რუსეთის მოქალაქეების შემოსავლების დაუსრულებელ შემცირებაზე წერს „გაზეტა“, რომლის მიხედვითაც, 2017 წლის იანვარ-ივლისში რუსეთის მოსახლეობის რეალური ფულადი შემოსავლები 1.4%-ით შემცირდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. გამოცემა იშველიებს რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებს, რომელთა შესაბამისად შემოსავლების ვარდნა გრძელდება უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში: 2014 წელს მან შეადგინა 0,7%, 2015 წელს – 3.2%, ხოლო 2016 წელს – 5.9%.
მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლის პირველ ნახევარში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 1.5%-ით გაიზარდა, რეცესიიდან გამოსვლის სიკეთეებს საკუთარ თავზე ვერ გრძნობენ რუსეთის მოქალაქეები, მაღალი გადასახადების, ფასების ზრდის, დაბალი პენსიისა და რუსეთის ეკონომიკისთვის მეტისმეტად მნიშვნელოვანი ნავთობის დაბალი ფასების გამო.
სტატიის მიხედვით, იმისათვის, რომ რეალური შემოსავალი გაიზარდოს, აუცილებელია საქონლისა და მომსახურების ფასები იზრდებოდეს, სულ ცოტა, უფრო დაბალი ტემპით, ვიდრე იზრდება რეალური შემოსავლები.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული რუბლის კურსზე, როგორ მოიქცევა შემოდგომის პირველ დღეებში: თუ დოლარი დაიწყებს გაძვირებას, მაშინ იმპორტულ საქონელზე ფასებიც მოიმატებს, რაც დამატებით ტვირთად დააწვება რუსეთის მოქალაქეების შემოსავალს“ – წერს „გაზეტა“.
„რუსეთი მეორე ადგილს იკავებს მსოფლიოში ავტოსაგზაო შემთხვევების დროს დაღუპულთა რიცხოვნების მიხედვით“ – ვკითხულობთ „იზვესტიაში“ გამოქვეყნებულ სტატიაში, რომლის მიხედვითაც, 2015 წლის მონაცემების თანახმად, რუსეთში ერთ მილიონ ადამიანზე 160.4 დაღუპული მოდის. პირველ ხუთეულში შედიან: საქართველო, სომხეთი, ინდოეთი და ამერიკის შეერთებული შტატები. ამასთან, საქართველო – ერთ მილიონ ადამიანზე 163.6 დაღუპულით პირველ ადგილზეა. უკრაინას ამ რეიტინგში მეათე ადგილი უკავია, ხოლო სამაგალითო ქვეყნების სამეული ასე გამოიყურება: ნორვეგია, მალტა და შვეცია. სტატიიდან ირკვევა, რომ, ყოველ მილიონ მოსახლეზე გათვლით, ავტოკატასტროფებში დაღუპულთა რაოდენობით საქართველო და რუსეთი რვაჯერ აღემატება ნორვეგიას. გამოცემა იმის შესახებაც წერს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევათა შესამცირებლად რუსეთის ხელისუფლება მარტო მოსკოვის ოლქში აპირებს 6 მილიარდი რუბლის, ანუ 100 მილიონი დოლარის დახარჯვას.
„ინტერპოლი აივაზოვსკის ეძებს“ – ამ სათაურით გამოაქვეყნა გაზეთმა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც საუბარია სიმფეროპოლის სამხატვრო მუზეუმის კოლექციის 52 სურათის სახელმწიფო და საერთაშორისო ძებნაზე. სტატიის მიხედვით, უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ ნახატები კანონის დარღვევით იქნა გატანილი უკრაინული ფონდიდან. საუბარია მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნის ტილოებზე, რომელთა შორისაა ივან აივაზოვსკის „მთვარიანი ღამე“, ივან შიშკინის „გზა ტყეში“, ისააკ ლევიტანის „ჭაობი“. ნახატების საერთო ღირებულება 1 მილიონი 312 ათას დოლარს შეადგენს.
სტატიაში, ანექსირებულ ყირიმში მოსკოვის მიერ დანიშნული კულტურის მინისტრი არინა ნოვოსელსკაია აცხადებს, რომ სამი წლის წინ მუზეუმის კუთვნილი კოლექცია გაიგზავნა მარიუპოლში გამართულ გამოფენაზე, მაგრამ მოგვიანებით, „მუზეუმთაშორის გაცვლის“ ფარგლებში, კვლავ დაბრუნებულ იქნა უკან და, რომ ყირიმის მოქმედი ადმინისტრაცია მზადაა პირადად აჩვენოს ნახატები ინტერპოლის თანამშრომლებს.
უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ რუსეთის სამხედროების მიერ ნახევარკუნძულის ანექსიის დროს ყირიმსა და სევასტოპოლში ინახებოდა უკრაინის სამუზეუმო ფონდის მილიონზე მეტი ნივთი, რომლებიც დროთა განმავლობაში რუსეთის მუზეუმებში გაედინება, – წერს გაზეთი „კომერსანტი“.