რუსეთის პოლიტიკა ბერეზოვსკით და ბერეზოვსკის გარეშე

სამშაბათს ბრიტანელმა პათოლოგანატომებმა ბორის ბერეზოვსკის გვამის გაკვეთის შედეგად დაადგინეს, რომ „სიკვდილის მიზეზი შეესაბამება ჩამოხრჩობის ვერსიას“. ყოფილი რუსი ოლიგარქი და პრეზიდენტ პუტინის ერთ-ერთი ყველაზე უკომპრომისო კრიტიკოსი შაბათს ლონდონის მახლობლად, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, იპოვეს მკვდარი. როგორც კი ბერეზოვსკის სიკვდილის ცნობა გავრცელდა, რუსეთის პრესაში ბევრი კომენტარი გამოქვეყნდა ყოფილი ოლიგარქის გავლენის შესახებ რუსეთის პოლიტიკაზე.

ჯერ კიდევ ბოლომდე დაზუსტებით ძნელია იმის თქმა, თუ რა გახდა 67 წლის ბორის ბერეზოვსკის დაღუპვის ნამდვილი მიზეზი. პათოლოგანატომების დასკვნას, რომ „სიკვდილის მიზეზი შეესაბამება ჩამოხრჩობის ვერსიას“, შემდგომი დაზუსტება სჭირდება. როგორც ირკვევა, ძალიან მალე გარდაცვლილის გვამს სპეციალისტები ჩაუტარებენ ტოქსიკოლოგიურ და ჰისტოლოგიურ ექსპერტიზას, რომლის შედეგებიც რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. თუმცა რაც უკვე ცნობილია და ეჭვს არ იწვევს, ეს ბორის ბერეზოვსკის წარსულია. დევნილი რუსი ოლიგარქი გასული საუკუნის 90-იან წლებში ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა იყო რუსეთის პოლიტიკურ ოლიმპზე და მან გადამწყვეტი როლი ითამაშა ვლადიმერ პუტინის ხელისუფლებაში მოყვანაში. და მაშინაც კი, როდესაც პუტინთან დაპირისპირების გამო 2000 წელს რუსეთის დატოვება და ბრიტანეთში გახიზვნა მოუხდა, ბერეზოვსკი მაინც რუსეთის მთავარ თემად რჩებოდა. დამოუკიდებელმა პოლიტიკურმა მიმომხილველმა ანდრეი პიონტკოვსკიმ 24 მარტს პუტინსა და ბერეზოვსკის „ახალი დროის სტალინი და ტროცკი“ უწოდა. ტელეწამყვანმა ვლადიმირ სოლოვიოვმა კი „გაზეტა.რუსთან“ ინტერვიუში ბერეზოვსკისთან თავისი ბოლოდროინდელი საუბარი გაიხსენა: ერთ დროს ძლიერი ოლიგარქი ისე იგონებდა თავისი და პუტინის ურთიერთობის ყველაზე მცირე დეტალებს, როგორც „მიტოვებული ცოლი საუბრობს ხოლმე თავის ყოფილ ქმარზეო“.

უამრავი სპეკულაციის მიუხედავად, თითქოს პუტინი გახარებული უნდა იყოს ბერეზოვსკის სიკვდილით, რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა დამოუკიდებელ რუსულ ტელეკომპანია „დოჟდთან“ საუბარში სულ სხვა მინიშნება გააკეთა:

„ჩემთვის უცნობია პრეზიდენტის რეაქცია. ერთადერთი, შემიძლია გუშინდელი ნათქვამი გაგიმეოროთ: რაც უნდა იყოს და ვინც უნდა იყოს, ადამიანის სიკვდილის შესახებ ცნობა ყოველთვის სამწუხაროა“.

თუმცა ფაქტია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კრემლის მიერ კონტროლირებადი რუსული მედია ბერეზოვსკის წარმოაჩენდა როგორც უკანონობის სიმბოლოს, ხოლო პუტინს, როგორც გმირს, რომელმაც რუსეთი ქაოსისგან იხსნა.

„ბერეზოვსკის პიროვნებას რუსეთში წარმოაჩენდნენ როგორც საშინელ დემონს, რომელიც ყველაფერში იყო დამნაშავე. ბერეზოვსკის პიროვნება დემონიზებული იყო“, - აღნიშნა „გაზეტა.რუსთან“ ინტერვიუში პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორმა იგორ ბუნინმა. წლების განმავლობაში ყველა ბოროტება, რასაც ოფიციოზი ბერეზოვსკის მიაწერდა, ახალ სიმაღლეზე აიყვანეს კრემლის ლიდერთან დაახლოებულმა პირებმა. თუმცა, როგორც ანალიტიკოსები ფიქრობენ, ამ თვალსაზრისით ბერეზოვსკი იმ ტაქტიკის მსხვერპლი აღმოჩნდა, რასაც იგი თავად ქმნიდა 1990-იან წლებში, როდესაც რუსეთის მედიაში დომინირებდა. რუსეთის პრემიერ-მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ბორის ნემცოვმა საკუთარ ბლოგში გაიხსენა, თუ როგორ დაემუქრა 1997 წელს ბერეზოვსკი მას შემდეგ, რაც ნემცოვი შეეცადა ხელი შეეშალა ოლიგარქის სურვილისათვის, გამხდარიყო სახელმწიფო კომპანია „გაზპრომის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. „მე შენ მთელი ჩემი ფინანსური და მედიარესურსებით გაგანადგურებო“, - დამუქრებია ბერეზოვსკი ნემცოვს.

როგორც ზემოთ ითქვა, ბრიტანეთში დევნილობის მიუხედავად, რუსეთის ოფიციოზი ყველა საპროტესტო აქციის უკან - მასობრივი დემონსტრაციებით დაწყებული და პანკკლუბ „პუსი რაიოტის“ პერფორმანსით დამთავრებული - ბერეზოვსკის ხელს ხედავდა. თუმცა დმიტრი პესკოვი გადაჭარბებულად მიიჩნევს რუსეთში მიმდინარე პროცესებზე ბერეზოვსკის გავლენაზე წარმოდგენას:

„ ცხადია, რომ ბერეზოვსკის ჰქონდა მნიშვნელოვანი როლი, რომელსაც არ ვიცი, ცუდად თუ კარგად, მაგრამ 1990-იან წლებში იგი თამაშობდა. იმხანად ის ძალიან, ძალიან გავლენიანი ადამიანი გახლდათ. მაგრამ მე გადაჭარბებულად არ შევაფასებდი ბერეზოვსკის როლს 2000-იან წლებში. ეს როლი, შეიძლება ითქვას, მინიმალური იყო და აქ მას რაიმე სახის გავლენა არც ჰქონია“.

2012 წლის თებერვალში ბერეზოვსკიმ ფეისბუკით გამოაქვეყნა თავისი, ალბათ, ერთ-ერთი უმთავრესი პოსტი, რომელშიც დევნილი ოლიგარქი რუსეთს სამი რამის - სიძუნწის, რუსეთში სიტყვის თავისუფლების განადგურებაში შეტანილი წვლილისა და პუტინის ხელისუფლებაში მოყვანის გამო უხდიდა ბოდიშს. ამ ფონზე სკანდალურად გამოყურება რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის 23 მარტის განცხადება. პესკოვი ამტკიცებს, თითქოს ბერეზოვსკიმ პირადი წერილი გაუგზავნა ვლადიმირ პუტინს და მასთან დაპირისპირების გამო პატიება სთხოვა. თუმცა კრემლს აღნიშნული წერილის შინაარსი არ გამოუქვეყნებია.