2015 წელს 50 პროცენტით გაიზარდა რუსეთის იმ მოქალაქეთა რიცხვი, რომლებიც აშშ-ს მიმართავენ თავშესაფრის თხოვნით. ამ ტენდენციას აღიქვამენ სულ უფრო რეპრესიული პოლიტიკური გარემოს, კორუფციისა და ანტიგეი დისკრიმინაციის შედეგად.
ორი ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია რუსეთის იმ მოქალაქეების რიცხვმა, რომლებიც აშშ-ს თავშესაფრის თხოვნით მიმართავენ. იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ადვოკატების აზრით, ამის მიზეზებია კრემლის მხრიდან სულ უფრო მეტად რეპრესიული პოლიტიკის გატარება, ფართოდ გავრცელებული კორუფცია და სექსუალური უმცირესობების წინააღმდეგ მიმართული დისკრიმინაცია და ძალადობა.
რუსეთის მოქალაქეებმა 1454 განაცხადი შეიტანეს 2015 საფინანსო წელს, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა. ეს 50 პროცენტით აჭარბებს წინა წლის მონაცემს და ორჯერ მეტია 2012 წლის მონაცემზე - იმ პერიოდის, როცა ვლადიმირ პუტინი კრემლში პრეზიდენტად დაბრუნდა, ოთხწლიანი პრემიერ-მინისტრობის შემდეგ. ეს მონაცემები რადიო თავისუფლებამ აშშ-ის შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოიპოვა.
უკვე მესამე წელია იზრდება რუსეთის იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც აშშ-ში ეძებენ თავშესაფარს. გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ ერთ განაცხადში შესაძლოა რამდენიმე პირი იგულისხმებოდეს - მაგალითად, განაცხადის ავტორის მეუღლე და შვილები.
რადიო თავისუფლების მიერ მოპოვებულ მონაცემებში არ არის დაკონკრეტებული რა მოტივაცია ამოძრავებთ მათ ამ განაცხადის გაკეთებისთვის. აშშ-ში იმიგრაციის საკითხებზე მომუშავე ადვოკატები აცხადებენ, რომ სტაბილური მატება, სავარაუდოდ, ნაწილობრივ გამოწვეულია რუსეთიდან ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი მოქალაქეების წასვლით - მას შემდეგ, რაც პუტინმა 2013 წელს ხელი მოაწერა კამათის საგნად ქცეულ კანონს, რომელიც არასრულწლოვნებში კრძალავს ე.წ. „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდას“.
ამ კანონს ბევრი დისკრიმინაციულად მიიჩნევს, მიუთითებს მისი განურჩეველი და ბუნდოვანი გამოყენების შესაძლებლობაზე. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ მან ხელი შეუწყო დაუსჯელობის ატმოსფეროს ზრდას იმ პირებისთვის, რომლებიც არაჰეტეროსექსუალ მოქალაქეებს თავს ესხმიან და ძალადობრივად დევნიან. პუტინი აცხადებს, რომ კანონი არ ავიწროებს ლგბტ უფლებებს და ის მხოლოდ ბავშვების დასაცავადაა შემოღებული.
ის ადვოკატები, რომლებიც თავშესაფრის რუს მაძიებლებთან მუშაობენ, ამბობენ, რომ მათი რაოდენობის ზრდა შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს პოლიტიკური რეპრესიების გაღრმავებას ან დევნის მუქარას კორუმპირებული ოფიციალური პირების მხრიდან.
პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ, პუტინმა საშინაო პოლიტიკაში რამდენიმე ზონა გაატარა, რომელთა შედეგად კიდევ უფრო მეტად განმტკიცდა კრემლის კონტროლი რუსეთის პოლიტიკურ სივრცეზე. მან მნიშვნელოვნად დახვეწა სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი მედიის მესიჯები, რათა მათ უფრო მკაფიოდ აერეკლა კრემლის პოლიტიკა. განხორციელდა ზეწოლა არასამთავრობო ორგანიზაციების უცხოელ დონორებზეც, რომელთაგან ბევრი პუტინის პოლიტიკას კრიტიკულად უყურებს.
გამოძიება დაიწყო ოპოზიციის აქტივისტებზე - მათ შორის, კორუფციასთან მებრძოლი ცნობილი ფიგურის, ალექსეი ნავალნის, გარშემო. ამ საქმეებს ბევრი პოლიტიკურად მოტივირებულად აღიქვამს.
ისმაილ შახტახტინსკი, ვირჯინიის შტატში მომუშავე ადვოკატი, რომელიც ძირითადად რუს და აზერბაიჯანელ კლიენტებთან მუშაობს, ამბობს, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მას რუსეთიდან სულ უფრო მეტი პირი აკითხავს და ჩივის ხელისუფლების ზეწოლაზე - ამბობს, რომ აიძულებენ ქრთამის გადახდას ან შეთითხნილი ჩვენების მიცემას: "ძირითადად განვიხილავ საქმეებს, რომლებიც ეხება ან მამხილებელს, ან პირს, ვინც ბრძანებებს არ დაემორჩილა. პირი, რომელიც ბიზნესში იყო ჩართული, ან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა და არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოჩნდა, დაკითხეს და აიძულეს ყალბი ჩვენება მიეცა. ხშირად მთავრობა ცდილობს საქმე შეკეროს ვინმეს წინააღმდეგ და ამ პროცესში ცდილობენ მოწმეების შეგროვებას - იყენებენ ბევრ ყალბ მოწმეს და ჩვენებას. ამგვარი შემთხვევები მნიშვნელოვნად გახშირდა ჩემს პრაქტიკაში“.
ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, აშშ-ში რუსეთიდან გაცილებით ნაკლები განაცხადი შედის თავშესაფრის თაობაზე. რუსეთის მოქალაქეებმა შარშან ევროკავშირში 14,000-ზე მეტი პირველადი განაცხადი შეიტანეს, თუმცა, ევროსტატის მონაცემების თანახმად, ეს რიცხვი ნაკლებია წინა წლის მაჩვენებელზე - 35,000-ზე მეტ განაცხადზე.
იმავე მონაცემებით, 2008-2014 წლებში რუსეთის თავშესაფრის მაძიებელ მოქალაქეებში აშშ-მა პოპულარობით გაუსწრო ევროკავშირის ყველა ქვეყანას, გერმანიის, საფრანგეთის, პოლონეთისა და შვედეთის გარდა.