ათი წელი ბესლანის ტრაგედიიდან
სკოლა №1. სკოლის სპორტულ დარბაზში ტერორისტებს 52 საათის განმავლობაში ჰყავდათ დაკავებული 1100 ადამიანი - მასწავლებლები, ბავშვები და მათი მშობლები. ახლა აქ კედლებზე გამოფენილია ტერაქტის შედეგად დაღუპული 300-ზე მეტი მსხვერპლის ფოტოები. 2004 წლის შემდეგ თითქმის არაფერი შეცვლილა - სკოლა დანგრეულია. ტყვიებით დაცხრილულ კედლებზე წარწერებია: "გვახსოვს", "ვგლოვობთ". დარბაზის ერთ ბოლოში დამწვარი შვედური კედელია, მეორეში - კალათბურთის დამწვარი ფარები. დარბაზის შუაში მართლმადიდებლური ჯვარი დგას. მის გარშემო განთავსებულია ღია ბოთლები სუფთა წყლით - მძევლად აყვანილთა სამახსოვროდ, რომლებიც ზაფხულის ორი ცხელი დღის განმავლობაში პრაქტიკულად მოკლებულნი იყვნენ წყალს. აქ მოკლული 186 ბავშვის სამახსოვროდ, ბესლანის მოსახლეები აგრძელებენ სათამაშო მანქანების, დათუნიებისა და სხვა სათამაშოების მიტანას.
ამინა კაჩმაზოვა დგას №1 სკოლის სასადილოში. 2004 წლის 1 სექტემბერს, თავის მერვე დაბადების დღეს, ის სკოლაში მეზობლებთან - უფროსკლასელ ლიალიასთან და ალინასთან ერთად მივიდა. როდესაც ის მძევლად აყვანილთა შორის აღმოჩნდა, არცერთი მისი ნათესავები არ იყო მის გვერდით. მას ახსოვს, მეამბოხეებმა როგორ დასაჯეს სიკვდილით ერთ-ერთი მძევალი, რათა გაეჩუმებინათ დანარჩენები. ამინას მანამდე არასოდეს გაეგონა „აფეთქებების“ შესახებ. მესამე დღეს მომხდარმა ერთ-ერთმა აფეთქებამ ცალი თვალი დააკარგვინა. ლიალიაც და ალინაც დაიღუპნენ. ახლა, 10 წლის შემდეგ, ამინა ვლადიკავკაზის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტია. ის მსუბუქად იღიმება და, როგორც ამბობს, სიცოცხლე უყვარს.
დრო სამუდამოდ გაჩერდა ოქსანა კოკოვას ოთახში. მამამისს, რუსლანს, მოსწონს მის ოთახში კარის ღიად დატოვება. მესამე დღეს მომხდარი აფეთქების შემდეგ ოქსანამ მოახერხა გაქცევა, მაგრამ ის ისევ დაბრუნდა, რათა პატარა ბაშვებს დახმარებოდა. ის მათი გადარჩენისას დაიღუპა. ოქსანა ნიჭიერი სპორტსმენი იყო, უყვარდა კარატე და ქსოვა. მამასთან და ძმასთან ერთად ცხოვრებისას სახლის მოვლა ისწავლა. ის იყო მეგობრული, კარგი მოსაუბრე, პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი. ოქსანა 15 წლის იყო.
"ისე მგონია, თითქოს ჯერაც ჩვენთან ერთად იყოს“ - ამბობს 63 წლის რუსლან კოკოვი. როდესაც ოქსანა წავიდა სკოლაში რათა აღარასოდეს დაბრუნებულიყო, რუსლანი ბაზარში იყო. მის დაბადების დღეს რუსლანი და მისი 27 წლის ვაჟი ურუზმაგი მისთვის ყოველთვის ტოვებენ მაგიდასთან ერთ ადგილს. ისინი მიირთმევენ მის საყვარელ საჭმელს - საზამთროს, ხურმას, წითელ ფორთოხალს. ამ ფოტოზე რუსლანი გადაღებულია საკუთარი სახლის ფონზე კომინტერნის ქუჩაზე. სკოლა №1 მისი ოთახის ფანჯრიდან მოჩანს. ალყის დროს აქ რუსეთის სპეცსამსახურების შენაერთები იყო განთავსებული. დამაბოლოებელი სროლის დროს მისი სახლის ორი ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა. გასული ათი წლის განმავლობაში მან ვერა და ვერ მოკრიბა ძალა მათ შესაკეთებლად. "როდესაც რაიმე მაგონებს ამ საშინელ ტრაგედიას, უბრალოდ ძალიან ვდარდობ", - ამბობს ის.
54 წლის ისტორიის მასწავლებელი ნადეჟდა გურიევა სკოლა №1-ის კლასში, სადაც იგი ასწავლიდა 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ფანჯრებზე ისევ იგივე ფარდებია, რომლებიც მან თავის შვილთან, ბორისთან ერთად ჩამოკიდა. ნადეჟდა - ან ნადია, როგორც მას ურჩევნია, რომ მიმართავდნენ - მძევლად აყვანილი აღმოჩნდა თავის სამ შვილთან ერთად. ბორისი და ნადიას უფროსი ქალიშვილი ვერა დაიღუპნენ. მათი გვამები ერთ-ერთი აფეთქების შედეგად დაიწვა. ისინი 14 და 11 წლისანი იყვნენ. ამ დღეს ბორისს და ვერას უნდა ეცეკვათ სასწავლო წლის დაწყებისადმი მიძღვნილ კონცერტზე. ვერას ცხედრის ამოცნობა საცეკვაო კოსტიუმის მეშვეობით მოხდა. ნადია და მისი უმცროსი ქალიშვილი გადარჩნენ. ამჟამად ნადია ასწავლის ახალ სკოლაში, რომელიც სკოლა №1-ის პირდაპირ ააშენეს.
აზამატ ძებისოვის ბიძაშვილი, ზაური, მისი "უახლოესი" ადამიანი იყო. ისინი ერთ სახლში გაიზარდნენ. მათ შორის ასაკობრივი სხვაობა მხოლოდ ერთი წელი იყო. პირველ სასწავლო დღეს ორივე მათგანი, ისევე როგორც აზამატის დედა, სვეტლანა, მძევლად აიყვანეს. სამდღიანი ალყის დროს ისინი ერთმანეთს დააშორეს. ზაურის დამწვარი ცხედარი მოგვიანებით იპოვეს სკოლის სპორტულ დარბაზში. ამჟამად 20 წლის აზამატი მოსკოვში სწავლობს, მაგრამ არდადეგებს ბესლანში ატარებს. თავის ყოფილ კლასში ყოფნისას ის იხსენებს, თუ რა სიზმრები ესიზმრებოდა ზაურის შესახებ მისი სიკვდილიდან პირველი კვირის განმავლობაში. “ბოლო სიზმარში, მან დამიძახა, რომ მასთან წავსულიყავი. მე კი ვუთხარი, ჯერ კიდევ საქმეები მაქვს-მეთქი. მაშინ მან გამიღიმა და მითხრა: "ნახვამდის".
ლენა გაიტოვა (მარცხნივ) და მისი დები ზარინა (შუაში) და როზიტა ცირიხოვები 12, 14 და 10 წლისანი იყვნენ 2004 წლის 1 სექტემბერს. ამ გოგონებმა ალყიდან გამოღწევა მოახერხეს, მაგრამ როცა ლენა სახლში მივიდა, დაინახა, რომ მის მშობლებს შავები ეცვათ, 16 წლის ძმა ასლანი კი არ ჩანდა. მშობლებმა ჯერ უთხრეს, რომ ასლანი საავადმყოფოში იყო. მაგრამ მალე გამოუტყდნენ, რომ ის სკოლაში დაიღუპა. გოგონები დღემდე უახლოეს მეგობრებად რჩებიან. სამივე მოსკოვის ერთსა და იმავე ინსტიტუტში სწავლობს; ზარინამ უკვე დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი. ამ ფოტოზე ისინი იმყოფებიან სკოლა №1-ის ყოფილ ბიბლიოთეკაში, სადაც ტერორისტებს იარაღი ჰქონდათ მოთავსებული. „მაშინ უფრო იოლი იყო, როცა პატარები ვიყავით და არ გვესმოდა ყველაფერი, რაც ხდებოდა,“ ამბობს ლენა. „არ გვესმოდა, რას ნიშნავდა, რომ ჩვენს კლასში უცებ შვიდი მეგობრით ნაკლები იყო. ახლა წამოვიზარდეთ. დრო გადის, მაგრამ ტკივილი არ ქრება. პირიქით, უფრო ძნელი ხდება. ახლა უფრო ვაცნობიერებთ, რა მოხდა.“
2004 წლის 1 სექტემბერს კრისტინა ძგოევა 11 წლის იყო. იგი სკოლაში დედასთან და ათი წლის დასთან, ძერასთან ერთად მივიდა. მას შემდეგ, რაც ისინი მძევლად აიყვანეს, ისინი ცდილობდნენ, ერთად ყოფილიყვნენ, მაგრამ მესამე დღის აფეთქებების შედეგად დაკარგეს ერთმანეთი. კრისტინა და მისი დედა გადარჩნენ, ძერა კი დაიღუპა. ისინი ყოველთვის სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ, მაგრამ ტერაქტის შემდეგ რამდენიმე კვარტლის მოშორებით გადავიდნენ. სურათზე კრისტინა თავის ყოფილ საკლასო ოთახშია გადაღებული. ტერაქტის შესახებ ყველა თავის მოგონებას ის დღიურში ინახავს. ათი წლის შემდეგ ის მოსკოვში სწავლობს და ურჩევნია, ბესლანიდან შორს იყოს: "აქ მე არაფერი მესაქმება," - ამბობს ის.
კრისტინას და, ძერა ბესლანის მსხვერპლთა საფლავებს შორისაა დაკრძალული. ადგილობრივი მოსახლეები ამ სასაფლაოს „ანგელოზთა ქალაქს“ უწოდებენ. ის თითქმის არასდროს არ არის ცარიელი. მრავალი ადმაიანი, რომელმაც ბესლანის ტრაგედია გადაიტანა, მოდის აქ ნუგეშის საპოვნელად. ისინი იცავენ სიმბოლურ რიტუალებს, რომლებიც მათი შვილების ზრდასრულებასთან არის დაკავშირებულნი. წელს მრავალმა მშობელმა მოურთო საფლავი შვილებს, რომელთაც 2014 წელს უნდა დაემთავრებინა სკოლა, მაგრამ ვეღარ მოესწრო ამას. როდესაც კრისტინა ბესლანში ჩადის, ის საფლავზე მიდის დასთან სასაუბროთ. კრისტინას დედა კი დღემდე ვერ შეეგუა ქალიშვილის სიკვდილს. საფლავზე არის წარწერა: „მაპატიე, რომ ჩვენთან არ ხარ, მაპატიე, რომ შენთან არა ვარ - დედა“.
უკანასკნელ დღეებში ადგილობრივმა მოსახლეებმა სკოლა №1-ის დარბაზი დაცალეს გასული წლის განმავლობაში იქ მიტანილი სათამაშოებისგან. ისინი ათავისუფლებენ ადგილს ახალი საჩუქრებისათვის, რომლებიც ეძღვნება ბესლანის ტრაგედიის 10 წლისთავს. ბესლანის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია ტრადიციულად 1 სექტემბერს იწყება პანაშვიდით ძველ სკოლაში და სასაფლაოზე მსვლელობით გრძელდება. სპორტული დარბაზი ექცევა ყვავილებით მორთულ ოქროს სარკოფაგში, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს გვირგვინს. მეორე დღეს ჩრდილოეთ ოსეთის დედაქალაქ ვლადიკავკაზში კონცერტი იმართება. ცაში უშვებენ თეთრ საჰაერო ბუშტებს, რომლებიც თითოეული დაღუპული ადამიანის სიცოცხლეს განასახიერებს.