ავტორი: ანტონი ვესოლოვსკი
ევროპის ინსტიტუტების მიმართ უნდობლობის გაღვივება და პრობლემური მოვლენების რუსეთისათვის ხელსაყრელი კუთხით წარმოჩენა - ეს არის რუსეთის პროპაგანდის მთავარი მიზანი ჩეხეთის რესპუბლიკაში. იმ გამოკვლევის თანახმად, რომელიც ჩეხეთის ქალაქ ბრნოს მასარიკის უნივერსიტეტში ჩატარდა, რუსეთი ცენტრალურ ევროპაში ძალიან რთულ და შორს მიმავალი მიზნების მქონე თამაშს აწარმოებს.
მილოშ გრეგორი ჩეხეთის ქალაქ ბრნოში ჩატარებული ზემოხსენებული გამოკვლევის ერთ-ერთი ავტორია, რომელმაც თავის კოლეგებთან ერთად კვირის დასაწყისში გააცნო ანგარიშის შედეგი ჟურნალისტებს. მკვლევარებმა შეისწავლეს ჩეხეთში გამომავალი ოთხი პოპულარული მედიასაშუალებისა და ვებსაიტის პროდუქცია და მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ კრემლის მიერ კონტროლირებადი მედია მიგრანტთა კრიზისს ევროპაში იყენებდა იმისათვის, რომ მკითხველში ევროპული ინსტიტუტების მიმართ უნდობლობა გამოეწვია. ამის საპირისპირო სურათი გამოიკვეთა ისეთი პრობლემების გაშუქების დროს, როგორიცაა ომი სირიაში და კონფლიქტი აღმოსავლეთ უკრაინაში.
„მიგრანტთა კრიზისის თაობაზე წერილები ძალიან ემოციური იყო, ჭარბად იყო გამოყენებული ემოციური ტექნიკა, ჭორების გავრცელება, შიშზე აპელირება და სხვა. ამის საპირისპიროდ, უკრაინისა და სირიის კონფლიქტების შესახებ სტატიებში მოვლენები დამცრობილად იყო წარმოჩენილი, რაც მკითხველს აფიქრებინებდა, რომ პრობლემა არ არის ისეთი მნიშვნელოვანი ან ეს არ არის ისეთი საშინელი მოვლენა, როგორიც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს“.
ჩეხი მკვლევარების დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდა სპუტნიკის ჩეხური ვერსია, ორი აშკარად პრორუსული საიტი - „AC 24“ და „სვეტ კოლემ ნას“ (მსოფლიო ჩვენს გარშემო) - და ასევე გაზეთი „პარლამენტნი ლისტი“ (საპარლამენტო გაზეთი). მილოშ გრეგორის თქმით, გამოკვლევამ ცხადყო, რომ პროპაგანდის პლაკატური საბჭოური სტილი ამჟამად უფრო დახვეწილი მანიპულაციის ტექნოლოგიით არის შეცვლილი:
„პროპაგანდაზე საუბრისას ბევრი წარმოიდგენს პლაკატებს, ნახატებს ან ვიდეოებს, რომლებიც მიზნად ისახავს გარკვეული ემოციის აღძვრას და შეხედულებების შეცვლას. აღმოჩნდა, რომ მანიპულირების მსგავსი ტექნიკა იშვიათად გამოიყენება. პროპაგანდის ის ტექნიკური საშუალებები, რომელთაც ამჯერად აზრის შესაცვლელად იყენებენ. უფრო რთული და დახვეწილი გახდა“.
აღმოჩნდა, რომ რუსული პროპაგანდისტული მედიასაშუალებები ძალიან ხშირად გამოიყენებენ მანიპულაციის ტექნოლოგიას. ეს კარგად ჩანს ცალკეული თემების გაშუქების დროს. ასეთი ტექნოლოგიის მიზანია ხელი შეუწყოს მკითხველში ისეთი განწყობისა და წარმოდგენის შექმნას, მოვლენის ისეთი კუთხით წარმოჩენას, როგორიც რუსეთისათვის არის სასარგებლო:
„ის ფაქტი, რომ ევროკავშირს აკრიტიკებ, არ ნიშნავს, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურები ანდა კრემლის მიერ ხარ დაფინანსებული. ევროკავშირი, ცხადია, დგამს ისეთ პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომლებიც შეგვიძლია გავაკრიტიკოთ და ვერ ვიტყვით, ეს კრიტიკა კრემლის ტაქტიკას ემსახურებაო. ჩვენ იმას ვიკვლევთ, არის თუ არა ევროკავშირის კრიტიკა სამართლიანი, თუ, ვთქვათ, ადგილი აქვს მანიპულაციის მეთოდის გამოყენებას ვინმეს სახელის გასატეხად, „,მტრის“ დემონიზებისა თუ სხვა მსგავსი ჩანაფიქრისათვის“, ამბობს მილოშ გრეგორი.
ამ მოსაზრებას არ ეთანხმება კრემლის მხარდამჭერად მიჩნეული „პარლამენტნი ლისტის“ (საპარლამენტო გაზეთი) რედაქტორი იან ჰოლოუბეკი. იგი დარწმუნებულია, რომ გამოცემას ასეთ იარლიყს ის ადამიანები აკრავენ, რომლებსაც მოსვენებას არ აძლევს „პარლამენტნი ლისტის“ პოპულარობა. „საკუთარი განწყობის შექმნაზე ყველამ თითონ იფიქროს, ჩვენთვის კი უფრო მნიშვნელოვანი ჩვენი 300 ათასი მკითხველია“, - აცხადებს იან ჰოლოუბეკი.
ჩეხეთში მცხოვრები აქტივისტები კი მიიჩნევენ, რომ პრორუსულ პროპაგანდასთან გამკლავების საუკეთესო საშუალება მოსახლეობის - განსაკუთრებით, ახალგაზრდობის - ინფორმირებულობის ამაღლებაა. ცნობილმა არასამთავრობო ორგანიზაციამ „ადამიანი გასაჭირში“, რომელსაც რამდენიმე პროექტი საქართველოშიც აქვს განხორციელებული, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ სკოლებში აუდიოვიზუალური პროგრამების დანერგვა დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, ამ პროგრამების მიმართ განათლების მესვეურები საკმაოდ დიდი ინტერესს იჩენენ.