რუსმა სამხედროებმა ორსანტიის მკვიდრი გაათავისუფლეს

თენგიზ ყურუას სახლი

რუსი სამხედროების მიერ 5 დღის წინ საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული თენგიზ ყურუა 30 ათასი რუსული რუბლის სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სოფელ ორსანტიის მკვიდრის თენგიზ ყურუას თქმით, 4 დღის განმავლობაში გალის იზოლატორში იმყოფებოდა:

„ჩვენს ტერიტორიაზე დამიჭირეს. ჯერ ნაბაკევში, შემდეგ კი გალში წამიყვანეს. ბრალდება იყო საზღვრის გადაკვეთა. ძალიან კარგად მექცეოდნენ. შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ“.
ახლობლებმა, ნათესავებმა ავაგროვეთ ფული. ამათ არანაირი საშუალება არ აქვთ. ჩვენ რომ ფული არ მოგვეგროვებინა, დარჩებოდა, ალბათ, იქ თვეების და წლების განმავლობაში...
თამილა კიკავა

თენგიზ ყურუას ოჯახს საჭირო თანხა მეზობლებმა და ახლობლებმა შეუგროვეს. ორსანტიის მკვიდრის თამილა კიკავას თქმით, მათ თხილი გაყიდეს ყურუების დასახმარებლად:

„ახლობლებმა, ნათესავებმა ავაგროვეთ ფული. ამათ არანაირი საშუალება არ აქვთ. ჩვენ რომ ფული არ მოგვეგროვებინა, დარჩებოდა, ალბათ, იქ თვეების და წლების განმავლობაში“.

თენგიზ ყურუა რუსმა სამხედროებმა 16 ივნისს სოფელ ორსანტიაში მაშინ დააკავეს, როცა მდინარე ენგურის სანაპიროზე მეზობელ მურმან ალფენიძესთან ერთად ფიჩხს აგროვებდა. ალფენიძემ გაქცევა შეძლო, ყურუა კი მესაზღვრეებმა წაიყვანეს.

ორსანტია ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიას ესაზღვრება, სოფლებს მდინარე ენგური და რუსი სამხედროების მიერ გათხრილი ე.წ. სასაზღვრო ზოლი ყოფს. ადგილობრივების თქმით, ისინი ცდილობენ ე.წ. საზღვარს არ მიუახლოვდნენ, რადგან მას რუსი სამხედროები აკონტროლებენ.