ვაშინგტონი და მოსკოვი გადატვირთვის შემდგომ სტადიაზე

ვლადიმირ პუტინი, ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა კიდევ ერთხელ აირჩიეს პრეზიდენტად. არჩევნებში მისი მეტოქე, რესპუბლიკელი მიტ რომნი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს აცხადებდა, რომ რუსეთი აშშ-ისთვის „გეოპოლიტიკური მტერია“. თვითონ ობამა, როგორც ცნობილია, მოსკოვთან ურთიერთობის გადატვირთვის პოლიტიკის ავტორია.

როგორი იქნება ურთიერთობა გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს შორის გადატვირთვის შემდგომ პერიოდში? - ჰკითხა ჩვენმა კორესპონდენტმა რობერტ კოლსონმა ექსპერტებს. ერთია, რომ რომნი რუსეთს მტრად მიიჩნევს, მაგრამ არჩევნების შემდეგ მთავარი ისაა, რომ რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი, ობამას იცნობს და მას აშშ-ის საერთაშორისო ექსპანსიონიზმის პოლიტიკის მიმდევრად ნაკლებად მიიჩნევს.

მოსკოვში, გვეუბნება ლონდონის „ევროპის რეფორმის ცენტრის“ დირექტორი, ჩარლზ გრანტი, იმედი ჰქონდათ, რომ ობამა დარჩებოდა და აი, რატომ:

„ახლახან ვიყავი მოსკოვში და ვესაუბრე რუსეთის მთავრობის არაერთ იმ წარმომადგენელს, ვინც საგარეო ურთიერთობებში მუშაობს. მათ იმედი ჰქონდათ, რომ ობამა შეინარჩუნებდა პრეზიდენტობას, რადგან ობამა, მათი აზრით, ის ბოროტი ძალაა, რომელსაც ისინი იცნობენ. ობამა მათ მაინცდამაინც არ უყვართ. მათთვის ობამას უკავშირდება ისეთი პრობლემები, როგორიც არის, მაგალითად, ევროპაში ანტისარაკეტო ფარი. მაგრამ ობამას პოზიცია მათთვის ცნობილია. დუმის ერთმა წევრმა მითხრა მოსკოვში, ობამას ესმის, რომ მრავალპოლარულ მსოფლიოში ვცხოვრობთო.“
აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობას რთული პერიოდი ჰქონდა. ეს ურთიერთობა მომავალშიც რთული დარჩება. ჩემი აზრით, ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობისთვის თვალის გადავლებას იწყებს და ეს ბოლო ერთი თუ ორი წლის მოვლენათა განსხვავებული განვითარების შესაბამისად ხდება. ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს...
ენდრიუ კაჩინსი


გრანტი ფიქრობს, რომ ახლა კრემლს სურს დაახლოება, მაგრამ ის არ გულისხმობს 2009-2010 წლების თბილ კავშირებს, როცა, მისი თქმით, ობამამ და მედვედევმა მიაღწიეს გადატვირთვას, რომელიც გრანტის აზრით, დასრულდა. ამ ხანმოკლე გადატვირთვის პერიოდში ვაშინგტონმა და მოსკოვმა მოახერხეს დაედოთ საკვანძო შეთანხმება, ხელი მოეწერათ „სტარტის“ სახელით ცნობილ დოკუმენტზე, ასევე საერთო აზრისთვის მიეღწიათ ირანისთვის სანქციების დაწესების სფეროში, ანუ ჯორჯ ბუშის პერიოდის დაძაბულობა განემუხტათ. ახლა არაერთი მნიშვნელოვანი თემაა მოსაგვარებელი: ავღანეთიდან ჯარის გაყვანა, ირანი, ანტისარაკეტო ფარი ევროპაში, სირია.

ანდერს ასლუნდი, რომელიც ვაშინგტონში მოქმედ პიტერსენის საერთაშორისო ეკონომიკის ინტიტუტში მუშაობს, ასე უყურებს ვითარებას:

“ადვილად ხელმისაწვდომი ხილი უკვე მოკრეფილია. რუსეთისა და აშშ-ის შემდგომი თანამშრომლობა იქნება ნაკლებად სიღრმისეული, ხოლო ანტისარაკეტო თავდაცვის ფარის მიმართ რუსეთის ეჭვი - უფრო პუტინის ეჭვი - საკმაოდ ძლიერი“.

მართალია, ობამას ადმინისტრაციის დღის წესრიგში არ დგას ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს შორის რუსეთთან ურთიერთობა, ამბობს ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის დირექტორი ენდრიუ კაჩინსი, მაგრამ მოსკოვთან ძველ პოლიტიკას გადახედავენ და ორმხრივი ურთიერთობის ახალ გზამკვლევს შეიმუშავებენ:

„აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობას რთული პერიოდი ჰქონდა. ეს ურთიერთობა მომავალშიც რთული დარჩება. ჩემი აზრით, ობამას ადმინისტრაცია რუსეთთან ურთიერთობისთვის თვალის გადავლებას იწყებს და ეს ბოლო ერთი თუ ორი წლის მოვლენათა განსხვავებული განვითარების შესაბამისად ხდება. ვნახოთ, სად მიგვიყვანს ეს“.
სხვადასხვა შეხვედრაზე რუსეთის ლიდერებთან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ისინი აშშ-ის მიმართ იყვნენ უფრო მშვიდი და ფხიზელი, ვიდრე რიტორიკულად აგრესიული. მეორე მხრივ, რუსეთის მედიაში საჯარო რიტორიკა ერთობ ანტიამერიკულია. რუსეთის ტელევიზია აშშ-ს ყოველთვის ძალიან უარყოფითად წარმოსახავს...
ჩარლზ გრანტი


კაჩინსი ჩამოთვლის არაერთ სფეროს, სადაც რუსებს და ამერიკელებს მოუწევთ და სურთ თანამშრომლობა. ის ასახელებს სფეროებს, სადაც აზრთა სხვადასხვობაა: ანტისარაკეტო თავდაცვა, არაბული გაზაფხული, სირია, რუსეთში არჩევნები შარშან და წელს, რაც არადემოკრატიულად შეფასდა ვაშინგტონში; მასვე ახსენდება გადატვირთვის საკვანძო თემა, ავღანეთში თანამშრომლობა, რომელიც გაგრძელდება და რომელშიც, მისი აზრით, რუსეთი მხარდაჭერას გააგრძელებს.

პოლიტოლოგი ჩარლზ გრანტი ამბობს, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის ურთიერთობას განსაზღვრავს ის, თუ ვინ მართავს თეთრ სახლს და ვინ - კრემლს. ის აშშ-ის მიმართ პუტინის ბოლოდროინდელ ცოტა გაურკვეველ დამოკიდებულებაზე ლაპარაკობს:

„ამერიკისადმი პუტინის მიდგომას წინააღმდეგობრიობა ახლავს. ერთი მხრივ, როცა მექსიკაში პუტინი ობამას შეხვდა დიდი ოცეულის სამიტზე, ასე მითხრეს, პუტინი ძალიან კონსტრუქციული იყოო - უთქვამს, აშშ-თან თანამშრომლობა მინდაო. სხვადასხვა შეხვედრაზე რუსეთის ლიდერებთან ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა, რომ ისინი აშშ-ის მიმართ იყვნენ უფრო მშვიდი და ფხიზელი, ვიდრე რიტორიკულად აგრესიული. მეორე მხრივ, რუსეთის მედიაში საჯარო რიტორიკა ერთობ ანტიამერიკულია. რუსეთის ტელევიზია აშშ-ს ყოველთვის ძალიან უარყოფითად წარმოსახავს“.

ამ შეფასებას კაჩინსი ეთანხმება და ამატებს, ობამა საკმაოდ პრაგმატულია და შეეცდება ურთიერთობა ჰქონდეს საერთაშორისო პარტნიორებთან, რომლებიც მასთან ითანამშრომლებენო. თუმცა, მისივე აზრით, პუტინი მედვედევი არ არის და რუსეთის ახალ პრეზიდენტთან ძნელი იქნება იმავე შედეგს მიაღწიოს.