შეიძლება თუ არა, რუსეთი გაასამართლონ უკრაინაში ომის გამო?

"თეორიულად, აგრესიაზე იურისდიქცია გაეროს უმაღლეს სასამართლოს აქვს", - ამბობს ენტონი დვორკინი, „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ საერთაშორისო სამართლის ექსპერტი.

რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე ბევრი მთავრობა და იურიდიული ექსპერტი განიხილავს, როგორც საერთაშორისო სამართლის მკაფიო დარღვევას.

თუმცა, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იურიდიული ენით ჟონგლიორობა დაიწყო თავისი ქმედებების გასამართლებლად და თავდასხმა იმით გაამართლა, თითქოს კიევი უკრაინის დონბასის რეგიონში ეთნიკური რუსების წინააღმდეგ გენოციდს ახორციელებდა. ამ მტკიცებას არანაირი ფაქტობრივი საფუძველი არ ამაგრებს.

უკრაინამ საპასუხოდ 27 თებერვალს რუსეთის წინააღმდეგ გაეროს უმაღლეს სასამართლოში საქმე აღძრა, მოსკოვის ბრალდებას გენოციდის შესახებ აბსურდული უწოდა და მოსამართლეებს სთხოვა ბრძანონ რუსეთის სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებლივი შეჩერება.

კიევი გაეროს საერთაშორისო სასამართლოში, ჰააგაში, ცდილობს გააქარწყლოს რუსეთის ბრალდებები და ამტკიცებს, რომ უკრაინა და რუსეთი დავობენ 1948 წლის გენოციდის კონვენციის მნიშვნელობაზე, რომელიც ორივე ქვეყნის მიერაა ხელმოწერილი.

რის მიღწევას ცდილობს უკრაინა? კიდევ რომელ საერთაშორისო ორგანიზაციებს შეიძლება მიმართოს კიევმა? შეუძლია თუ არა საერთაშორისო სამართლის რთულ სისტემას სამართლის დამყარება?

ეს შეკითხვები დაუსვა რადიო თავისუფლებამ ენტონი დვორკინს, საერთაშორისო სამართლის ექსპერტს და ანალიტიკური ცენტრის, „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ თანამშრომელს.

რადიო თავისუფლება: რა კატეგორია შეიძლება მიენიჭოს რუსეთის ომს უკრაინაში საერთაშორისო სამართლის მიხედვით?

ენტონი დვორკინი: პირველი, რაც უნდა ითქვას, ისაა, რომ გაეროს ქარტია კრძალავს ერთი ქვეყნის მიერ მეორის მისამართით ძალის მუქარას და რუსეთის შეჭრა უკრაინაში ამ აკრძალვის მკაფიო დარღვევად ჩანს.

თუმცა, საქმე მხოლოდ გაეროს ქარტიას არ ეხება. ესაა მთელი თანამედროვე საერთაშორისო სამართლის საფუძველი, საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის საფუძველი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე ყოვლად უმიზეზო თავდასხმა - რასთანაც გვაქვს ამ შემთხვევაში საქმე - საერთაშორისო კანონმდებლობის ცენტრალური პრინციპის დარღვევაა.

რადიო თავისუფლება: რა სამართლებრივი პასუხის გაცემა შეუძლია უკრაინას? ვნახეთ, რომ უკრაინა რუსეთს უჩივის გაეროს უმაღლეს სასამართლოში. როგორ შეიძლება ქვეყანამ პასუხი აგოს საერთაშორისო კანონების დარღვევისთვის?

ენტონი დვორკინი: ვიდრე ამაზე გიპასუხებდეთ, წინა პასუხს მინდა ერთი რამ დავამატო - გაეროს ქარტიის მიხედვით, ქვეყნებს მართლაც აქვთ ძალის გამოყენების უფლება, თუ ისინი თავს იცავენ. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის სიტყვაში, სადაც მან თავდასხმას „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა, ახსენა გაეროს ქარტია და თქვა, რომ რუსეთს თავის დაცვის უფლება ჰქონდა. მისი მტკიცებით, რუსეთი თავს იცავდა უკრაინის მიერ თავდასხმის საფრთხის გამო და უკრაინის მიერ დონბასის სეპარატისტების წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებების გამო.

ამ არგუმენტს რეალური ფასი არ გააჩნია, რადგან უკრაინა რუსეთს თავს არ დასხმია. ეს საფრთხე ან გარდაუვალი უნდა იყოს, ან კი - უკვე განხორციელებული. სეპარატისტულ ანკლავებს კი თავს არავინ ესხმის, უფრო პირიქით - ძალადობა სწორედ ამ ანკლავებიდან ხორციელდებოდა.

ომის საწინააღმდეგო ფრესკა ბერლინში, 28 თებერვალი, 2022 წ.

საერთაშორისო საკანონმდებლო წესრიგს გაეროს ქარტიის დაცვის რამდენიმე გზა აქვს. ერთი მათგანი გაეროს უშიშროების საბჭოს ქმედებაა, რადგან, ქარტიის მიხედვით, სწორედ მას აკისრია საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება. თუმცა, როგორც ვიცით, რუსეთი საბჭოს მუდმივი წვერია და მას ვეტოს უფლება აქვს.

რუსეთმა ეს ვეტო რამდენიმე დღის წინ გამოიყენა და, შესაბამისად, ეს გზაც დაიკეტა.

რაც შეეხება სხვა ორგანოებს, გვაქვს გაეროს უმაღლესი სასამართლო, რომელიც საერთაშორისო კანონების სისტემის ორგანოა და ქვეყნებს შორის დისპუტებს აგვარებს. მისი იურისდიქცია ცოტა არ იყოს შეზღუდულია და მას შეუძლია ქვეყნებს შორის უთანხმოება გადაჭრას მხოლოდ მაშინ, როდესაც სასამართლოს იურისდიქციას ორივე მხარე ცნობს. ბევრმა სახელმწიფომ განაცხადა, რომ იურისდიქციას ყველა შემთხვევაში მიიღებს - ამას სავალდებულო იურისდიქცია ეწოდება - მაგრამ რუსეთი მათ შორის არ არის.

ამგვარად, უკრაინას საქმის აღძვრა მხოლოდ მაშინ შეუძლია, თუ დაეყრდნობა კონვენციებს, სადაც განსაზღვრულია, რომ დისპუტები კონვენციასთან დაკავშირებით გაეროს უმაღლესმა სასამართლომ შეიძლება განიხილოს და უკრაინა სწორედ ამას აკეთებს გენოციდის კონვენციის მოხსენიებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ გაეროს ქარტიის დარღვევაა არა მხოლოდ ძალის გამოყენების მუქარა, არამედ, სისხლის სამართლის საერთაშორისო კოდექსის მიხედვით, აგრესიაც დანაშაულია. თეორიულად, ინდივიდუალური პირები შეიძლება პასუხისგებაში მისცენ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ აგრესიის განკარგვის ან აგრესიის აქტის ზედამხედველობისთვის. თუმცა, ამას თან შეზღუდვებიც ახლავს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა ფორუმმა შეიძლება ეს საკითხი განიხილოს.

თეორიულად, აგრესიაზე იურისდიქცია გაეროს უმაღლეს სასამართლოს აქვს, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით იურისდიქცია საკმაოდ შეზღუდულია და ამ ეტაპზე რუსეთისა და უკრაინის საქმეს ალბათ არ დაფარავს.

რადიო თავისუფლება: ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რამდენად სავარაუდოა - და, ასევე, რამდენად რთულია - საერთაშორისო სისტემაში სამართლის მიღწევა და რა მიდგომა შეიძლება გვქონდეს უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში?

ენტონი დვორკინი: რთულია, მაგრამ შეუძლებელი არ არის.

ასევე ვიტყოდი, რომ ამ საკითხს არ უნდა შევხედოთ მხოლოდ სამართლებრივი პროცესის კუთხით, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას. ის ასევე სთავაზობს სტანდარტებს და განხილვის წერტილებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის თავდასხმის წინააღმდეგ დაირაზმნენ. მაგალითად, სანქციები, რომლებსაც აშშ, ევროკავშირი და სხვები აწესებენ, ეფუძნება ფაქტს, რომ რუსეთმა საერთაშორისო სამართალი დაარღვია. ასე რომ, იურიდიული სტანდარტები მნიშვნელოვანია.

ამას გარდა, ლეგალური პროცედურები კიდევ ბევრი სხვა კუთხით შეიძლება იყოს რელევანტური.

აი, მაგალითად, გენოციდის კონვენციასთან დაკავშირებული საქმე. ეს უკრაინელი იურისტების მიერ ჭკვიანურად მოფიქრებული სარჩელია. ისინი არ ამტკიცებენ, რომ რუსეთი გენოციდს ახორციელებს - რადგან გენოციდი ძალიან სპეციფიკური ტერმინია და იმის მტკიცებულება არ არსებობს, რომ რუსეთი ამას აკეთებს.

Your browser doesn’t support HTML5

Aftermath Of A Battle In Kyiv

სანაცვლოდ, ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი ბოროტად იყენებს გენოციდის კონცეფციას და მას ომის დაწყების საბაბად აქცევს. ანუ, უკრაინა ცდილობს, სასამართლომ დაადგინოს, რომ პუტინის მტკიცება დონბასში მიმდინარე გენოციდის შესახებ მცდარია და რუსეთის აგრესიულ ქმედებებს ვერ ამართლებს.

რადიო თავისუფლება: ანუ, მსგავს საქმეებს უფრო დიდი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს?

ენტონი დვორკინი: რუსეთის ქმედებების მოწინააღმდეგე სახელმწიფოები გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებენ არა მხოლოდ უკრაინის ინტერესებს, არამედ იცავენ საერთაშორისო წესრიგის ხედვას, იცავენ პრინციპს, რომ ერთ ქვეყანას მეორეზე უმიზეზოდ თავდასხმა არ შეუძლია.

რა თქმა უნდა, ეს ხდება ხოლმე, მაგრამ, ამჯერად, ამის წინააღმდეგ ძლიერ რეაქციას ვხედავთ და რეაქცია სწორედ ამ ქმედების უკანონო სტატუსითაც არის გამოწვეული.

რადიო თავისუფლება: წარსულში მსგავსი სცენარების რა მაგალითი გვაქვს? შეიძლება 2003 წელს აშშ-ის მიერ ერაყზე თავდასხმა გავიხსენოთ, მაგრამ ბევრი სხვა შემთხვევაც არსებობს. რა შეიძლება გვასწავლოს წარსულის საქმეებმა?

ენტონი დვორკინი: აგრესიის აქტების ჩამდენი ლიდერების პასუხისგებაში მიცემის ლიმიტირებული პრეცედენტები არსებობს.

პირველ რიგში შეიძლება მეორე მსოფლიო ომის ბოლოს ნიურნბერგის და ტოკიოს პროცესები გავიხსენოთ, მაგრამ ამ საქმეებსაც ჰქონდა თავისი ნაკლოვანებები. მაგალითად ის, რომ პროცესი გამარჯვებულმა მხარემ ჩაატარა და მხოლოდ დამარცხებულებს ასამართლებდნენ. საბჭოთა კავშირი, რომელმაც ომის დროს თავადაც ჩაიდინა აგრესიის აქტები, მოსამართლეებს შორის იყო.

თუმცა, თუ გადავხედავთ აგრესიის სხვადასხვა აქტს, ვნახავთ, რომ დიდი ეფექტი ჰქონდა ქვეყნების პოლიტიკურ რეპუტაციაზე. მგონია, რომ აშშ-მა საერთაშორისო არენაზე დიდი დარტყმა განიცადა ერაყში შეჭრის გამო და ამან მისი რეპუტაცია მნიშვნელოვნად შელახა.

ბოლო ათწლეულობის განმავლობაში სამხედრო და პოლიტიკური ლიდერების რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი პროცესიც ვნახეთ - მაგალითად, სლობოდან მილოშევიჩის ტრიბუნალი ომის დანაშაულების, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების და გენოციდის გამო.

Your browser doesn’t support HTML5

Russian Rocket Blamed For Building Blaze In Northern Ukraine

ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ უკრაინისა და რუსეთის შემთხვევაში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქცია მართლაც აქვს, რადგან სასამართლოს იურისდიქციას უკრაინა ცნობს. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთის სამხედროების მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულები პოტენციურად შეიძლება აქ გასამართლდეს.

სარდლობის პასუხისმგებლობის პრინციპის თანახმად, რუსეთის ლიდერები შეიძლება გასამართლდნენ, თუ დამტკიცდება, რომ მათ ბრძანეს, დაგეგმეს ან ზედამხედველობა გაუწიეს ომის დანაშაულებს.

რამდენად სავარაუდოა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში სასამართლომ მსგავსი საქმე განიხილოს რუსეთის სამხედრო ლიდერების ან სხვების მიმართ? მოკლევადიან პერსპექტივაში ეს ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ, გრძელვადიან პერსპექტივას რაც შეეხება, გვინახავს, რომ პოლიტიკური პირობები შეცვლილა და პირები, რომლებიც კანონს მიღმა ჩანდნენ, უცებ სასამართლოს წინაშე აღმოჩენილან.

ეს უნდა გვახსოვდეს და, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, უნდა აგროვებდეს სამხილებს კონფლიქტის დროს მსგავსი ქმედებების აღსაწერად და მათ ინახავდეს. თუ რაღაც დროს შესაძლებელი გახდება სარჩელის წარდგენა, სამხილები უკვე შეგროვებული იქნება, მოწმეები იარსებებენ და შესაძლებელი გახდება საქმის აღძვრა.