რუსული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 13 აგვისტო

გასულ კვირაში რუსეთის პრესაში გამოიკვეთა ორი თემა, რომლებზეც სხვადასხვა გამოცემები წერდნენ საქართველოს შესახებ. პირველი გენადი ონიშენკოს განცხადებაა, მეორე კი ამერიკული სამხედრო ხომალდის - "ბაკლის" - ვიზიტი ბათუმის პორტში.

ონიშენკოს განცხადება ყურადღების გარეშე თითქმის არც ერთმა გამოცემამ არ დატოვა. სხვადასხვა მედია მისი გამოსვლის სხვადასხვა მონაკვეთზე ამახვილებდა ყურადღებას. მაგალითად, „კომერსანტში“ ვკითხულობთ სტატიას ასეთი სათაურით: "გენადი ონიშენკო: რუსეთში საქართველოდან ღვინის მიწოდებას სახელმწიფო სტრუქტურების მხარდაჭერა სჭირდება". „კომერსანტს“ მოჰყავს ციტატა ონიშენკოს განცხადებიდან: "ჩვენ გარკვეულწილად ვხედავთ სტაგნაციას საქართველოდან ღვინის მოწოდების პროცესში. ამ კუთხით, ქართული ბიზნესი სულს ღაფავს, სახელმწიფოსგან მხარდაჭერის გარეშე მან უკვე საკუთარი შესაძლებლობები ამოწურა. საუბარი შეიძლება იყოს მხოლოდ იმ სახელმწიფო უწყებების ჩარევაზე, რომლებსაც შეუძლიათ შექმნან შესაბამისი საკანონმდელობა ბაზა და გაუხსნან დერეფანი ქართველ მწარმოებლებს რუსეთის ბაზარზე შესასვლელად".

"ნოვაია გაზეტა" ასევე ეხმაურება ონიშენკოს გამოსვლას, სათაურად კი მისი შემდეგი ფრაზა გამოაქვს: "ქართული ბიზნესი სულს ღაფავს". ყურადღებას გამოცემა ამახვილებს გამოსვლის იმ ნაწილზე, რომელშიც რუსეთის მთავარი სანიტარი სტატისტიკური მონაცემების შესახებ საუბრობს. ონიშენკომ განაცხადა, რომ რუსეთში საქართველოდან უკვე 1,999 მილიონი ტონა ალკოჰოლი შევიდა, და დაამატა, რომ "მართალია, ეს ბევრია, მაგრამ მსგავსი რაოდენობა ვერ ცვლის მდგომარეობას რუსეთის ბაზარზე". იქვე გამოცემა ხაზს უსვამს ონიშენკოს კიდევ ერთ განცხადებას, სადაც „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთს აღელვებს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ამერიკული მიკრობიოლოგიური ლაბორატორიები.

რაც შეეხება "ვედომოსტის", გამოცემა ონიშენკოს მიერ გახმაურებულ სტატისტიკურ მონაცემებს უფრო დეტალურად სთავაზობს საკუთარ მკითხველს და წერს, რომ საქართველოდან რუსეთში უკვე 585 ღვინის და ექვსი კონიაკის პარტია შევიდა, თუმცა იქვე კვლავ ყურადღებას ამახვილებს რუსეთის მთავარი სანიტრის განცხადებაზე, რომ მსგავსი რაოდენობის ალკოჰოლი რუსეთის ბაზარზე ზეგავლენას ვერ მოახდენს. იქვე გამოცემა გვთავაზობს რუსეთის მიერ დაწესებული ემბარგოს მოკლე რეტროსპექტივას და ქართულ-რუსულ სავაჭრო ურთიერთობებში 2006 წლიდან დღემდე მომხდარ მნიშვნელოვან მოვლენებს იხსენებს.

მეორე აქტუალური თემა ამერიკული სამხედრო ხომალდის - "ბაკლის" - ვიზიტი იყო, რაზეც ასევე რამდენიმე გამოცემამ გაამახვილა ყურადღება. "კომერსანტმა" უყურადღებოდ არც ეს თემა დატოვა და, "ინტერფაქსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, მოამზადა ამბავი. გამოცემამ მოკლე ინფორმატიული ნიუსი გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ხომალდზე სამხედრო წვრთნები მიმდინარეობს.

ამავე თემაზე წერდა "ნეზავისიმაია გაზეტაც", რომელმაც ამბავს შემდეგი სათაური შეურჩია: "ამერიკელი სამხედროები ისევ ბათუმში არიან". "ნეზავისიმაია გაზეტამ", ისევე როგორც "კომერსანტმა", ამბავი "ინტერფაქსის" ინფორმაციაზე დაყრდნობით მოამზადა და ხაზი გაუსვა არა მხოლოდ ხომალდზე დაგეგმილ წვრთნებს, არამედ იმასაც, რომ ხომალდზე ამერიკის ელჩმა საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ- მინისტრი მიიღო.