ ანქვაბის პრეზიდენტობის დროს შეთავაზებული შეთანხმების ტექსტი ხაჯიმბას ხელში არსებითად არ შეცვლილა. შეთანხმების საბოლოო ვარიანტში კვლავ ლაპარაკია აფხაზეთ-რუსეთის გამჭვირვალე საზღვარზე და ერთობლივი რუსეთ-აფხაზეთის შეიარაღებული ძალების დაჯგუფების შექმნაზე. ერთადეთრი, რაც შეიცვალა, დაჯგუფების დასახელებაა: ძველი რედაქციით იყო „მაკონტროლებელი ცენტრი“ და ახალი რედაქციით გახდა „საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი“.

სტატიის ავტორის თქმით, არსებითი ცვლილება მდგომარეობს ფულადი დახმარების გაორმაგებაში: 2015 წელს აფხაზეთი რუსეთისგან მიიღებს 5 მილიარდ რუბლს.

„ნოვაია გაზეტა“ მკითხველს სთავაზობს ვრცელ ფრაგმენტს ვლადიმირ პუტინის ინტერვიუდან, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა საინფორმაციო სააგენტო „იტარ ტასს“ მისცა. როგორც ირკვევა, პუტინი არ გამორიცხავს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

„დიახ, არსებობს ჩემი კანდიდატურის წამოყენების შესაძლებლობა. კონსტიტუცია ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებ. ვიხელმძღვანელებ საერთო კონტექსტითა და ჩემივე განწყობილებით“, უთქვამს რუსეთის პრეზიდენტს, რომელიც ამავე ინტერვიუში გამორიცხავს სამუდამოდ პრეზიდენტის თანამდებობაზე დარჩენას. ვლადიმირ პუტინის თქმით, ასეთი რამ ქვეყნისთვის არასწორი და მავნებლური იქნება.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე შეეხო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაიაფების საკითხს და გამოთქვა ვარაუდი, რომ ეს სპეციალურად რუსეთის ეკონომიკის დასაზიანებლად კეთდება და ამ შეთქმულებაში ნავთობის მომპოვებელი ქვეყნები - მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატები და საუდის არაბეთი - მონაწილეობენ. შედეგად, რუსეთის ეკონომიკას მართლაც შეექმნა პრობლემები: რუბლის კურსი თითქმის 30 პროცენტით დაეცა, ხოლო სურსათის ფასი მკვეთრად გაიზარდა.

რუსეთში სურსათის გაძვირების თემას ეხმიანება „ნეზავისიმაია გაზეტაში“ გამოქვეყნებული სტატიაც, რომლის მიხედვითაც, ნოვოსიბირსკის ოლქში წლის დასაწყისიდან ხორცისა და რძის ნაწარმის ფასი 25 პროცენტით, ხოლო რძის ფხვნილის ფასი 60 პროცენტით გაიზარდა. რედაქციის ცნობით, ფასების ზრდის მსგავსი ტენდენცია შეინიშნება ქვეყნის სხვა რეგიონებშიც, თუმცა რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახური ინფლაციის თითქმის ორჯერ დაბალ მაჩვენებელს - 11 პროცენტს - აფიქსირებს.