გაზეთი „კომერსანტი“ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის აფხაზეთის თვითაღიარებულ რესპულიკაში ჩასვლაზე წერს. როგორც სტატიიდან ირკვევა, რუსეთ-საქართველოს ომის მეცხრე წლისთავს ვლადიმირ პუტინი ბიჭვინთაში შეხვდა, სადაც ის რაულ ხაჯიმბამ მიიღო. რედაქციამ სცადა ეპასუხა კითხვისთვის, თუ რატომ აღმოჩნდა პუტინი ამ დღეს აფხაზეთში: „ვლადიმირ პუტინს ჰქონდა არაერთი მიზეზი სწორედ ამ დღეს სტუმრებოდა რაულ ხაჯიმბას. საქმე მხოლოდ იმაში კი არაა, რომ ზუსტად ცხრა წლის წინ მოსკოვმა შეიარაღებული დახმარება აღმოუჩინა აფხაზეთს საქართველოსთან დაპირისპირების დროს. როგორც „კომერსანტს“ მაღალი დანამდებობის მქონე ინკოგნიტო დიპლომატმა აცნობა, აფხაზეთი ბოლო თვეებში განსაკუთრებულად მწვავედ საჭიროებდა რუსეთის დახმარებას, შესაძლოა იმაზე მეტად, ვიდრე წინა წლებში, თუმცა მოსკოვი ყოველთვის ხელგაშლილად ეხმარებოდა მას. ბოლო კვირები მართლაც მძიმე აღმოჩნდა აფხაზეთისთვის: 11 ივლისს სოფელ აჩანდარაში ძარცვის მცდელობისას მოკლეს რუსი ტურისტი, 2 აგვისტოს კი გუდაუთის რაიონში აფეთქდა სააბრძოლო მასალების საწყობი, რის შედეგადაც რუსეთის ორი მოქალაქე დაიღუპა, ოცდაათამდე კი დაიჭრა. ამგვარი ნეგატიური პერიოდის შემდეგ პუტინის სტუმრობამ რაულ ხაჯიმბას მომავლის იმედი ჩაუსახა“.
რუსეთის პრეზიდენტმაც თავის მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, რომ მის ქვეყანას აფხაზეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს და რომ მოსკოვი უზრუნველყოფს აფხაზეთის უსაფრთხოებას და დამოუკიდებლობას ახლაც და მომავალშიც.
ასევე პუტინის აფხაზეთში ჩასვლასა და ამ ვიზიტის ეკონომიკურ მხარეზე წერს გაზეთი „იზვესტია“, რომლის მიხედვითაც, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი დაპირდა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, რომ 2017-2019 წლებში რუსული საინვესტიციო პროგრამის მოცულობა 6 მილიარდი რუბლი, ანუ, დაახლოებით, 100 მილიონი დოლარი იქნება. როგორც სტატიიდან ირკვევა, პუტინმა საგანგებოდ ილაპარაკა აფხაზეთში ჩასული რუსი ტურისტების უსაფრთხოებაზე და იმედი გამოთქვა, რომ რუსეთისა და აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტროების საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი, რომელიც ახლა იქმნება, აამაღლებს უსაფრთხოების დონეს.
„ნეზავისიმაია გაზეტას“ ცნობით კი, რუსეთის პრეზიდენტის მიერ შეწყალებული სოჭის ორი მკვიდრი აპირებს სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გასაჩივრებას. ანიკ კესიანს და მარინა ჯანჯღავას კრასნოდარის საოლქო სასამართლომ, შესაბამისად, 8 და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისთვის. მოსამართლემ ღალატად მიიჩნია 2008 წლის ომის დროს საქართველოში მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა. ნიშანდობლივია ის გარემოება, რომ პუტინმა პატიმრები ივლისში შეიწყალა, თუმცა გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 8 აგვისტოს, წერს „ნეზავისიმაია გაზეტა“.